საფინანსო სფეროს ბოლო ზღვარი

საფინანსო სფეროს ბოლო ზღვარი

როგორ გარდაქმნის ადამიანთა ცხოვრებას პლანეტის იმ 1.7 მილიარდი მობინადრის უზრუნველყოფა საკრედიტო და დანაზოგების ფუნდამენტური საშუალებებით, რომელთაც საბანკო სერვისებზე წვდომა არა აქვთ; როგორ გაამდიდრებს ეს რბოლა სამყაროს და როგორ ჩაუყრის ის საძირკველს ჩვენი საუკუნის ახალ ავლადიდებას.

ორი წლის წინ ემილენ დინგლი ქმარსა და შვიდი წლის ქალიშვილთან ერთად პაიატასში ცხოვრობდა – მანილის ღატაკ უბანში, სადაც ფილიპინების ყველაზე დიდი ღია ნაგავსაყრელი მდებარეობს. მისი ქმარი სამთავრობო შენობის დაცვაში მუშაობდა და კვირაში 4,000 პესოს – $80-ის ეკვივალენტს – გამოიმუშავებდა. ემილენს სულ უნდოდა ბიზნესის წამოწყება, მაგრამ უმუშევარი იყო, არავითარი დანაზოგი და საკრედიტო ისტორია არ ჰქონდა და ბანკიდან არც საკრედიტო ბარათის აღება შეეძლო და არც სესხის.

დინგლის ქონებას დრამატული ცვლილებები მას მერე შეეხო, რაც ის Facebook-ზე Tala-ს რეკლამას გამოეხმაურა – სანტა-მონიკაში დაფუძნებული სტარტაპისა, რომელიც მცირე სესხებს ჭკვიანი ტელეფონის აპლიკაციით გასცემს. მან Tala-ს საკუთარ ტელეფონზე მისცა წვდომა; ამ გზით, აპლიკაცია ჭკვიანურად აანალიზებს მობილურ მონაცემებს, მსესხებლის რისკები რომ შეაფასოს. ჰოდა, ამის შემდეგ დინგლმა 30 დღით $20-ის სესხი მიიღო. მან 15%-იანი ტარიფი გადაიხადა, ფული კი უმი ხორცის, ჰამბურგერებისა და ჰოტ-დოგების საყიდლად გამოიყენა. პროდუქტები თვითღირებულებაზე 40%-ით ძვირად დააფასა, მათ კარდაკარ გაყიდვას შეუდგა და საპროცენტო განაკვეთის დაფარვისა და პატარა საკომისიოს გადახდის შემდეგ $4-ის მოგების გამომუშავება დაიწყო.

დღეს, წარმატებული საკვების ბიზნესისთვის, Tala 42 წლის დინგლს თვეში $250-ს ასესეხებს. მისი $70-ის ტოლფასმა ყოველკვირეულმა მოგებამ მისი ოჯახის შემოსავალი ლამის გააორმაგა და მათ გადაბარგებასაც შეუწყო ხელი ორსაძინებლიან სახლში მშვიდ, სუფთა უბანში, ბატასან-ჰილზში. თავის მხრივ, Tala-ც წარმატებულია. 2011-ში 37 წლის შივანი სიროიას, გაეროში ნამუშევარი Wall Street-ის ყოფილი ანალიტიკოსის, მიერ დაფუძნებულმა ამ სტარტაპმა $200 მილიონზე მეტი მოიზიდა აშშ-ის წამყვანი ინვესტორებისგან, მათ რიცხვში, მილიარდერ სტივ კეიზის ფონდ Revolution Growth-ისგან. პროგნოზების თანახმად, Tala-ს შემოსავალმა 2019-ში $100 მილიონს უნდა გადააჭარბოს და ის თითქმის $800 მილიონად არის შეფასებული.

Tala-ს მსგავსი კომპანიები იმ რბოლის წინა ხაზზე არიან, რომლითაც საბანკო ანგარიშის არმქონე პლანეტის 1.7 მილიარდი მოსახლეობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს რუდიმენტური ფინანსური სერვისებით. მათთვის კრედიტის, დანაზოგებისა და დაზღვევის ელემენტარული საშუალებების გაჩენა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. ფინანსურ სისტემასთან წვდომით, ადამიანებს შეუძლიათ, იყიდონ მანქანა ან სახლი. არ უწევთ მევახშეების ამარა ყოფნა და მათთვის გიჟური პროცენტების გადახდა, თუ, ვთქვათ, გადაუდებელი სამედიცინო პრობლემები ექმნებათ. უფრო ბედნიერები არიან. უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ. უფრო პროდუქტიულებიც არიან, ეს გაზრდილი პროდუქტიულობა კი ხელს შეუწყობს მათი ქვეყნების სიღარიბიდან გამოყვანას. საბანკო სერვისებზე წვდომას მოკლებულთა მომსახურება ხვალინდელი დღის უმსხვილეს ქონებებს შექმნის. ეს კაპიტალიზმის მორალური იმპერატივიცაა და გზაც ყველაზე მნიშვნელოვანი აუთვისებელი ბაზრებისკენ.

თუ საბანკო სერვისებზე წვდომის არმქონენი ყველაფრისთვის ნაღდი ფულით იხდიან, კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ხალხს, – საბანკო სერვისებზე არასათანადო წვდომის მქონე 4 მილიარდს, – შესაძლოა, ჰქონდეს საბანკო ანგარიში, მაგრამ ძლივძლივობით გაჰქონდეს თავი არაგონივრულად ჭარბი გადასახადების პირობებში და მაღალპროცენტიან ალტერნატივებს, მაგალითად, სახელფასო სესხებს, იყენებდეს. Accenture-ის 2015-ის ანგარიშის თანახმად, ჯერ მარტო ტრადიციულ ბანკებს შესწევთ ძალა, წლიური შემოსავალი, სულ მცირე, $380 მილიარდით გაზარდონ, თუ საბანკო სერვისების არმქონე ყველა პირს მომხმარებლებად აქცევენ.

თანამდევი ეფექტები გასაოცარია. McKinsey-ის 2016 წლის გათვლებით, განვითარებადი ბაზრების ქვეყანათა მშპ 2025-ისთვის $3.7 ტრილიონს ან 6%-ს მიაღწევდა, მათ რომ ერთი ინოვაცია აეთვისებინათ, კერძოდ, ნაღდი ფულიდან მობილურ ტელეფონებზე შენახულ ციფრულ ფულზე რომ გადასულიყვნენ. Cato Institute’s Center for Monetary & Financial Alternatives-ის ანალიტიკოსს, დიეგო ზულუაგას შესწავლილი აქვს სრული ფინანსური ინკლუზიის პოტენციური ეფექტები: „განვითარებად სამყაროში, საბანკო სერვისებზე წვდომის არმქონეთათვის და არასათანადო წვდომის მქონეთათვის ისეთივე წვდომა რომ მიგვეცა კრედიტსა და ინვესტიციებზე, როგორიც ეს მდიდარ ქვეყნებში გვაქვს, მომდევნო 50 წელიწადში იოლად შევქმნიდით დამატებით $100 ტრილიონს ფინანსური აქტივების სახით“.

Tala-ს დამფუძნებელი სიროია ინდოელი იმიგრანტების – პროფესიონალი დედ-მამის – ოჯახში, ბრუკლინის გაკეთილშობილებულ უბანში, პარკ-სლოუპში გაიზარდა და მანჰეტენზე, United Nations International School-ში ისწავლა. ხარისხები Wesleyan-სა და Columbia-ში აიღო და საინვესტიციო საბანკო საქმის ანალიტიკოსად იმუშავა Credit Suisse-სა და UBS-ში. 2006-დან მოყოლებული, მის საქმეს გაეროსთვის სუბსაჰარულ და დასავლეთ აფრიკაში მიკროკრედიტის პოზიტიური გავლენის შეფასება წარმოადგენდა. ის თვალს ადევნებდა ქალებს, რომლებიც რამდენიმე ასეული დოლარის სესხს ითხოვდნენ ბანკისგან, და სახტადაც დარჩა, როცა აღმოაჩინა, რამდენ მათგანს ისტუმრებდა ბანკი უარით. “ბანკირები, ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, ასეთ სეგმენტს არასდროს მოვემსახურებითო“, – იხსენებს ის.

