საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) ინიციატივით, წელს საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი 25-ედ გაიმართა.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
წელს კონკურსში მონაწილეობა 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი ელენე ბახუტაშვილია.
ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში პირველ კურსზე სწავლობს. როგორც თავად გვიყვება, მას მრავალმხრივი ინტერესი აქვს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოცადოს. სწორედ ასეთი გამოწვევა გახდა მისთვის საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მიღებაც.
„ჩემი მშობლები ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის გამომეხატა საკუთარი აზრი, მეუბნებოდნენ, რომ სხვებისთვისაც ისევე უნდა მომესმინა, როგორც მე მისმენდნენ და გამეთვალისწინებინა მათი შეხედულებები. თუმცა, როდესაც გავიზარდე და განსხვავებულ სოციალურ სიტუაციებში მოვხვდი, მივხვდი, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მოლოდინები ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება და საკუთარი აზრის სოციალურ ჯგუფში დამკვიდრება გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო საჯარო მეტყველების კონკურსში, რათა ჩემი შეხედულებები, მსოფლმხედველობა და იდეები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა“, – ამბობს ელენე.
აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიცნო, განივითარა საჯარო მეტყველების უნარები და მიიღო როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი მისთვის სამუშაო შეხვედრები გახდა, სადაც მონაწილეები საჯარო მეტყველების ხელოვნების ძირითად პრინციპებს სწავლობდნენ.
„თავდაპირველად, პირველ ტურზე ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, მხოლოდ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით გავედი. მეორე ტურის ფარგლებში კი მონაწილეებს სამუშაო შეხვედრები გვიტარდებოდა – გვიზიარებდნენ უამრავ რჩევას, გვასწავლიდნენ საჯარო მეტყველების ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენი იდეებისა და გამოსვლების გაუმჯობესებაში გვეხმარებოდა“,- გვიყვება ელენე.
როგორც აღნიშნავს, მიღებული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად, მონაწილეები არ მოექცნენ ერთიან ჩარჩოში და თითოეულმა მათგანმა შეინარჩუნა უნიკალური ხასიათი.
„ალბათ, ყველაზე დასაფასებელი ის აზრის გამოხატვის თავისუფლება იყო, რომელიც კონკურსმა მოგვცა. ჩემი ყოველი გამოსვლისას ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტად ავთენტური ვყოფილიყავი და ჟიურისთვის გამეზიარებინა როგორც ჩემი გულწრფელი შეხედულებები, ასევე ემოციები”.
სიტყვით გამოსვლებზე საუბრისას კი იხსენებს, რომ ჟიურის წინაშე გამოსვლამდე დარჩენილი 5 წუთი ყველაზე ემოციური იყო. „ნერვიულობისას, ალბათ, ყველას ერთი ფიქრი უტრიალებს თავში – „როგორ იწელება დრო…“ მე კი სულ ის მეფიქრებოდა – „დრო რა მალე გადის…“ თუმცა, ასეთი საინტერესო და პროფესიონალი ჟიურის წინაშე დგომა სულაც არ წარმოადგენდა ჩემთვის დაბრკოლებას“, – ამბობს ელენე.
აღნიშნავს, რომ ის იყო პირველი მონაწილე რომელიც ჟიურის წინაშე უნდა გამოსულიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ „კონკურსის გახსნის“ ფაქტორს უფრო მეტი დაძაბულობა შემოეტანა, პირიქით, უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა და ეს პროცესი უფრო მეტად სასიამოვნო გახადა.
„ჟიურის წინაშე პირველმა გამოსვლამ უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ სამ საუკეთესო მონაწილეს შორის დამასახელეს და მესამე ადგილზე გავედი, ჩემთვის მაინც წარმოუდგენელი ჩანდა – რადგან ჩემთან ერთად მონაწილეობას 10 ძალიან ძლიერი კონკურსანტი იღებდა. მინდოდა მეტირა, მეყვირა, მეცეკვა და ჟიურის თითოეულ წევს ჩავხუტებოდი. ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამები იყო – მივხვდი, რომ ყველანაირ შრომად და წვალებად ღირდა“, – ამბობს ელენე.
გვიყვება, რომ პროექტში მიღწეულმა შედეგმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა წარმატების კარგად ნაცნობ ფორმულაში – „იშრომე და გჯეროდეს საკუთარი თავის“.
„ჩემთვის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს არის ძალა, რომელიც პოზიტიურ თუ ნეგატიურ ქმედებას განაპირობებს. ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელება სურს, აუცილებლად უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და გამოხატოს საკუთარი აზრი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ უფრო ჯანსაღი საზოგადოება და უკეთესი მომავალი“, – აღნიშნავს ელენე.
როგორც ის ამბობს, კონკურსმა თითოეულ მონაწილეს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
„გამარჯვება ისაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვცადეთ, არ დავნებდით, გამოვედით და ჩვენი სათქმელი ვთქვით. ამიტომ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელისა და სიტყვის ძალის, და აუცილებლად იქნებით გამარჯვებული“, – ამბობს ელენე.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. დღეს პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-მდეა.