IDFI: ვენეციის კომისიის დასკვნით, სპეც.მმართველის ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებს არღვევს

IDFI: ვენეციის კომისიის დასკვნით, სპეც.მმართველის ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებს არღვევს

2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების თაობაზე. კერძოდ, ვენეციის კომისიამ შეაფასა ამ კანონის 461 მუხლს რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება. საკუთარი დასკვნით ვენეციის კომისია საქართველოს კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ და ცალკეული მუხლების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნით, კომპანიების აქციონერთა საკუთრების უფლების დე ფაქტო ექსპროპრეაცია შეუძლია.

დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ, რომელიც აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია ასეთი სიმწვავის დასკვნებს იშვიათად აქვეყნებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომისიის შეფასებით, საქართველოში მიღებული კანონმდებლობა ევროპულ კონვენციასთან არის შეუთავსებელი.

დასკვნაში ვენეციის კომისია მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკული შეფასების ამგვარ ხარისხს, ვენეციის კომისიის დასკვნებში იშვიათად შევხვდებით. უარყოფითადაა შეფასებული სპეციალური მმართველის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყველა ასპექტი – დაწყებული მისი დანიშვნის საფუძვლებიდან დასრულებული გასაჩივრების პროცედურით. დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველი უფლებამოსილებები უფრო ლიკვიდატორის კომპეტენციას წააგავს. ამასთან, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ამგვარი უფლებამოსილების თაობაზე ევროპის ფარგლებში.

დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არღვევს საკუთრების უფლებას. ამ კონტექსტში, ვენეცის კომისიამ აღნიშნა რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი თანაზომიერების პრინციპის ფაქტობრივად ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, სპეციალური მმართველი ინსტიტუტი ვერ აღწევს იმ მიზნებს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა, იგი არ იყენებს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალება. ამასთან, სპეციალური მმართველის დანიშვნის წინაპირობები არის ბუნდოვანი ხოლო მისი უფლებამოსილებები ზედმეტად ფართო.

გარდა საკუთრების უფლებისა, ვენეციის კომისიამ ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დარღვევის აშკარა საფრთხე დაინახა. კერძოდ, სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციის იმ კომპანიაში, რომელიც იმავდროულად, სამაუწყებლო საქმიანობას ახორცილებს, სახელმწიფოს აძლევს მედიის თავისუფლებასა და სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირი ან/და ირიბი ჩარევის ეფექტურ შესაძლებლობას და ქმნიდა ე.წ. მსუსხავი ეფექტის გამოწვევის საფრთხეს.

ვენეციის კომისიამ მოსაზრებით, აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის. კერძოდ, დასკვნა უთითებს სასამართლოს პროცესის გაჭიანურების რისკზე და აღნიშნავს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებამ ავტომატურად უნდა შეაჩეროს ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

ვენეციის კომისიის მითითებით, სახელმწიფოს არ გაუკეთებია საკანონმდებლო ცვლილების გავლენის (RIA) შეფასება. კანონპროექტი მიღებულ იქნა დაჩქარებულად და ამგვარი სისწრაფის საჭიროება ვერ დასაბუთდა. კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კანონის მიღების პროცედურის გამჭვირვალედ წარმართვა და მასში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად ყველა იმ უფლების დარღვევის რისკი დაინახა, რომელთანაც სპეციალურ მმართველს შეიძლება ჰქონდეს შეხება. ამდენად, კომისიამ მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არსებული ფორმით არღვევს საკუთრების უფლებას, ქმნის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის საფრთხეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IDFI კანონპროექტის ინიცირების შემდგომ მუდმივად ხაზს უსვამდა, სპეციალური მმართველის დანიშვნის შეუთავსებლობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციასთან. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა ან/და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესისათვის ზიანის მიყენების შეფასება სცდებოდა კომუნიკაციების კომისიისათვის მინიჭებულ მანდატს. მიუხედავად ამისა, GNCC-მ და პარლამენტმა აღნიშნული არ გაითვალისწინეს.აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, IDFI წარმომადგენლობას და საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, გაითვალისწინა შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ვენეციის კომისიის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო აქტორების მიერ ნაჩქარევად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრობლემურობას. ამასთან, დასკვნა ადასტურებს, რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი, საფრთხეს უქმნის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.

– მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დროულად დაიწყოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის გადახედვა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს.

– მოვუწოდებთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უარი თქვას სპეციალური მმართველის ინსტიტუტის გამოყენებაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე,”- ნათქვამია დასკვნაში.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებების მიზეზს “კავკასუს ონლაინთან” არსებული დავა წარმოადგენდა და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. თავის მხრივ, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა გასაჩივრდა როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე კომპანიის მეწილემ NEQSOL ჰოლდინგმა ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID) გაასაჩივრა. რამდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კავკასუს ონლაინში” დანიშნულ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება შეუჩერა. თავად სპეციალური მმართველის დანიშვნის განმსაზღვრელი კანონმდებლობის შეცვლისკენ საქართველოს დღეს ვენეციის კომისია მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.