სამშენებლო სამუშაოების 10 უდიდესი სახელმწიფო შესყიდვა 2020-2021 წლებში

სამშენებლო სამუშაოების 10 უდიდესი სახელმწიფო შესყიდვა 2020-2021 წლებში

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში წელიწადში 5 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. აქედან ყველაზე მეტი თანხა – 3 მილიარდ ლარამდე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე მოდის.

ზოგადად, საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიებს შორის მაღალი კონკურენცია არ არის. 2020 წელს ერთ შესყიდვაზე საშუალოდ 2.27 კონკურენტი მოდიოდა, თუმცა ცალკე აღებულ სამშენებლო სამუშაოებში მიმწოდებლებს შორის კონკურენცია 2.9 იყო.

სტატიაში გაგაცნობთ სამშენებლო სამუშაოების 2020-2021 წლების ყველაზე მსხვილ 10 ტენდერს, რომელმა კომპანიებმა მიიღეს ყველაზე მსხვილი კონტრაქტები და რა უნდა აშენდეს ამ კონტრაქტების შესაბამისად.

10. შპს B.P. TRANS
20.8 მლნ ლარი

შპს B.P. TRANS-ს 20.8-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, B.P. TRANS-მა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 15 თვეა.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში B.P. TRANS-ს ერთი კონკურენტი ჰყავდა – შპს კომპანია „ბლექ სი გრუპი“. B.P. TRANS-მა ტენდერი კონკურენტზე უფრო დაბალი ფასის შეთავაზებით მოიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 24.6 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

9. ამხანაგობა „ჯეითუნ საქართველოს ფილიალი“ და „შპს საბა“
21 მლნ ლარი

ამხანაგობა „ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა“ და „შპს საბას“ 21-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის მარტში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, რომლის ხანგრძლივობა 4 წელია, ამხანაგობამ ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა“ და „შპს საბას“ ორი კონკურენტი ჰყავდა და მათ ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ტენდერი 25.5 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

8. შპს Construction Service
28.3 მლნ ლარი

შპს Construction Service-ს 28.3-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის მარტში თბილისის მერიამ გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, Construction Service-მა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 3 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში Construction Service-ს ორი კონკურენტი ჰყავდა და მან ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. თბილისის მერიას ტენდერი 35 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

7. შპს „ინ-სი“
33.7 მლნ ლარი

შპს „ინ-სის“ 33.7-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის ივნისში ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „ინ-სიმ“ თბილისში, რუსთაველის გამზირის N6-ში მდებარე შენობის (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „ინ-სის“ ერთი კონკურენტი ჰყავდა – შპს „ჯავა“, მაგრამ მან ტენდერი „ჯავას“ დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო. თბილისის განვითარების ფონდს ტენდერი 34 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

6. შპს New Road
39.9 მლნ ლარი

შპს New Road-ს 39.9-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის 17-26კმ -მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 3 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში New Road-ს ექვსი კონკურენტი ჰყავდა. New Road-ზე დაბალი საფასო შეთავაზება შპს „მამისონს“ და შპს „ჯეუ გრუპს“ ჰქონდათ, მაგრამ მათ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს და ტენდერი New Road-მა მოიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 49.6 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

5. შპს „დაგი“
43.6 მლნ ლარი

შპს „დაგის“ 43.6-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „დაგიმ“ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას N31-ში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები (I ეტაპი – კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოები) უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „დაგის“ ოთხი კონკურენტი ჰყავდა და მან ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ტენდერი 46.8 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

4. შპს „ჯეუ გრუპი“
44.7 მლნ ლარი

შპს „ჯეუ გრუპს“ 44.7-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის ივლისში განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „ჯეუ გრუპმა“ აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს (ლოტი I). ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „ჯეუ გრუპს“ ოთხი კონკურენტი ჰყავდა. „ჯეუ გრუპზე“ დაბალი საფასო შეთავაზება 2 კომპანიას ჰქონდა, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მათ დისკვალიფიკაცია მიიღეს და ტენდერი „ჯეუ გრუპმა“ მოიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 47.8 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

3. შპს „ჯეუ გრუპი“
46.1 მლნ ლარი

შპს „ჯეუ გრუპს“ 46.1-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის ივლისში განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „ჯეუ გრუპმა“ აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს (ლოტი II-III). ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „ჯეუ გრუპს“ ხუთი კონკურენტი ჰყავდა. „ჯეუ გრუპზე“ დაბალი საფასო შეთავაზება სამ კომპანიას ჰქონდა, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მათ დისკვალიფიკაცია მიიღეს და ტენდერი „ჯეუ გრუპმა“ მოიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 50 მლნ ლარზე ქონდა გამოცხადებული.

2. შპს „არალი“
47.1 მლნ ლარი

შპს „არალს“ 47.1-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის მაისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „არალმა“ აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია (პროექტირება და მშენებლობა) უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 3 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „არალს“ ორი კონკურენტი ჰყავდა და მან ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი 51 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

1. შპს „კომფორტმშენ XXI“
48.7 მლნ ლარი

შპს „კომფორტმშენ XXI“-ს 48.7-მილიონლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „კომფორტმშენ XXI“-მა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.

სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში „კომფორტმშენ XXI“-ს სამი კონკურენტი ჰყავდა და მან ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ტენდერი 65 მლნ ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *