სამი ჩანთა საქმიანი ქალისთვის

სამი ჩანთა საქმიანი ქალისთვის

ამასწინათ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, რომელიც პრესატაშედ მუშაობს, თავისი ჩანთების გასაყიდად უქციონი მოაწყო და ეს ყველაფერი ფეისბუკზე მოხდა. პირველად ეს ცნობა არასასიამოვნოდ მომხვდა გულზე, შემდეგ კი, გადავხედე რა ჩემი ჩანთების უძლეველ არმადას, ცალსახად გადავწყვიტე, რომ ეს იდეა აზრს მოკლებული სულაც არ იყო. აი, აწყვია ეს პატარა შედევრები თაროზე, თვალს და გულს კი ახარებს, მაგრამ მათი 90 პროცენტი, ყველაზე ხშირად, ერთი-ორჯერ თუ მიხმარია, რამდენიმე კი, რაც ვიყიდე, მას შემდეგ ასე უხმარად იდებს მტვერს. არადა, ზოგიერთში ერთი პატარა (ზოგ შემთხვევაში უფრო სოლიდური ზომის) მანქანის ფასი მაქვს გადახდილი!

თქვენ რამდენი ჩანთა გაქვთ და მათგან რამდენი არ დევს ხელუხლებლად თაროზე?

ახალი ჩანთის ამორჩევა და ძველიდან მთელი ჩვენი სიმდიდრეების ახალ ჩანთაში გადაწყობა საღამოს ყველას ავიწყდება, დილით კი… დილით, როცა ყავის დალევას ძლივს ასწრებ და ზედმეტი ხუთი წუთი ლოგინში ნებივრობა ყველაფერს გირჩევნია, ვის მოუნდება ამ პროცედურის ჩატარება?

მგონი, დადგა დრო ვაღიაროთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალს მხოლოდ სამი ჩანთა სჭირდება და ამ სამ კატეგორიაში გამარჯვებული იმ ბრენდის პროდუქცია გახდება, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს და სხვისთვის უხილავი გეგმების ორგანიზებასა და შესრულებაში გვეხმარება. ჩანთა – ეს ხომ მატერიალიზებული ფუნქციაა, ამიტომ აუცილებელი მინიმუმის გამოთვლა ძალიან ადვილია. ასე რომ, სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ორი ტიპის ჩანთა გვჭირდება: ერთი დღის სამუშაო ჩანთა და ერთიც საპრეზენტაციო – ლანჩის ან ვახშმის დროს საქმიანი შეხვედრებისთვის.

სამუშაო დღის ჩანთა

ყოველდღიურად ოფისში დიდი ჰორიზონტალური სამუშაო ჩანთით მივდივართ და ამ ჩანთაში – მთელი ჩვენი ცხოვრებაა! უნდა ითქვას, რომ ამ კატეგორიაში Hermes Birkin-ის ჩანთაზე უკეთესი ჯერ არაფერი შექმნილა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ამ ჯგუფის ყველა სხვა ჩანთა (და არ არსებობს მწარმოებელი, რომელსაც საქმიანი ქალისთვის განკუთვნილი დღის ჩანთის საკუთარი ვარიანტის შექმნა არ უცდია) Hermes Birkin-ის კონცეფციასა და პროპორციებს იმეორებს.

ერმესის ჩანთა კლასიკად იქცა და მის შექმნას ლეგენდა უკავშირდება: 1984 წელს ჯეინ ბირკინი პარიზი-ლონდონის რეისზე, თვითმფრინავში, ჟან-ლუი დიუმა-ერმესის გვერდით აღმოჩნდა. ბირკინს დიდი ჩალის ჩანთა ჰქონდა, რომელიც არ იკეტებოდა, სამგზავრო თაროზე არ ეტეოდა და წარამარა ვარდებოდა, რადგან მყარი ძირი არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ჟან-ლუი მსახიობს ჩანთიდან გადმოცვენილი ნივთების მოგროვებაში დაეხმარა, ბუნებრივია, რომ საუბარი ამ თემაზე გაგრძელდა. ბირკინი მოუყვა მას, სამოგზაურო ჩანთის არჩევისას რა სირთულეებს აწყდებოდა და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საოცნებო სამგზავრო ჩანთა. დიდი დრო არ გასულა, რომ მსახიობს სახლში მიართვეს ჩანთა, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა და უკვე რამდენიმე ათეული წელია, მოდური და აქტუალურია. მას სწორედ ამ სახელით იცნობენ – Hermes Birkin.

„ბირკინი” ხელნაკეთი ჩანთაა, რომელსაც სპეციალურად დამუშავებული ხბოს ტყავისგან ამზადებენ. ზოგიერთი ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა ალიგატორის ტყავისგანაა შეკერილი – ერთი ჩანთის დამზადებას ორი ალიგატორი ეწირება. სარჩული უთხელესი თხის ტყავისაა, საკეტები და ელვა-შესაკრავები – ოქროსი ან პალადიუმის. ჩანთა პატარა გასაღებით იკეტება და გამოწერისას იმ ელეგანტური ნარინჯისფერი ყუთით მოგართმევენ, რომელსაც არც ერთი საღ გონებაზე მყოფი ქალი არ გადააგდებს.

ბირკინის ჩანთის ფლობის მსურველთა Waiting List-ი, სულ ცოტა, ორ წელიწადს მოიცავს. სტანდარტული ზომებია 25, 30, 35, 40 სმ, სამოგზაურო ჩანთებისა კი – 50 და 55 სანტიმეტრი. თუკი პირველი Hermes Birkin-ი შავი ფერის იყო, დღეს ერმესი ტყავის დიდ არჩევანსა და ფერების მთელ პალიტრას სთავაზობს ქალბატონებს. თუ ჩემი საყვარელი „მუდმივი” ფერები გაინტერესებთ, აი ისინიც: შავი, საფირმო ნარინჯისფერი, ოქროს რუჯი (Golden Tan), მონაცრისფრო-ჩალისფერი, შოკოლადისფერ­-ყავისფერი, წითელი, Baby Blue, Navy Blue, თეთრი – ასეთი ჩანთის მფლობელებს ფერების შეხამებისას სანერვიულოც არაფერი გექნებათ!

საქმიანი საუზმე, სადილი ან ვახშამი

ალბათ დამეთანხმებით, რომ არცთუ ჭკვიანური იდეაა მნიშვნელოვან ლანჩზე მისვლა დიდი სამუშაო ჩანთით, რომელშიც მინიოფისი ჩაატიეთ თავისი კომპიუტერით, ჩარჯერით, ფლეშით, ამობეჭდილი გვერდებით და ა.შ… თუ ეს ყველაფერი ასე აუცილებელია, მაშინ შეხვედრაზე ასისტენტთან ერთად უნდა გამოცხადდეთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში – iPad-ით შეიარაღებული. დაივიწყეთ საკვოიაჟისხელა ჩანთა! ლანჩი იქნება ეს, სადილი თუ ვახშამი, საქმიანი შეხვედრისთვის ჯობს ჰორიზონტალური, დღის მომცრო ჩანთა ამოარჩიოთ, საშუალო ზომის წიგნზე დიდი რომ არ იქნება, ისეთი. თუ თქვენს ჩანთას სახელურების ნაცვლად ძეწკვი აქვს, მისი მაქსი-კლატჩად გადაქცევაც შეგიძლიათ – ძეწკვს ჩანთაში მოაქცევთ და ასეთი ჩანთით ხელდამშვენებულს თეატრშიც შეგიძლიათ წაბრძანდეთ. იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საქმიანი ქალი თავის „საქმიან ჩანთას” უყენებს, ყველაზე უკეთ Chanel 2.55-ი პასუხობს.

„დავიღალე რედიკიულების ტარებით, თანაც მათ მუდამ ვკარგავ”, – განაცხადა 1954 წელს კოკო შანელმა, 1955 წლის თებერვალში კი საზოგადოებას ძეწკვიანი, სწორკუთხედის ფორმის პატარა ჩანთა წარუდგინა. ამ მოდელს სახელად მისი შექმნის თარიღი შეურჩიეს – 2.55 (1955 წლის თებერვალი).

ჩანთის შინდისფერი სარჩული იმ მონასტრის მკვიდრთა ტანსაცმლის ფერია, რომელშიც კოკო გაიზარდა, ძეწკვიც ბავშვობის მოგონებებითაა ინსპირირებული: ასეთ ძეწკვებზე მონაზვნებს გასაღებების შეკვრა ჰქონდათ ჩამოკიდებული. ჩანთა დალიანდაგებულია, ამ ნიუანსის ასახსნელად კი რამდენიმე განსხვავებული პირველწყარო სახელდება: ჟოკეის ქურთუკი, ობაზინის სააბატოს ვიტრაჟები, ასევე დივნის ბალიშები, რომლებიც კარგად ახსოვთ rue Cambon-ზე განლაგებული კოკო შანელის აპარტამენტების სტუმრებს. ჩანთას თავდაპირველ მოდელს სწორკუთხა, „მადმუაზელის საკეტის” სახელით ცნობილი საკეტი ამშვენებდა.

1980-იან წლებში საზოგადოებამ იხილა ჩანთის ახალი ვერსია, რომელიც Chanel-ის ლოგოს ფორმის საკეტით იკეტებოდა. ეს გახლდათ გადაჯაჭვული, სხვადასხვა მხარეს შებრუნებული ორი ასო С. ეს Clas­sic flap bag-ი პრაქტიკულად იგივე 2.55-ია, ოღონდ, დროის მოთხოვნის შესაბამისად, კარლ ლაგერფელდის მიერ რედაქტირებული.

გარედან, ჩანთის უკანა მხარეს, პატარა ჯიბეა ხურდა ფულისა და ჩეკებისთვის. შიგნით, ელვაშესაკრავიან განყოფილებაში, როგორც ამბობენ, კოკო შანელი სასიყვარულო წერილებს ინახავდა. მე იქ საბუთები და მსხვილი კუპიურები მიდევს – საუბარი იქით მიმყავს, რომ ასეთი ჩანთისთვის საფულე საჭირო აღარ არის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩანთის ნახევარი სხვა საგნებისთვისაა გამოთავისუფლებული.

საღამო

ვახშამზე, თეატრში, ვერნისაჟზე ჩანთა საერთოდ არ გვჭირდება, მაგრამ აბა სად წავიღოთ საგარდერობოს ნომერი, ორი მობილური, პომადა და პატარა სარკე? რასაკვირველია, სცენაზე გამოდის კლატჩი! – პატარა ელეგანტური ჩანთა, საღამოს ჩაცმულობის განუყოფელი ელემენტი, რომლის დასაკავებლად ხელისგულიც საკმარისია (შეგიძლიათ იღლიაშიც ამოიდოთ და ტაშის დასაკრავად ორივე ხელი თავისუფალი გექნებათ)! განსაკუთრებული პოპულარობა კლატჩმა 1920-30-იან წლებში მოიპოვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, კრისტიან დიორის წყალობით, ისევ მოდურ აქსესუარად იქცა.

2001 წელს Bottega Veneta-ს კრეატიულმა დირექტორმა, ტომას მაიერმა გასაშლელი კლატჩის ახალი მოდელი შექმნა, რომლის საკეტიც წარმოადგენდა ტყავის კვანძს, შიგნით ჩამაგრებული ლითონის ღერძით. სწორედ ამ კვანძისებრი საკეტის გამო დაერქვა მას ნოტი (Knot). მას შემდეგ Bottega Veneta-ს ყოველ კოლექციაში ცნობილი „კვანძის” ახალი ვერსიაა წარმოდგენილი – სხვადასხვა ხარისხის ტყავის, ატლასის, კრისტალებით მოქარგული (თუმცა, ასე მგონია, კრისტალები ზედმეტად ამძიმებს კლატჩს) ან ბრენდის კლასიკური დიზაინით – ტყავის ზოლებით დაწნული (რაც, პრაქტიკულად, უცვეთობის გარანტიაა).

Bottega Veneta-ს Knot-ი ყველაზე ძვირად ღირებული ვერსიაა საღამოს ჩანთის – მომრგვალებული კიდეების მქონე სწორკუთხა კოლოფის… მაგრამ მსგავსი მყარი ფორმის მქონე ჩანთებს სხვა ბრენდებიც აწარმოებენ. ბოლოხანს ასეთ, Knot- ის სტილის მყარ კოლოფებზე უარის თქმა მომიწია – მიმაჩნია, რომ ის ჩემოდანს ზედმეტ წონას სძენს და iPhone-ისთვისაც მოუხერხებელი ფორმა აქვს. არჩევანი ტყავის კონვერტებზე შევაჩერე, რომელთაგან საუკეთესოა Corto Moltedo-ს შავი გველის ფაქტურის, ასევე ლაჟვარდოვანი პითონის – Michel Kors- ისგან.