სანქციების აღსრულებისა და რუსი ოლიგარქების აქტივების კონტროლისთვის აშშ სპეციალურ სამსახურს ქმნის

სანქციების აღსრულებისა და რუსი ოლიგარქების აქტივების კონტროლისთვის აშშ სპეციალურ სამსახურს ქმნის

დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების აღსასრულებლად და რუსი ოლიგარქების აქტივების გასაკონტროლებლად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ახალ სპეციალურ სამსახურს ქმნის.

გენერალური პროკურორის, მერიკ გერლანდის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ოფიციალური სახელწოდება „KleptoCapture“ იქნება, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს სამსახურის მთავარ მიზანს – კორუმპირებული კლეპტოკრატიული ელიტის შეზღუდვას.

ახალი სამსახურის შექმნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება – „აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს, რათა მოვძებნოთ რუსი ოლიგარქების ძვირადღირებული სახლები, იახტები და კერძო თვითმფრინავები, და მათი კონფისკაცია მოვახდინოთ.“

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს: სანქციების პირნათლად აღსრულებას, შეზღუდვების თავიდან არიდების მეთოდების შესწავლას და კრიპტოვალუტების საშუალებით საბანკო-საფინანსო აკრძალვების გვერდის ავლის გზების შეზღუდვას. დასახული მიზნების მისაღწევად სამსახური უახლეს ტექნოლოგიებს და რესურსებს გამოიყენებს.

„ჩვენ ერთ ქვასაც კი არ დავტოვებთ გადაუტრიალებლად, რათა გამოვიძიოთ, დავაკავოთ და გავასამართლოთ ის პირები, რომლებიც რუსეთის მთავრობას ამ უსამართლო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, თუ თქვენ დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ამისათვის პასუხს გაგებინებთ“ – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.