საპენსიო სესხები

საპენსიო სესხები

რომ ვი­ცო­დეთ, საბანკო სესხის პროცენტული განაკვეთი სხვა არაფერია, თუ არა მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნების რისკების შეფასების შედეგად მიღებული კონკრეტული რიცხვი (ან ციფრი, I wish…). ბანკის მიერ მოგების მარჟის განსაზღვრაც, ფაქტობრივად, სრულად ამ რისკების შეფასებაზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი რისკი მსესხებლის ასაკია. რაც მეტად მოხუცები ვართ, მით მეტი შანსია გარდაცვალების. ამ რისკს ბანკთან სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ და მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ისინი არიან ვალდებულნი, ბანკს სესხის დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურონ. ანუ ბანკი სესხის გაცემისას სიცოცხლის რისკის ასახვას საპროცენტო განაკვეთში აღარ ახდენს და მსესხებლისთვის ეს შედარებით იაფ განაკვეთს ნიშნავს.

ვნახოთ, რა ხდება ქართულ რეალობაში პენსიონერების შემთხვევაში. 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის რისკის დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები არ ახორციელებენ. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, არა, უბრალოდ, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მსგავსი სადაზღვევო პაკეტი იმდენად ძვირი ღირს (რისკი დიდია გარდაცვალების, აქაც ისევე როგორც საბანკო სესხის პროცენტის განსაზღვრისას, სადაზღვევო პრემიუმის ოდენობის დადგენისას დაზღვეულის სიცოცხლის რისკია ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი და ამიტომ), რომ ფინანსურად ყველანაირ აზრს მოკლებულია თავად მსესხებლისთვის. შესაბამისად, სესხის გამცემი ბანკი უბრალოდ იძულებულია, რომ დაუზღვეველი რისკი მის საპროცენტო განაკვეთში ასახოს, რაც საპროცენტო განაკვეთს ზრდის და, შესაბამისად, პენსიონერებისთვის არაუზრუნველყოფილი და დაუზღვეველი სესხი 30.6%-ია. ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ასეთი განაკვეთის და არა ის, რასაც პოპულისტი პოლიტიკოსები გვაჯერებენ, რომ ბანკები არაადამიანები არიან და ამიტომ არა აქვთ „ადამიანური პროცენტი“ სესხებზე…

ახლა შევეცდები, გაჩვენოთ, რაში ხედავენ პრობლემას ის პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის თემას საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით მანიპულაციურად იყენებენ. „კონკურენციის არარსებობა” – როგორც ვიცით, საპენსიო გასაცემლების პენსიონერებისთვის მიწოდებას მხოლოდ ერთი, „ლიბერთი ბანკი“ ახდენს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. პოლიტიკოსები როგორღაც ახერხებენ, რომ ეს ფაქტი განავრცონ სესხებთან მიმართებითაც და ისე წარმოაჩინონ, თითქოს მხოლოდ ეს ერთი ბანკი ახდენს საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის სესხების გაცემას და თუ სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან, წარმოიქმნება კონკურენცია, დამთავრდება „ლიბერთი ბანკის“ მონოპოლია და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს. ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ ტყუილთან გვაქვს. როგორც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, მათი ბანკის საპენსიო ასაკობრივი ჯგუფის მსესხებლების სხვა კომერციული ბანკების მიმართ ვალდებულებები 1.5 მილიარდ ლარზე მეტია, მაშინ როდესაც „ლიბერთი ბანკის“ იმავე სეგმენტის საკრედიტო პორტფელი 420 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის გაცემული სესხების დაახლოებით 22%-ს. როგორც ვხედავთ, ამ სექტორში კონკრეტულ სასესხო პროდუქტზე მონოპოლია უბრალოდ არ არსებობს.

არავისთვის სადავო არაა, რომ მონოპოლიის არარსებობა კონკრეტულ სექტორში კონკრეტულ პროდუქტზე კონკურენტულ გარემოს ნიშნავს და აქ უკვე საინტერესოა, კონკურენციის პირობებში როგორია პენსიონერებისთვის გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი სხვა მსგავსი მახასიათებლების მქონე სესხებთან შედარებით. როგორც ხსენებულ საკომიტეტო მოსმენაზე გაირკვა, სხვა კომერციულ ბანკებში 1,000-დან 2,000 ლარამდე (ძირითადად ამ ფარგლებში იღებენ სესხს პენსიო­ნერები) არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. როგორც ვხედავთ, განაკვეთი საბაზროა და არც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე კონკრეტული ბანკის მხრიდან საპენსიო ასაკის მოქალაქეების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასთან.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სასესხო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა სხვა არაფერია, თუ არა მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნების რისკების შეფასების შედეგად მიღებული კონკრეტული რიცხვი, რაც თავისთავად პირდაპირ ბმაშია ქვეყნის და მისი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსური მდგომარეობასთან და არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო ეკონომიკურად და შესაბამისად მდიდარი მოქალაქეები, რაც უფრო მეტად სტაბილურია პოლიტიკური თუ ეკონომიკურ/ ფინანსური გარემო, მით მეტად ნაკლებია სესხის საპროცენტო განაკვეთი. თუმცა, ვიდრე საკმარისად გავმდიდრებულვართ, საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის თუნდაც რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირება დიდი შვება იქნებოდა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ძირითად პრობლემად, რომელიც ზედაპირზე დევს, საპენსიო ასაკის მსესხებლების სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის არარსებობა მიმაჩნია. არ ვიცი, რამდენად ესადაგება ეს იდეა ჩემს მემარჯვენე შეხედულებებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ამ კომპონენტის მოგვარებას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს, კიდევ შესაძლებელია რამდენიმე პროცენტული პუნქტით განაკვეთის ბუნებრივად შემცირება. რეალურად ეს ხომ პენსია არაა, ის სოციალური დახმარებაა და სახელმწიფოს, როგორც საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრის, პასუხისმგებლობაა მათი უზრუნველყოფა. რატომ იქნება ცუდი, ან არამემარჯვენე იდეა, თუ ვიტყვი, რომ სახელმწიფო პენსიის მიმღები მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევა სახელმწიფომ მოახდინოს? რეალურად ხომ ეს მილევადი სეგმენტია და გრძელვადიან პერიოდში დაგროვებითი პენსიის ბენეფიციარებით ჩანაცვლდება. ფაქტობრივად დროებითი ღონისძიებაა და მინიმუმ დათვლად ღირს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *