გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მწვანე წყალბადის გადამტანი მიწისქვეშა მილსადენის პროექტს, რომელიც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარეობს, გერმანიაც უერთდება. „ევროპის წყალბადის კორიდორი“, როგორც მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უწოდებს, ექსპლუატაციაში ათწლეულის ბოლოს შევა და ევროკავშირს 2030 წლისთვის კონტინენტის მასშტაბით წლიურად 10 მილიონი ტონა სუფთა წყალბადის წარმოების საშუალებას მისცემს.

ამის პარალელურად, ბიოსაწვავის წარმოების ზრდას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ენერგეტიკის დეპარტამენტმა შესაბამისი პროექტებისთვის $118 მილიონი გამოყო. დანიის განახლებადი ენერგიის დეველოპერმა GreenGo Energy-მა კი მწვანე საწვავის წარმოებისთვის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც $8.77 მილიარდს უტოლდება.

აშშის ენერგეტიკის დეპარტამენტი ბიოსაწვავის პროექტებისთვის $118 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა ბიოსაწვავის წარმოების გაფართოებისთვის $100 მილიონზე მეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური მიზნების მიღწევაზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სატრანსპორტო სექტორის მიერ გამოყოფილი სათბურის აირების მინიმუმამდე შემცირებაა.

ენერგეტიკის დეპარტამენტი, ბიოსაწვავის წარმოების დასაჩქარებლად შექმნილი ჩვიდმეტი პროექტის დასაფინანსებლად, $118 მილიონს გამოყოფს. ცნობისთვის, ბიოსაწვავის დამზადება ბიომასისგან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან, სოიას ზეთისა და ცხოველური ცხიმებისგან არის შესაძლებელი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ბიოენერგეტიკისა და ბიოქარხნების კვლევისა და განვითარებისთვის $500 მილიონზე მეტი გამოყო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ნახშირბადის გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება, მისი მმართველობის ვადის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტად აქცია. ბაიდენის მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წმინდა ნულოვან ემისიას 2050 წლისთვის უნდა მიაღწიოს.

ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხა, წინასწარი, საპილოტე და საჩვენებელი პროექტების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტებისა და კერძო კომპანიებისთვის $500,000-დან $80 მილიონამდე დაფინანსების გადაცემას ითვალისწინებს. დეპარტამენტის პროგნოზით, პროექტების საშუალებით, ყოველწლიურად მილიონობით გალონი დაბალი ნახშირბადის გამომყოფი საწვავის წარმოება იქნება შესაძლებელი.

„ენერგეტიკის დეპარტამენტის ინვესტიციები ხელს შეუწყობს ბიოენერგეტიკული მიწოდების შიდა ჯაჭვის შექმნას, რაც გაზრდის ამერიკის ენერგოდამოუკიდებლობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სატრანსპორტო საჭიროებისთვის სუფთა საწვავის მიღებასაც დააჩქარებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრენჰოლმმა. დეპარტამენტის დაზუსტებით, პროექტები ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით ცხრა შტატში შექმნის.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ბიოსაწვავის მოცულობა 16.8 მილიარდ გალონს (63 მილიარდი ლიტრი) გაუტოლდა. თუმცა იმავე წელს ძრავების მიერ ბენზინის მოხმარება 134.83 მილიარდ გალონს (510 მილიარდი ლიტრი) შეადგენდა.

გერმანია მწვანე წყალბადის ევროპულ მილსადენზე პარტნიორობას უერთდება

მწვანე წყალბადის მილსადენი, რომელიც საფრანგეთს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან მოამარაგებს, გერმანიამდე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული გეგმა პარიზისა და ბერლინის მიერ წარმოდგენილი ახალი „ერთობლივი საგზაო რუკის“ ნაწილია, რომელიც „სამომავლო, განსაკუთრებით განახლებადი და დაბალი ნახშირბადის გამომყოფი პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიებში, ინვესტიციების გაძლიერებას“ ითვალისწინებს.

H2Med-ის სახელით ცნობილი წყალქვეშა მილსადენი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030 წელს შევა. მილსადენის საშუალებით, იბერიის ნახევარკუნძულიდან საფრანგეთამდე, განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოებული წყალბადის ტრანსპორტირება განხორციელდება. არსებული გეგმით, მილსადენი წელიწადში 2 მილიონ ტონაზე მეტ მწვანე წყალბადს გადაიტანს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 10%-ს შეადგენს.

ესპანეთის ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრ ტერეზა რიბერას შეფასებით, გერმანიის პროექტში გაწევრიანება „შესანიშნავი სიახლეა“. შეგახსენებთ, რომ წყალბადის პროექტებისთვის ევროკავშირის €5.2-მილიარდიანი საჯარო დაფინანსება ევროკომისიამ 2022 წლის სექტემბერში დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბადი მომავლის სუფთა საწვავად მიიჩნევა და ქვეყნებიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების სრულად შემცირება საკმაოდ რთული პროცესი იქნება. წყალბადზე გადასვლა ბუნებრივი აირის ეკოსისტემის სრულ შეცვლას მოითხოვს, განაწილების, შენახვის, მილსადენების, საწყობი ობიექტებისა და პორტების ჩათვლით.

გასულ თვეში H2Med-ის მილსადენის შესახებ განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მწვანე წყალბადის გადამტანი მიწისქვეშა მილსადენი დაახლოებით $2.6 მილიარდი დაჯდება.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კორიდორი „ევროპის წყალბადის ხერხემლის“ ნაწილს წარმოადგენს და იბერიას „მთავარ ენერგეტიკულ ჰაბად“ აქცევს. მილსადენი ევროკავშირს 2030 წლისთვის კონტინენტის მასშტაბით წლიურად 10 მილიონი ტონა სუფთა წყალბადის წარმოების საშუალებას აძლევს, დამატებით 10 მილიონი ტონის გატანას კი ბლოკი ათწლეულის ბოლოს ექსპორტზეც შეძლებს.

დანიური GreenGo მწვანე საწვავის წარმოებისთვის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

დანიის განახლებადი ენერგიის დეველოპერმა GreenGo Energy-მა მწვანე საწვავის წარმოებისთვის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც $8.77 მილიარდს უტოლდება.

კომპანია დასავლეთ დანიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, 4 გიგავატის სიმძლავრის მზისა და ქარის ენერგიის მიღებას გეგმავს, რომელიც მწვანე საწვავის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული. პროექტი Megaton-ი, რომელიც შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე ამოქმედდეს, დანიას ემისიების შემცირებაში დაეხმარება. Megaton-მა ერთი მილიონი ტონა მწვანე საწვავის წარმოება უნდა შეძლოს, როგორიცაა მაგალითად წყალბადი, რომელიც განახლებადი ენერგიის ელექტროლიზით მიიღება.

მწვანე საწვავი, 2050 წლის გლობალური კლიმატური მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევა, ახალი პროექტი კი, GreenGo-ს განცხადებით, როგორც მსოფლიოს, ასევე დანიას დაეხმარება დასახული კლიმატური გეგმების განხორციელებაში. ცნობისთვის, დანიის მიზანი 2030 წლისთვის, CO2 ემისიების 70 %-ით შემცირებაა.

კომპანია 4 გიგავატი განახლებადი ენერგიის სიმძლავრის მიღებას მუნიციპალიტეტში არსებული მზისა და ქარის ელექტროსადგურებიდან გეგმავს, დამატებით 2 გიგავატი სიმძლავრის ოფშორული ქარის ენერგიის მისაღებად კი ახალ პროექტზე მუშაობს. ერთობლივად, ობიექტები ყოველწლიურად 11.5 ტერავატსაათი მწვანე ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, რაც დანიაში ენერგიის ამჟამინდელი მოხმარების 30%-ზე მეტს უტოლდება.

ბრაზილია მიმდინარე წელს მწვანე ობლიგაციების გაყიდვას დაიწყებს

ბრაზილიის სახაზინო მდივნის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანა თავისი პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. როგორც ჩანს, ბრაზილიის ახალი მემარცხენე მთავრობა ქვეყნის გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გამოყენებას ინვესტიციების მოსაზიდად იწყებს.

როჟერიო სერონის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, მწვანე ობლიგაციების გაყიდვის დაწყების ზუსტი დრო და პირობები, 2023 წლის ბოლოსთვის დაზუსტდება. „შემიძლია დავადასტურო, რომ სახაზინო 2023 წელს ობლიგაციების განთავსებისთვის ემზადება“, – აღნიშნა სერონმა და დასძინა, რომ ობლიგაციები დაკავშირებული იქნება მწვანე პროექტებთან, მათ შორის მდგრად სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციასთან.

ბრაზილიის ეროვნულ ხაზინაში სახელმწიფო ვალის ოპერაციების ხელმძღვანელ ლუის ფელიპე ვიტალის განცხადებით, ბრაზილია მოუთმენლად ელის გარემოსთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვებას. „სამწუხაროდ, მწვანე ობლიგაციების გამოსაშვებად ბრაზილიას სხვა სახელმწიფოებზე მეტი დრო დასჭირდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა მომავალში ბევრ საინტერესო რამეს შექმნის“, – აღნიშნა ფელიპე ვიტალიმ.

2021 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის პერიოდში, მთავრობამ ESG (Environmental, Social, Governance) სუვერენული ობლიგაციების გამოშვებაზე მუშაობის დაწყება დააანონსა, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. მთავრობების უმეტესობა მსგავსი ტიპის ვალდებულებას მწვანე ობლიგაციის ფორმატში ყიდის, სადაც ფინანსები გარემოსდაცვითი პროექტებისთვისაა გამოყენებული.

მიუხედავად გეგმისა, პროექტი არ განხორციელებულა, რაც გარკვეულწილად ბოლსონარუს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ გლობალურმა კრიტიკამაც განაპირობა. შეგახსენებთ, ოქტომბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენეთა ლიდერმა ლუის ინასიო და სილვამ გაიმარჯვა, რომელმაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა, მათ შორის ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებს შორის დაასახელა.

ბრიტანულმა სტარტაპმა ZeroAvia- წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი გამოცადა

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სტარტაპის, ZeroAvia-ს წყალბადზე მომუშავე 19-ადგილიანი თვითმფრინავის სატესტო ფრენამ წარმატებით ჩაიარა. ZeroAvia-ს თვითმფრინავის გამოცდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში წმინდა ნულოვანი ემისიის თვითმფრინავების განვითარებას ისახავს მიზნად.

ZeroAvia-ს განცხადებით, თვითმფრინავმა Dornier 228-მა, რომლის ერთ-ერთი ძრავა წყალბადის ელექტროძრავითაა შეცვლილი, 19 იანვარს Cotswold-ის აეროპორტიდან 10-წუთიანი სატესტო ფრენა განახორციელა. მართალია, ამ შემთხვევაში, საცდელი ფრენისას ავზები და საწვავი გენერატორები კაბინაში იყო მოთავსებული, იმავე რეისზე მგზავრების განთავსებისთვის შესაძლებელი იქნება გარეგანი სათავსო ავზების გამოყენებაც.

სტარტაპის ინფორმაციით, სატესტო ფრენისას ყველა სისტემამ ზუსტად ისე იმუშავა, როგორც დაგეგმილი იყო. სატესტო ფრენისას თვითმფრინავი ასრულებდა კონფიგურაციას, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, 2025 წლისთვის კომერციული მარშრუტების შესრულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო სერტიფიკატის მიღებისთვის იქნება წარდგენილი. სერტიფიცირების გავლას კომპანია მიმდინარე წელს შეეცდება.

საავიაციო სისტემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას, მის ჩასანაცვლებლად კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალტერნატივა წყალბადის საწვავია. ZeroAvia განაგრძობს ტესტირებებს და Do228 თვითმფრინავის გამოყენებით საცდელ ფრენებს Cotswold-თან ერთად სხვა აეროპორტებიდანაც განახორციელებს.

ადამიანის საქმიანობამ ამაზონის ტროპიკული ტყეების მესამედზე მეტის დეგრადაცია გამოიწვია

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა საქმიანობით დეგრადირებულმა ტერიტორიამ ბრაზილიის ტროპიკული ტყეების მესამედზე მეტი მოიცვა. მეცნიერთა მტკიცებით, ამაზონის ტყის ჩეხის პროცესი პროგნოზირებადზე უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

2001-2008 წლების მონაცემების, მათ შორის სატელიტური სურათების შესწავლით დადგინდა, რომ რეგიონის 38% ადამიანის რაიმე სახის საქმიანობით გამოწვეული შედეგებით დაზარალდა. მკვლევრების განმარტებით, დეგრადაცია ტყის გაჩეხის შედეგებისგან განსხვავებულია და ტყეზე გრძელვადიან ცვლილებებში გამოიხატება. ეს აზიანებს ეკოსისტემას და გამოყოფილი ნახშირბადის შთანთქმას აფერხებს.

მკვლევართა განცხადებით, ტყის დეგრადაციას ოთხი ძირითადი ფაქტორი, მათ შორის ტყის ხანძრები, უკანონო ჭრა, ექსტრემალური გვალვა და გაჩეხილი ტერიტორიების მიმდებარედ ტყის ცვლილებები განაპირობებს. ტყის დეგრადაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მკვლევრები მონიტორინგის სისტემის დანერგვის საჭიროებას უსვამენ ხაზს, რაც რეგიონში ხეების უკანონო ჭრასა და ხანძრებს გააკონტროლებს.

„ადამიანთა ნაწილი დეგრადაციის პროცესისგან სარგებელს იღებს“, – განაცხადეს მკვლევრებმა და დასძინეს, რომ ტროპიკული ტყის დეგრადაციის შესაძლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გამოსავლენად, დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

2019 წლის მონაცემებით, ამაზონის ტროპიკული ტყის დაახლოებით 867,000 კვადრატული კილომეტრი გაიწმინდა ხეებისგან, რაც რეგიონის დაახლოებით 14%-ს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *