საგანმანათლებლო პროგრესის სათავეში

საგანმანათლებლო პროგრესის სათავეში
ნინა ჩიკვაშვილის მიერ ქალაქ ქუთაისში დაწყებული საგანმანათლებლო ბიზნესი დღეს საქართველოში სამ სკოლას აერთიანებს, 2000 მოსწავლითა და კურსდამთავრებულთა ფართო ქსელით. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის     ისტორია უკვე 20 წელზე მეტია, იქმნება, თუმცა საგანმანათლებლო ჰოლდინგის ხედვა ბევრად ამბიციურია, ვიდრე გასული წლების მიღწევები.

ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესისკენ — მრავალი წელია, ნინა ჩიკვაშვილი ამ ფილოსოფიით ხელმძღვანელობს როგორც პირად კარიერაში, ისე საგანმანათლებლო ბიზნესთან მიმართებით.

პროგრესი ქალაქ ქუთაისში, 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ჯერ იყო ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო სკოლა ქუთაისში, შემდეგ კი თბილისი და ბათუმი — დღეს ნინა ჩიკვაშვილი 2000-ზე მეტი მოსწავლის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას და ამასთან, სამომავლო ამბიციურ გეგმებსაც სახავს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პროგრესის ბრენდის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანასაც გულისხმობს.

საუბარი, ცხადია, სკოლის დაფუძნებასთან დაკავშირებული ისტორიებით იწყება. რესპონდენტი გულწრფელად ჰყვება, რომ საკუთარი სკოლის შექმნა მისი ოცნება ან ადრეული ასაკიდან მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუმცა ამბობს, რომ სკოლაში სწავლისას მუდმივად ჰქონდა იდეები და ხედვები, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სასწავლო გარემო. ნინა ჩიკვაშვილი საბჭოთა სკოლაში სწავლობდა, მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეულს, სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოსაზრებების ხმამაღლა გამოხატვაც გამოარჩევდა. როგორც იხსენებს, მუდმივად ჰქონდა მცდელობა, დაერწმუნებინა გარშემომყოფები, უკეთესი და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შეექმნათ.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ნინა ჩიკვაშვილი მშობლიურ სკოლაში ბრუნდება მასწავლებლად. ინგლისური ენის ახალგაზრდა და გამოუცდელ მასწავლებელს სკოლაში მაღალი კლასები ჩააბარეს. გვიყვება, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა მოსწავლეებისა და სკოლის წინაშე, შესაბამისად, დიდ რესურსს ხარჯავდა გაკვეთილებისთვის მომზადებასა და მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის გადაცემის გზების ძიებაში.

მალევე შენიშნა, რომ მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის რეალიზება არაფორმალურ გარემოში, წრეებსა და კლუბებში უფრო მეტად შეეძლოთ. სწორედ ასეთი, ლაღი და თავისუფალი გარემოს შექმნამ ნინა ჩიკვაშვილის ირგვლივ მალე 70-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. „მოსწავლეებთან მუშაობისას დავინახე, თუ რა შედეგების მოტანა შეეძლო ამგვარ მიდგომებს. სწორედ ეს გახდა ჩემი ინსპირაცია, დამეფუძნებინა სკოლა, რომელიც მოსწავლეებს სწავლისა და აქტიური მოქალაქეობის მოტივაციას გაუჩენდა“, – გვიყვება „პროგრესის“ დამფუძნებელი და კერძო სკოლის პირველ ნაბიჯებს იხსენებს.

ორი ათწლეულის წინ კერძო სკოლის გახსნა ქალაქ ქუთაისში გაბედული ნაბიჯი იყო. ნინა ჩიკვაშვილს მიაჩნია, რომ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ამ ამოცანის შესრულება გაუჭირდებოდა. მისი პირველი ინვესტიცია „პროგრესში“ საბანკო სესხით იყო დაფინანსებული. სესხით, რომელიც მისმა მშობლებმა საკუთარი სახლით უზრუნველყვეს. „წარმოუდგენელ მოტივაციას მაძლევდა ოჯახის წევრების მხარდაჭერა. მათ ბოლომდე სჯეროდათ ჩემი იდეის, ჩემი მოტივაციის და ენდობოდნენ ჩემს მიზანდასახულობას“, — იხსენებს სკოლის დაფუძნებისას მიღებულ მორალურ მხარდაჭერას და ამბობს, რომ სწორედ გარშემომყოფების ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა აიღო უზარმაზარი რისკი და პასუხისმგებლობა. განსაკუთრებულად აღნიშნავს მეუღლის მხარდაჭერასა და ჩართულობას ბიზნესსაქმიანობაში, სკოლის დაფუძნების პირველივე დღეებიდან და ამბობს, რომ სხვაგვარად მისი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა.

საბანკო სესხი „პროგრესისთვის“ პირველი შენობის შეძენასა და რეაბილიტაციას მოხმარდა — ქუთაისის სამხედრო პროკურატურის ყოფილი შენობისგან დარჩენილი კედლებისგან მიმზიდველი და კონკურენტული კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება თავდაპირველად ძალიან რთული ეჩვენათ, თუმცა ნინა ჩიკვაშვილის მიზანსწრაფულობის შედეგად, სკოლამ ახალ შენობაში მოსწავლეების პირველი ნაკადი მიიღო. ასე იწყება „პროგრესის“ ისტორია — 50 მოსწავლით, რამდენიმე საკლასო ოთახითა და სტუმრების გაკვირვებული სახეებით, რომლებიც ნინა ჩიკვაშვილს ხშირად ეკითხებოდნენ, სკოლის ეზოში მყოფი ყველა უნიფორმიანი ბავშვი აქ სწავლობდა თუ, „სხვების“ მოსწავლეებიც იყვნენ.

სასკოლო ქსელის გაფართოება „პროგრესის“ შემთხვევაში მხოლოდ კამპუსების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს. ოცი წლის შემდეგ „პროგრესი“ მხოლოდ სკოლა აღარ არის — სკოლამდელი მომზადების პროგრამა, წინასაბაკალავრო პროგრამები ამერიკული აკრედიტაციით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, მრავალფეროვანი არაფორმალური განათლების სერვისები — ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომელსაც პროგრესის გუნდი მოსწავლეებს სთავაზობს.

„დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამერიკული აკრედიტაციის მისაღებად. გვინდოდა, სკოლაშივე ჰქონოდათ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მომზადებულიყვნენ და კონკურენტუნარიანები გასულიყვნენ ჩვენი კედლებიდან“, — გვიყვება ნინა ჩიკვაშვილი და ყურადღებას არაფორმალური განათლების კომპონენტზე ამახვილებს. „პროგრესის“ სამივე კამპუსში დღეს ათზე მეტი კლუბია. რესპონდენტი გვიყვება, რომ ფინანსების ჭრილში, სასკოლო განათლებასა და არაფორმალურ განათლებაში ინვესტიციები თანაბრად იდება: „ჩვენთან ამ მიმართულებით დიდი გუნდი მუშაობს. კლუბების საქმიანობა სრულად არის სინქრონიზებული სამივე ქალაქში. ვფიქრობ, ახალგაზრდების პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ამას შესამჩნევი პოზიტიური გავლენა აქვს“.

ამ მიდგომის შედეგად, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში. თანამშრომლობის ფორმატი მრავალფეროვანია — მშობელთა ასოციაცია, მოსწავლეთა გაერთიანებები, კურსდამთავრებულთა ქსელი და სხვა. ნინა ჩიკვაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ სკოლის მმართველი გუნდისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური თანამშრომლობის შედეგია პროგრესი, რომელიც განათლების ბაზარზე დღეს კონკურენტულ და ინოვაციურ პროდუქტს ქმნის.

თუმცა პროგრესის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი რომ სკოლის გუნდს მიუძღვის, ამაზე ნინა ჩიკვაშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას ბევრჯერ მიგვანიშნა. ამასთან, პროგრესელებს ის მოკავშირეებს უწოდებს. კომპეტენტური, საქმისა და იდეის ერთგული, გუნდური სულისკვეთების მქონე პროფესიონალები — ასე ახასიათებს „პროგრესის“ დამფუძნებელი თანაგუნდელებს და სიამაყით ამბობს, რომ მისი გუნდის უდიდესი ნაწილი უცვლელად უძღვება „პროგრესის“ საქმიანობას მისი დაფუძნების დღიდან. „თითქმის არასდროს მომყავს გუნდში გარედან ზედა რგოლის მენეჯერები. ჩემი მიზანია, თითოეული პროგრესელი განვითარდეს, დაწინაურდეს და იყოს იმ განვითარების მონაწილე, რომელსაც დემოკრატიულად, ერთმანეთის აზრის პატივისცემით ვქმნით“, – გვიხსნის გუნდის წარმატების ერთ-ერთ მიზეზს და ამატებს, რომ არცერთ პრინციპულ გადაწყვეტილებას პროგრესში ერთპიროვნულად არ იღებს.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, საქართველოში განათლების ეროვნული სტანდარტი არ არსებობდა, მოგვიანებით შეიმუშავეს ზოგადი განათლების ხარისხის სტანდარტებიც. მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური მიმართულებები „პროგრესში“ ბევრად ადრე შევქმენით, განვავითარეთ და დავნერგეთ. ვფიქრობ, დღესაც პროგრესულები და მრავალ ასპექტში მოწინავეებიც ვართ“.

გუნდზე საუბრისას ნინა ჩიკვაშვილი ყურადღებას ამახვილებს თვითგანვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ, პროგრესში მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ახალი უნარ-ჩვევები განივითარონ და ციფრული ეპოქისთვის საჭირო კომპეტენციები შეიძინონ. საგანმანათლებლო ჰოლდინგი დიდ ყურადღებას აქცევს გუნდის წევრებში ეკონომიკის, მეწარმეობისა და ბიზნესის მართვის მიმართულებებით ცნობიერების ამაღლების აქტივობებსაც.

იმავე პრაქტიკით ხელმძღვანელობს თავად „პროგრესის“ დამფუძნებელიც. ნინა ჩიკვაშვილი ჰყვება, რომ ახალი ცოდნის მიღების პროცესი არასდროს სრულდება. ინგლისური ენის, პედაგოგიკისა და მომიჯნავე სფეროების აკადემიური განათლების შემდეგ, ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. გრენობლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლების  ორმაგი ხარისხის პროგრამაზე სწავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა შენიშნა, რომ „პროგრესის“ ოპერაციული მართვის გაუმჯობესებისა და კორპორაციული კულტურის განვითარებისთვის უფრო მყარი და სოლიდური კომპეტენციები სჭირდებოდა. „საგანმანათლებლო ქსელის მართვა, რაც უფრო მეტად ფართოვდება ის, უფრო და უფრო მეტ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩავთვალე, რომ MBA ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად დამეხმარებოდა და არც შევმცდარვარ“, – გვიყვება ნინა ჩიკვაშვილი ბოლო აკადემიურ თავგადასავალს და ამბობს, რომ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პარალელურად, პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს ახალ ცოდნას.

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებულად ჩანს „პროგრესის“ სტაჟირების პროგრამაში, რომელიც დამწყები და ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. „ჩვენთან მოდიან ახალგაზრდა მასწავლებლები, მათი მენტორები კი შესაბამისი საგნის ექსპერტები არიან“, – პროგრამის სპეციფიკას აღწერს ნინა ჩიკვაშვილი და ამბობს, რომ ამ გზით მოსული ახალგაზრდა მასწავლებლები უფრო მოტივირებულნი არიან, უმეტესად სკოლის გუნდში რჩებიან და, ამასთან, განვითარების ახალი პერსპექტივები შემოაქვთ სკოლაში.

მუდმივი სწავლისა და განვითარების იდეას უკავშირებს ნინა ჩიკვაშვილი თანამედროვე სკოლის კონცეფციასაც. მისი მოსაზრებით, პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის სქემა თანაბარმნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის — „ძალიან სწრაფად იცვლება გარემო, პერიოდულად ჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამ ყველაფერთან გამკლავება მხოლოდ თვითგანვითარებითა და შესაბამისი მხარდაჭერით არის შესაძლებელი, „პროგრესში“ ამ მიდგომას ალტერნატივა არა აქვს“.

„ყველაფერი უნდა გააკეთო ახლა და ამწუთას, „პროგრესში“ „მერე“ არ არსებობს. მცირედი მოდუნებაც კი შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგვიჯდეს — იმდენად რთულია ბიზნესის კეთება განათლებაში“.

ნინა ჩიკვაშვილს, როგორც საგანმანათლებლო ლიდერს, პროგრესის გუნდისთვის უფრო მასშტაბური გეგმები და ამოცანებიც აქვს. ქალაქ ქუთაისში დაწყებული ბიზნესის შორსმიმავალი გეგმები საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გულისხმობს. ხედვა ასეთია — ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი“, როგორც ბრენდი, რომლის ფრენჩაიზიც რამდენიმე წელიწადში რეგიონის სხვა ქვეყნებშიც უნდა გამოჩნდეს. საქართველოს რეგიონების განვითარებაში შეტანილი წვლილის შემდეგ, „პროგრესში“ ამბიცია აქვთ, ახალი, ინოვაციური და თანამედროვე ინსტიტუცია მეზობელ ქვეყნებშიც გავიდეს.

თუმცა საერთაშორისო ექსპანსიამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს ნინა ჩიკვაშვილს დედაქალაქში. თბილისში, ლისის ტბასთან, თითქმის 10 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციით, პროგრესის ახალი კამპუსი აშენდება. ნინა ჩიკვაშვილი ბიზნესპარტნიორ „ანაგი განათლებასთან“ ერთად მოსწავლეებს ახალ კამპუსში 2025-2026 სასწავლი წლიდან უმასპინძლებს. გარდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოსი, საგანმანათლებლო ჰოლდინგი აქტიურად მუშაობს, ამავე პერიოდში საგანმანათლებლო ქსელში დანერგოს ემოციური ინტელექტისა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშემწყობი სერვისები.

ახალ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა STEM-ისა და რობოტიკის მიმართულების განვითარებას.  აღნიშნული აქტიურადაა დანერგილი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამ მიმართულებით პროგრესი ასევე გეგმავს მოიპოვოს რეგიონული ფრენჩაიზი და მსოფლიო რობოტიკის ასოციაციის წევრი გახდეს. შედეგად, სკოლა მონაწილეობას მიიღებს და უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს.

სკოლაში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული და სამუშაო სივრცეები მშობლებისთვის, რათა მათ შვილის სასწავლებელთან ახლოს შეძლონ მათთვის საჭირო დამატებითი სერვისების მიღება და ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი დრო.

არანაკლები მნიშვნელობისაა პროგრესისთვის მიმდინარე რეფორმა, რომლის შედეგადაც ქუთაისსა და ბათუმში ყველასთვის ნაცნობ ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პლატფორმა „re: school-თან“ ერთად პროფესიული კოლეჯების სისტემას ავითარებს. „მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლონ მეწარმეობასა და ახალ ტექნოლოგიებს. მე-12 კლასის დასრულების შემდეგ კი ჰქონდეთ როგორც პროფესიული ბაზისი, ისე ხედვა და სწრაფვა უმაღლესი განათლებისკენ“, – გვიყვება ახალ წამოწყებაზე ნინა ჩიკვაშვილი და აზუსტებს, რომ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი სექტემბრიდან იქნება.

ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესისკენ — კიდევ ერთხელ გვახსენებს „პროგრესის“ დამფუძნებელი საკუთარ მოტოს და ამატებს, რომ პროფესიული პროგრამების წარმატებული საქმიანობის შემდეგ საგანმანათლებლო ჰოლდინგი უმაღლესი განათლების ბაზარზეც შევა. „ზოგადად, შემდეგ ნაბიჯებს ყოველთვის პროცესები მკარნახობს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მზად უმაღლესი განათლების სფეროში შესასვლელად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობებისა და რესურსების გაფართოების შედეგად, ამ ბაზარზეც შევძლებთ უნიკალური შეთავაზების მომზადებას და კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლის შექმნას“.

ნინა ჩიკვაშვილი გვეუბნება იმასაც, რომ სასურველი შედეგი არასდროს დადგება, თუკი ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება არ გვექნება. ღიად გვიზიარებს „პროგრესის“ წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევასაც: „ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო ბიზნესს აკლია მიკუთვნებულობის ფაქტორი, საქმიანი მიდგომებიც სრულყოფას საჭიროებს… სტაბილურობისა და განვითარების მიღწევა ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელიც კია“.

თუკი წლების წინ სკოლას ინტუიციურად და საკუთარი იდეალების შესაბამისად მართავდნენ, დღეს ნინა ჩიკვაშვილი მმართველ გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა საგანმანათლებლო ქსელში სისტემური მიდგომა განავითაროს. უახლესი წლების მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით, კორპორაციული მმართველობის, ეთიკის პრინციპებისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარებაა.

პროგრესში დარწმუნებულები არიან, რომ მათ შესაძლებლობებს ლიმიტი არა აქვს. ულიმიტოა შესაძლებლობები მათი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულებისთვისაც. პროგრესელები სწავლობენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მუშაობენ წამყვან პოზიციებზე. თუმცა  ნინა ჩიკვაშვილი განსაკუთრებული სიამაყით გვიზიარებს თითოეული იმ კურსდამთავრებულის ისტორიას, რომელთა შვილებიც დღეს უკვე „პროგრესის“ მოსწავლეები არიან: „უზომოდ მიხარია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები დღეს მშობელთა ასოციაციის წევრები არიან და საკუთარი შვილების მომავალს მათ ალმა მატერს მიანდობენ. ეს ბევრ რამეს ამბობს პროგრესსა და პროგრესელებზე“.

ინტერვიუს დასასრულს ნინა ჩიკვაშვილს ვკითხე, გამოუვიდა თუ არა ის, რაც თავის დროზე ჩაიფიქრა.

ვფიქრობ, პასუხი ამ საუბარშიც მკაფიოდ გამოჩნდა: ნაბიჯ-ნაბიჯ, პროგრესისკენ.