საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან

საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მთავრობისთვის მტკივნეული რეფორმების გატარება დაავალა, ხელისუფლების წევრებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა გაძლიერდა. თითქოს ევროკავშირი საქართველოსთან საუკუნეებია, ვალშია და თუ არ ვუნდივართ, ევროპის გარეშეც გავაგრძელებთ ღირსეულ ცხოვრებას და განვითარებას.

საქართველოს ევროკავშირის გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი. საქართველო ყველაზე მეტს ვაჭრობს ევროკავშირთან, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოდის ევროკავშირიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი არის დასაქმებული ევროკავშირში და თავიანთ ოჯახებს იქიდან არჩენენ, ევროკავშირიდან შემოდიან მაღალბიუჯეტიანი ტურისტები და საქართველო ყველაზე მეტ სამთავრობო დახმარებებს იღებს ევროკავშირისგან. ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზრდება. გარდა ამისა, ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების გაზრდილ გარანტიებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში მზარდია, ბოლო 10 წელიწადში 75%-ით გაიზარდა და 2021 წელს 717 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ჯამური ექსპორტის 17%-ია. ევროკავშირში ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა პანდემიამდე, 2019 წელს დაფიქსირდა – 806 მლნ დოლარი, რაც ჯამური ექსპორტის 21% იყო. 2022 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირში ექსპორტი 39%-ით გაიზარდა და ამ ტემპით წლის ბოლომდე ახალ რეკორდულ მაჩვენებელს – 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში

*მლნ აშშ დოლარი | მონაცემთა წყარო: საქსტატი

2021 წელს, საქართველოდან ევროკავშირში გატანილ საქონელში პირველ ადგილზე ლითონის მადნები იყო 315 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის თხილი 83 მლნ დოლარით და ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები 73 მლნ დოლარით. ასევე გავიტანეთ 47 მლნ დოლარის სასუქები, 29 მლნ დოლარის შავი ლითონები, 17 მლნ დოლარის ტანსაცმელი, 16 მლნ დოლარის ავეჯი და 12 მლნ დოლარის ბოსტნეული. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში შედის.

ევროკავშირიდან საქართველოში საქონლის იმპორტმა 2021 წელს 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჯამური იმპორტის 23%-ია. ყველაზე მსხვილი შემომტანი ქვეყნები გერმანია, იტალია და საფრანგეთი არიან. გასულ წელს ევროკავშირიდან ყველაზე მეტი ღირებულების საწვავი შემოვიდა – 313 მლნ დოლარის, შემდეგ მოდის სამკურნალო საშუალებები – 223 მლნ დოლარის, ავტომობილები 198 მლნ დოლარის, ტელეფონები 40 მლნ დოლარის და ა.შ.

ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე მეტი თანხა წლიურად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ეს არის ის თანხა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები საქართველოში გზავნიან. 2021 წელს რეკორდული თანხა – 977 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადმორიცხული თანხის 42%-ია. ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან (386 მლნ დოლარი), საბერძნეთიდან (240 მლნ დოლარი) და გერმანიიდან (113 მლნ დოლარი) გადმოირიცხა.

ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან

*მლნ აშშ დოლარი | მონაცემთა წყარო: ეროვნული ბანკი

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები წლიდან წლამდე იზრდება, გამონაკლისი მხოლოდ 2015 წელი იყო, რაც ძირითადად საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. 2021 წელს 2015 წელთან შედარებით გზავნილები თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, ბოლო 4 წელიწადში კი გაორმაგებულია.

საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ევროკავშირიდან შემოდის. 2004 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 10 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ბოლო 5 წელიწადში წლიურად საშუალოდ 720 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოდიოდა. ინვესტიციები ძირითადად მრეწველობაში, საფინანსო სექტორში, ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩაიდო. 2021 წელს 924 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ევროკავშირიდან.

მზარდია ევროკავშირიდან შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2012-2019 წლებში მათი რიცხვი წლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა და პანდემიამდე, 2019 წელს 470 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 2020 წელს პანდემიის გამო 68 ათასამდე შემცირდა, 2021 წელს 134 ათასამდე გაიზარდა, 2022 წლის იანვარ-მაისში კი უკვე 130 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდან შემოვიდა – 31 ათასამდე. მეორე ადგილზე გერმანია იყო 21 ათასით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისშიც პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ვიზიტორი. შემდეგ მოდის საფრანგეთი, ლიეტუვა და ლატვია.

ევროკავშირიდან შემოსული ტურისტი მაღალბიუჯეტიანი ტურისტია. 2019 წელს, როდესაც რეკორდული რაოდენობა შემოვიდა, მათ ჯამში 500 მლნ დოლარამდე დახარჯეს საქართველოში. საშუალოდ ერთმა ტურისტმა – 1000 დოლარზე მეტი. ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო 2021 წელს 170 მლნ დოლარი დახარჯეს, 2022 წლის იანვარ-მაისში კი 90 მლნ დოლარი.

რომ შევაჯამოთ, 2021 წელს ევროკავშირიდან საქართველომ ექსპორტით, ფულადი გზავნილებით და ტურიზმით 1.9 მლრდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. რომ არა პანდემიის გავლენა, შემოსავალი 2.5 მლნ დოლარამდე იქნებოდა.

ევროკავშირიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

* მლნ აშშ დოლარი, ნაზარდი ჯამი | მონაცემთა წყარო: საქსტატი

ამას ემატება პირდაპირი ინვესტიციების გზით შემოსული 900 მლნ დოლარზე მეტი (2021 წელი). თუმცა ეს მაინც არ არის სრული თანხა. საქართველო მნიშვნელოვან თანხებს ევროკავშირისგან სამთავრობო დახმარების სახით იღებს. ევროკავშირი საქართველოს მთავარი დონორია. გრანტებს და გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს გვაძლევს, როგორც უშუალოდ ევროკავშირი (როგორც ინსტიტუტი), ასევე მისი წევრი ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები (მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, EBRD).

უშუალოდ ევროკავშირმა 2004-2021 წლებში მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს 2 მილიარდ ლარზე მეტის გრანტი მისცა. ეს არის ნაჩუქარი თანხა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა რეფორმის გატარებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა.

მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებულ განცხადებაში ევროკომისიამ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზეც გაამახვილა ყურადღება. ევროკომისიის ინფორმაციით, 2014-2021 წლებში ევროკავშირმა საქართველოს 819 მლნ ევროს გრანტი მისცა. ეს მოიცავს როგორც საბიუჯეტო დახმარებას, ასევე სხვა სახის დახმარებებსაც. გარდა ამისა, 326 მლნ ევროს დახმარება (გრანტი და სესხი ჯამში) გაგვიწია ფინანსური სტაბილურობისთვის. ამასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2014-2021 წლებში ჯამში 4 მილიარდ ევრომდე სესხი გამოუყვეს საქართველოს. მაღალბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ ამ თანხებიდან ხორციელდება.

ევროკავშირიდან მიღებული საბიუჯეტო დახმარება (გრანტი)

* მლნ აშშ დოლარი, ნაზარდი ჯამი | მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ჯამში, 2014-2021 წლებში ევროკავშირმა საქართველოს 5 მილიარდი ევროს გრანტი და სესხი მისცა, წელიწადში საშუალოდ 625 მლნ ევრო.

თუ შევაჯამებთ, ექსპორტს, ფულად გზავნილებს, ტურიზმს, ინვესტიციებს, გრანტებს და სამთავრობო სესხებს, 2021 წელს საქართველომ ჯამში 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო ევროკავშირისგან. აღრიცხული არ არის ცალკე კერძო ბიზნესმა რა თანხები მოიზიდა ევროკავშირის ქვეყნებისგან სესხების, დეპოზიტების და პორტფელის ინვესტიციების სახით. თუმცა, საქართველოს საგარეო ვალის ზრდის ტენდენციებს თუ შევხედავთ (რომელიც კერძო სექტორის ვალებსაც მოიცავს), აქაც მნიშვნელოვან დაფინანსებასთან გვექნება საქმე, სულ მცირე 500 მლნ დოლართან.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქართველომ ეკონომიკური განვითარება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე შეძლოს. რაც მეტად დავშორდებით ევროკავშირს, მით მეტად გაგვიჭირდება ეკონომიკის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა. თუ დავუშვებთ იმ სცენარს, რომ საქართველო შესაძლოა ევროკავშირისგან სანქციებში მოყვეს (სანქციები რუსეთის სანქციებთან შეადრებით მნიშვნელოვნად რბილიც რომ იყოს), ამ შემთხვევაში საქართველოში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყება. რუსეთის ეკონომიკისგან განსხვავებით საქართველოს ეკონომიკა მართლა ჩამოიშლება.

თუმცა, არსებობს ოპტიმისტური სცენარიც. თუ საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შეასრულებს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ევროკავშირიდან საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადები გაიზრდება. პირველ რიგში გრანტები და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას და რეფორმების გატარებას დააჩქარებს. სხვა კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, რომ აქ საუბარია დამატებით მილიარდობით ევროზე. გარდა ამისა, მეტი უსაფრთხოების გარანტიების გამო, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება, რასაც დიდი გავლენა ექნება ინვესტიციების ზრდაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *