საერთაშორისო არბიტრაჟმა „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე განჩინება მიიღო

საერთაშორისო არბიტრაჟმა „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე განჩინება მიიღო

მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) საქმეზე „ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ“ შემაკავებელი განჩინება მიიღო. 2022 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას აეკრძალა ავტორიზაცია გაუუქმოს კომპანია „კავკასუს ონლაინის“.

„ეს განჩინება 2022 წლის 19 აპრილის განჩინებას მოჰყვა, რომლითაც არბიტრაჟმა უკუაგდო საქართველოს მთავრობის მოთხოვნა და დე-ფაქტო აღიარა ნასიბ ჰასანოვის მოთხოვნა,“- ნათქვამია გამოცემა Law.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Law.com-ის თანახმად, არბიტრაჟმა მხარეებს აცნობა, რომ სარჩელის განხილვის შემდეგი ფაზა ბიზნესმენისთვის მიყენებული ზიანის მოცულობის დადგენაზე იქნება კონცენტრირებული.

ბიზნესმენმა და Neqsol Holding-ის დამფუძნებელმა ნასიბ ჰასანოვმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2020 წელს, კომუნიკაციების კომისიის მიერ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის გამო შეიტანა. საქმე ისაა, რომ Neqsol-მა „კავკასუს ონლაინის“ მშობელი კომპანია 2019 წელს შეიძინა და მის საფუძველზე ახალი ციფრული დერეფნის განვითარებას გეგმავდა, რომელსაც ევროპა საქართველოს და აზერბაიჯანის, შემდეგ კი კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია ტრანზაქციის ბათილად ცნობას და მის შებრუნებას მოითხოვს.

2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სწორედ ეს კანონი გამოიყენა კომისიამ და 2020 წლის ოქტომბერში „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, შედეგად კომპანიის ინვესტორმა მისი კერძო საკუთრების მართვის უფლება დაკარგა.

„კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა „ნექსოლმა“ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა.

ჯერჯერობით, არბიტრაჟში საქმის განხილვები არ დასრულებულა, თუმცა ინვესტორი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა შეიცვლის პოზიციას და ქვეყნის კომუნიკაციების სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *