„საპარტნიორო ფონდმა“ „გარდაბნის თბოსადგურის“ 49%-იანი წილი GOGC-ის €43 მლნ-ად მიჰყიდა

„საპარტნიორო ფონდმა“ „გარდაბნის თბოსადგურის“ 49%-იანი წილი GOGC-ის €43 მლნ-ად მიჰყიდა

„საპარტნიორო ფონდმა“ „გარდაბნის თბოსადგურის“ 49%-იანი წილი „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 43 მილიონ ევროდ მიჰყიდა, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, აქტივის გადაცემა 2022 წლის დეკემბერში მოხდა.

პარალელურად, გასულ წელს „საპარტნიორო ფონდს“ სრულად გამოეყო „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, წელს კი ფონდში არსებული უკანასკნელი სისტემური კომპანია – „საქართველოს რკინიგზაც“ გავიდა „საპარტნიორო ფონდისგან“.

„გარდაბნის თბოსადგურის“ მშენებლობისთვის „საპარტნიორო ფონდმა“ და GOGC-იმ ჯამში 230 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. სადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატს შეადგენს და ის 2015 წელს გაიხსნა.

„2022 წლის დეკემბერში ფონდმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიჰყიდა „გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092% წილი 43.2 მლნ ევროდ. აღნიშნულ თანხას „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გადაიხდის რამდენიმე ტრანშად და პირველი ტრანშით ფონდი სრულად დაფარავს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული ბანკიდან აღებულ სესხს“, – ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობით ანგარიშში.

საუბარია სესხზე, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ 2021 წელს Credit Europe Bank-ისგან აიღო, 32 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხა Credit Suisse-ის კრედიტის ნარჩენი თანხის რეფინანსირებას მოხმარდა. როგორც „საპარტნიორო ფონდი“ აღნიშნავს, ამჟამად ეს კრედიტი სრულად გასტუმრებულია და ფონდს აღარ აქვს არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი საბანკო დაწესებულებების ვალი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *