საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის

საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის

მაღალმთიან რეგიონებში შექმნილ ახალ საწარმოებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. შესაბამისი ცვლილებების შეტანა “მაღალმთიანი რეგიონების შესახებ” კანონში იგეგმება, რომელზეც სპეციალური კომისია მუშაობს.  

კომისიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კონკრეტული გადაწყვეტილებების გახმაურებისგან თავს იკავებს, რადგანაც კანონი დამუშავების პროცესშია, თუმცა, მისი აზრით, მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი იმაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ბარშია 18 %-ის სახით. ქუცნაშვილის აზრით, შეღავათები ასევე უნდა დაწესდეს მოგების გადასახადზე და მეწარმეები პირველი 5 წლის განმავლობაში უნდა გათავისუფლდენენ ამ გადასახადისგან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი და უმთავრესი მიმართულება, ქუცნაშვილის შეფასებით, სწორედ ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ პარლამენტში მთის შესახებ კანონის ინიცირება სექტემბერში დააანონსა. განცხადება მთავრობის მეთაურმა მცხეთა–მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

commersant.ge-ზე დაყრდნობით

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *