საქართველოს საპენსიო სააგენტომ ტრადიციულად თვის საინვესტიციო ანგარიში და გასული თვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 4.027 მილიარდი ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ თვეში ანალოგიური მონაცემები 3.93 მილიარდ ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ოქტომბრის პერიოდში მაჩვენებელი გასული თვის 693 მილიონი ლარიდან, 708 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის ოქტომბრის დასასრულს, საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობა თვიურ ჭრილში ზუსტად 9,000-ით გაიზარდა და 1 მილიონ 457 ათას ადამიანს მიაღწია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათთვის გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.
2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, კონსერვატიული (ნაკლებადრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ზომა 472 მილიონი ლარია. დღემდე წმინდა ამონაგებმა 52.76% შეადგინა, გაწლიურებულმა წმინდა ამონაგებმა კი – 9.16%. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 169,017 პირს აღწევს.
საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით, ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება შემდეგნაირია: სადეპოზიტო სერტიფიკატები / ვადიანი ანაბრები – 66.5%, საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 12.7%, გლობალური აქციები – 11.7%, მიმდინარე ანგარიშები – 8%, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.6% და ევროობლიგაციები – 0.4%. ვალუტის მიხედვით უდიდესი წილი – 87.5% ლარზე მოდის, 12.5% კი – უცხოურ ვალუტაზე.
სექტორული გადანაწილების მხრივ, 77% ფინანსურ სექტორზე მოდის, აქედან 75% – ფიქსირებული შემოსავლების მქონე ინსტრუმენტებზე, 2% – აქციებზე. სახელმწიფო სექტორის 13.2% კი სრულად ფიქსირებული შემოსავლების მქონე ინსტრუმენტებზე ნაწილდება.
ვადიანობის გათვალისწინებით, ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 32.7% 3-5 წლამდე პერიოდზე მოდის, 32.3% – 0-1 წლამდე, 21.3% – 1-2 წლამდე, ხოლო ყველაზე ნაკლები 0.4% 10-დან 20 წლამდე პორტფელზე მოდის. საკრედიტო რეიტინგით, ყველაზე მეტი 81.8% – BB-რეიტინგზე ნაწილდება.
რაც შეეხება დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელს – ფონდის ზომა ამ შემთხვევაში 2,941 მილიონი ლარია, წმინდა ამონაგები დღემდე 1.22%-ს შეადგენს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 914,647 პირს უტოლდება.
მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი სადეპოზიტო სერტიფიკატები / ვადიან ანაბრებზე მოდის – 52.4%, გლობალური აქციები – 19.8%, საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 18.2%, მიმდინარე ანგარიშები – 8.2%, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.8% და ევროობლიგაციები – 0.6%. ვალუტის მიხედვით გადანაწილება კი შემდეგნაირია: წილი – ლარი – 79.2%, უცხოური ვალუტა – 20.8%.
სექტორული გადანაწილებით, ფინანსურ ნაწილზე დაახლოებით 65% მოდის, აქედან აქციებზე – მხოლოდ 3.4%. ხოლო სახელმწიფო სექტორზე სრულად ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებით – 18.8% ნაწილდება. ვადიანობის მიხედვით – 1-დან 2 წლამდე 33.9% მოდის, 0-დან 1 წლამდე 30.3%, ყველაზე მცირე კი ამ შემთხვევაშიც 10-დან 20 წლამდეა – 0.7%. საკრედიტო რეიტინგით ლიდერი აქაც BB-ია – 90.0%-ით.
აღსანიშნავია, რომ ორივე ტიპის საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში, უმსხვილესი აქტივებით გლობალურ აქციათა ფონდებში უდიდესი წილი SPDR S&P 500 ETF Trust (SPY)-ს უკავია – ნაკლებადრისკიანში აქციათა პორტფელის 47.6%-ით, ხოლო მაღალრისკიანში – 40.5%-ით. შემდეგ მოდის Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) შესაბამისად, 17.9%-ითა და 19%-ით.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.