უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმებიდან თუკი საქართველომ რომელიმეთი შეიძლება იამაყოს, ეს პირველ რიგში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემაა, რომელიც არათუ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ ბევრი განვითარებული ქვეყნის სისტემაზე უფრო პროგრესულიცაა. შემთხვევითი არაა, რომ 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ყოველწლიურად “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს, საქართველომ 48-ე ადგილი დაიკავა 168 ქვეყანას შორის. საქართველო ინარჩუნებს უმაღლეს მაჩვენებელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის და უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს. ამაში თავისი წვლილი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემამაც შეიტანა.
მიუხედავად ასეთი პროგრესისა, ჯერ კიდევ ბევრი მექანიზმი საჭიროებს დახვეწას და გაუმჯობესებას. მათ შორის ერთ-ერთია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული დავების საბჭო, რომელიც თავისი შინაარსით ცალსახად სასარგებლო ინსტიტუტია. საბჭო 2010 წლიდან მოქმედებს და მიმწოდებელს საჩივრით შეუძლია მიმართოს როგორც მას, ისე სასამართლოს. საბჭო იხილავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებს, რომლებიც უკავშირდება როგორც კონკურსს, ისე გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერსა თუ ელექტრონულ ტენდერს. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით, დავების განხილვის საბჭოს წესით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მისი მიზანი დავების სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტაა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო ხელმძღვანელობას უწევს სააგენტოს თავმჯდომარე.
საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე სისტემაში შესყიდვების პროცედურები ჩერდება. საბჭო იღებს წერილობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა და ის შესასრულებლად სავალდებულოა. საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება.
2012 წელს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ კატეგორიაში “კორუფციის დაძლევა და პრევენცია სახელმწიფო სერვისებში” გაეროს სახელმწიფო სერვისების ჯილდო მიიღო. 2013 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თავის ანგარიშში სწორედ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამჭვირვალობაზე მიუთითა და ასევე გამოყო დავების განხილვის საბჭოში საჩივრის ელექტრონულად წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობის უპირატესობები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოს მიერ დავების გადაწყვეტამ ხელი შეუწყო სამართლიანობისა და კონკურენციის ზრდას სახელმწიფო შესყიდვებში.
თავის მხრივ, სააგენტოს მიერ გაეროს შესაბამის დეპარტამენტში [Public Administration and Development Management Department of Economic and Social Affairs] წარდგენილ ინფორმაციაშიც ანალოგიურად მითითებულია, რომ ელექტრონულმა სისტემამ კორუფცია მნიშვნელოვნად დასძლია. შავ სიაში მყოფი პირების სია ინტეგრირებულია ელექტრონულ სისტემაში. დაცულია მიმწოდებლების უფლებები, იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ მიმართონ საბჭოს, რომლის პროცედურაც გამჭვირვალედ მიმდინარეობს და მასში სამოქალაქო საზოგადოებაა ჩართული.
საბჭოში განსახილველად შესული საქმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც შემდეგი ფაქტორი განაპირობებს: დავის განხილვის შესაძლებლობა მარტივად, სწრაფად და განხილვის საფასურის გარეშე.
ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია ორგვარად შეიძლება. ის შესაძლოა, დავების საბჭოს მიმართ ბიზნესის გაზრდილ ნდობაზე მიუთითებდეს, ან სულაც პრობლემური ტენდერების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი იყოს. ფაქტი ერთია, რომ საბჭოს ეფექტიანობის გაზრდის რესურსი ცალსახად არსებობს და ყურადღებას რამდენიმე ასპექტი იმსახურებს.
საბჭოს დამოუკიდებლობა
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წესის თანახმად ის თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/ და თანამდებობის პირს, რეალურად საბჭო მოქცეულია შესყიდვების სააგენტოს სისტემაში, მისი წევრების ნაწილი, ისევე როგორც აპარატი, დაკომპლექტებულია სააგენტოს თანამშრომლებით. 2013 წელს სახელმწიფო შესყიდვების ერთ- ერთ პლატფორმაზე [9th Public Procurement Knowledge Exchange Platform, 28-31.05, 2013], რომელსაც სხვათა შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი [EBRD] მასპინძლობდა, საბჭოს დამოუკიდებლობა დადებითად არ იქნა შეფასებული, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მისი სტრუქტურის, ისევე როგორც საბჭოს წევრების არჩევის მექანიზმი ვერ იქნება კვალიფიცირებული როგორც შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისა და გადახედვის დამოუკიდებელი ორგანო.
კანონმდებლობის ბუნდოვანება, ორაზროვნება და რეგულირების ნაკლებობა
როგორც საქართველოს კანონი “შესყიდვების შესახებ”, ასევე კანონქვემდებარე აქტები დახვეწას საჭიროებს. მათ შორისაა: წესები შესყიდვების პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელსაც ზღუდავს კანონი, ა.შ.
კანონმდებლობის დახვეწასა და სრულყოფაზე ზოგადად ასევე მიუთითებს EBRD-ის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეგიონული შეფასება. ყველაზე დაბალი შეფასება სწორედ კანონმდებლობის დახვეწასა და სრულყოფას აქვს [15% – უზრუნველყოფის გამჭვირვალე მექანიზმები; 9% – ეფექტიანობის მექანიზმები, 10% – ინსტიტუციური თუ აღსრულების ჩარჩო რეგულაციის არსებობა].
კანონის განმარტების მცდელობები
კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი საბჭოს ადგილს სახელმწიფო სისტემაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. შესაბამისად, საბჭო არ წარმოადგენს კანონის განმარტების ორგანოს. მისი ფუნქცია და დანიშნულებაა, შეფასდეს, არსებული ნორმატიული ბაზის პირობებში დარღვეულია თუ არა შესყიდვების პროცედურა, ხომ არ არის შესყიდვების პირობები დისკრიმინაციული, ან მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება თუ არა შემსყიდველის მოთხოვნებს, შესაბამისად, რამდენად სწორად აქვს მიღებული ამა თუ იმ მიმწოდებელს დისკვალიფიკაცია. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს ხშირად ვხვდებით საბჭოს რთულ, კანონის ნორმის განმარტების შემცველ გადაწყვეტილებებს, რაც ცალსახად სასამართლოს ფუნქციაა. სასურველია, საბჭოს ეს პრაქტიკა მალე აღმოიფხვრას და არ მოხდეს სახელმწიფოს ქვაკუთხედი პრინციპის – ხელისუფლების დანაწილების დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს ბევრი ისეთი ევროპული ქვეყანა იცნობს, როგორიცაა ბელგია, დანია, სპეციალური ფორმით – საფრანგეთი, იტალია, თურქეთი და სხვა. კანონის განმარტების საკითხები, ისევე როგორც ჯარიმისა და ზიანის საკითხები, ექსკლუზიურად სასამართლოს კომპეტენციაა. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სპეციალიზებულ ადმინისტრაციულ საბჭოს იცნობს ევროპის საბჭოს 2007 წლის 11 დეკემბრის დირექტივა 2007/66/EC, რომლის იმპლემენტაციაც ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს. ამის კარგი მაგალითია დანია.
გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვები ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ეფექტიანი დავების საბჭოს არსებობა სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის გაზრდის კარგი წინაპირობაა. ასეთ პირობებში ახალ ან/ და მცირე ზომის კომპანიებს მეტი სტიმული ეძლევათ, საკუთარი ძალები მოსინჯონ სახელმწიფო შესყიდვებში და იბრძოლონ სამართლიანი სისტემისთვის. ბუნებრივია, დავების საბჭო სრულად ვერ შეძლებს სასამართლოს ჩანაცვლებას, მაგრამ მისი გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად განტვირთავს ისედაც გადატვირთულ სასამართლო სისტემას.
დავები
დავების განხილვის შესაძლებლობა – მარტივად, სწრაფად და განხილვის საფასურის გარეშე – მათი რაოდენობის ზრდას განაპირობებს.