იქ, სადაც ბანკები რისკს ხედავდნენ, სიროია შესაძლებლობას ხედავდა. გაეროსთვის მან 3,500 ადამიანი გამოჰკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შოულობდნენ, ხარჯავდნენ, სესხულობდნენ და ინახავდნენ ისინი ფულს. სწორედ ამ ინტერვიუების შედეგად გაკეთებულმა მიგნებებმა მიიყვანა ის Tala-მდე: პოტენციურ მსესხებელს შეუძლია, საკუთარი გადახდისუნარიანობა თავის ტელეფონზე დაფიქსირებული ყოველდღიური და ყოველკვირეული რუტინული აქტივობებით დაამტკიცოს. სესხის მოსურნე უფრო საიმედოდ მაშინ მიიჩნევა, თუ, ვთქვათ, რეგულარულად ურეკავს დედას და კომუნალურებს დროულად იხდის. “ჩვენ მათ ციფრულ ნაკვალევს ვიყენებთ“, – ამბობს სიროია.

Tala სწრაფად ფართოვდება. მას ხუთ ქვეყანაში უკვე 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაც, ჯამში, $1 მილიარდი აქვთ ნასესხები. კომპანია კენიასა და ფილიპინებში მოგებიანია და სწრაფ ზრდას აჩვენებს ტანზანიაში, მექსიკასა და ინდოეთში.

რაფაელ ვილალობოს უმცროსის მშობლები მეტალისსახურავიან უბრალო სახლში ცხოვრობენ სამხრეთ-დასავლეთ მექსიკის ქალაქ ტეპალკატეპეკში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მისი 71 წლის მამა ფერმაში მუშად მუშაობს, დედა კი პენსიაზეა. მათ არც კრედიტი აქვთ, არც დაზღვევა. ის $500, რომელსაც მშობლებს ვაჟი მოუზეს-ლეიკში (ვაშინგტონი) მდებარე კომუნალური კოლეჯის ადმინისტრატორის ხელფასიდან ყოველთვიურად უგზავნის, “მხოლოდ შიმშილისგან იცავს მათ“, – ამბობს ვილალობოსი.

მექსიკაში ფული რომ გაეგზავნა, ის სასურსათე მაღაზიაში, MoneyGram-ის კიოსკთან რიგში უნდა მდგარიყო და $10-ის საკომისიო, პლუს გაცვლითი კურსის სხვაობა, უნდა გადაეხადა. 2015-ში მან Remitly აღმოაჩინა, სიეტლური სტარტაპი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დაბალხარჯიანი ფულადი გზავნილები თავისი ტელეფონიდან წამებში გადარიცხოს.

იმიგრანტები განვითარებადი სამყაროდან, ყოველწლიურად, ჯამში, $350 მილიარდის ფულად ამანათებს გზავნიან შინ. ეს ფული ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს ქმნის ისეთ ადგილებში, როგორიც ჰაიტია, სადაც მშპ-ის მეოთხედზე მეტს სწორედ ფულადი გზავნილები შეადგენს. ტრადიციული პროვაიდერები ყოველ ტრანზაქციაში, საშუალოდ, 7%-ს იღებენ მაშინ როცა Remitly, საშუალოდ, 1.3%-ს ითხოვს. ასე რომ, ფულადი ამანათების ტრადიციული საშუალებებით გამგზავნ ყველა პირს Remitly-თ რომ ესარგებლა, ერთობლივად, წელიწადში, $30-ს მილიარდს დაზოგავდა. და აქ არ იგულისხმება სიარულსა და ლოდინში დაზოგილი დრო.

Remitly-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, 37 წლის მეტ ოპენჰეიმერისთვის ფულადი გზავნილების სერვისის ჩაშვების შთაგონება Barclays Bank of Kenya-ში მუშაობის პერიოდს უკავშირდება, სადაც ის 2010-დან 2011-ის ჩათვლით მობილურ და ინტერნეტბანკინგს ხელმძღვანელობდა. წარმოშობით ბოიზიდან (აიდაჰო), ოპენჰეიმერმა Dartmouth-ში – ფსიქოლოგიის ხარისხი, Harvard-ში კი M.B.A. აიღო და ლონდონში Barclays-ში დაიწყო მუშაობა. კენიაში რომ გადაიყვანეს, თავისი თვალით ნახა, რამხელა სხვაობას იძლეოდა ფულადი ამანათები შიდა წყალგაყვანილობის მქონე სახლისათვის ასეთის არმქონესთან შედარებით. “ვნახე, რომ $200, $250, $300 სერიოზული ამბავია კენიაში“, – ამბობს ის.

ოპენჰეიმერი Barclays-იდან 2011-ში წამოვიდა და 31 წლის თანადამფუძნებელ შივაას გულატისთან – ინდოელ იმიგრანტსა და Carnegie Mellon-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრთან – ერთად, საკუთარი იდეის მიყიდვას შეუდგა Techstars-ის ინკუბატორული პროგრამისთვის სიეტლში, სადაც მათ 41 წლის ჯოშ ჰაგი, მესამე თანადამფუძნებელი, გაიცნეს. თავისი პირველი სტარტაპი ჰაგს Amazon-ისთვის მიეყიდა, ჰოდა, მისმა კავშირებმა ტრიო Bezos Expeditions-ამდე მიიყვანა, რომელიც ჯეფ ბეზოსის პირად აქტივებს განკარგავს. ეს ფონდი Remitly-ს ერთ-ერთ პირველ დამფინანსებლად მოგვევლინა. ამ მომენტისთვის Remitly-ს, ჯამში, $312 მილიონი აქვს მოზიდული და თითქმის $1 მილიარდად არის შეფასებული.

ოპენჰეიმერსა და მის გუნდს აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაბალ საკომისიოებზე იმუშაონ, ეს კი ნაწილობრივ იმიტომ, რომ მანქანურ სწავლებასა და სხვა ტექნოლოგიას იყენებენ, რათა ტერორისტებს, თაღლითებსა და ფულის გამთეთრებლებს არ მისცენ ტრანსფერების განხორციელების საშუალება. ალგორითმები ნაკლებ კითხვას უსვამენ მცირე თანხების გამგზავნ მომხმარებლებს, დიდი თანხების გამგზავნებთან შედარებით.

Remitly წელიწადში $6 მილიარდს გზავნის და ემსახურება 16 ქვეყანაში, მათ რიცხვში, აშშ-ში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, მყოფ გამგზავნებს, ხოლო მიმღებებს – 45 ქვეყანაში. 2019-ის პირველ ნახევარში კომპანიამ ნუსხას 15 მიმღები ქვეყანა, მათ შორის, რუანდა და ინდონეზია დაამატა. ის ჯერ არაა მოგებიანი, მაგრამ გასულ წელს შემოსავალმა, გათვლებით, $80 მილიონს მიაღწია. ოპენჰეიმერი ზრდის სერიოზულ შესაძლებლობას ხედავს. Remitly-ის მომხმარებლებს ჯერჯერობით მსოფლიოს 250 მილიონი იმიგრანტის 1%-ზე ნაკლები შეადგენს.

2012-ში დორკას მურუნგა გაჩიში ცხოვრობდა – ნაირობის გარეუბანში მდებარე კრიმინალით განთქმულ უბანში. ძიძობითა და სახლების დალაგებით, ის თვეში $80-ს გამოიმუშავებდა, მისი ქმარი კი, ლიფტების დამონტაჟებით, $120-ს. მათი ხარჯების უმეტეს ნაწილს ეს უკანასკნელი ფარავდა მაშინ, როცა ცოლი, რის ვაივაგლახით, ფულის დაზოგვას ცდილობდა; როგორც თავად ამბობს, როცა მცირედი ფული უჩნდებოდა, იმპულსურად ტანსაცმელზე, იაფ საკვებსა და ალკოჰოლზე ხარჯავდა. როგორღაც მოახერხა და გვერდზე გადადო $5 – მინიმალური ბალანსი, რაც Equity Bank of Kenya-ში შემნახველი ანგარიშის გასახსნელად არის საჭირო, მაგრამ თვიური საკომისიოს, $3-ის, გადახდა ძალიან უჭირდა. ბანკში ფულის შესატანად ერთსაათიანი მგზავრობა უწევდა ავტობუსით, მერე კიდევ ერთი საათი რიგში იდგა. ერთ წელიწადში ანგარიში გააუქმა.

როგორც კენიელთა უმეტესობა, მურუნგა უკვე იყენებდა M-Pesa-ს – Safaricom-ის მიერ შექმნილ სერვისს, რომლითაც ფულის გაგზავნა ტექსტური შეტყობინებით არის შესაძლებელი. 2012-ში Safaricom-მა – ტელეკომუნიკაციების ბრიტანული გიგანტის, Vodafone-ის შვილობილმა – M-Shwari ჩაუშვა – M-Pesa-ში ინტეგრირებული შემნახველი ანგარიშისა და სესხის სერვისი. ორ წელიწადში M-Shwari-მ მომხმარებლებს შესთავაზა ანგარიში, რომელიც მათ დანაზოგებს გარკვეული ფიქსირებული ვადითა და ფიქსირებული პროცენტით ხელუხლებლად ინახავდა.

მურუნგამ, რომელსაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაესახა მიზნად, გადაწყვიტა, ამ ვადიანი ანგარიშით ესარგებლა და დღეში $1 შეენახა. როცა არყის ან ფეხსაცმლის ყიდვის ძლიერი სურვილი მოაწვებოდა, ანგარიშზე ფული შეჰქონდა ტელეფონით. ხარჯვა ორი მესამედით, კვირაში $10-მდე, შეამცირა. 2016-ისთვის მისი წლიური დანაზოგი უკვე $300-ს შეადგენდა. ჩანთების დამზადების ბიზნესი დაიწყო, დანაზოგები კი დიზაინის კურსების გავლაში დაეხმარა. ქმართან ერთად უძრავ ქონებაშიც განახორციელა ინვესტიცია და, როგორც თავად ამბობს, მეგობრებსა და ოჯახს წელიწადში $200-ზე მეტით ეხმარება.

მობილური ფულის პირველი აფრიკული პროვაიდერის, M-Pesa-ს (“პესა“ ფულს ნიშნავს სუაჰილის ენაზე) იდეა 2003-ში ჩაისახა და ის ნიკ ჰიუზს ეკუთვნის, Vodafone-ის აღმასრულებელს, რომელიც პოზიტიური სოციალური წვლილის მქონე უკაბელო პროდუქტების შექმნაზე მომუშავე ხუთკაციან გუნდს ხელმძღვანელობდა. ჰიუზის იდეა ფულადი გზავნილებისთვის ციფრული სისტემის შექმნაში მდგომარეობდა, რომელიც პირადი მობილურების მეშვეობით იმუშავებდა.

2007-ში ჩაშვებული M-Pesa საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და პოპულარობასაც იხვეჭდა. კენიელი ტაქსის მძღოლები დღეს უკვე ჩივიან, როცა მგზავრები ნაღდი ფულით ცდილობენ გადახდას. კენიური ოჯახების 96% ახლა M-Pesa-ს საშუალებით ახორციელებს ტრანზაქციებს. M-Pesa-მდე კენიის 38 მილიონზე მეტი მოსახლის მხოლოდ 27%-ს თუ ჰქონდა საბანკო ანგარიში. მას მერე კენიის მოსახლეობა 51 მილიონამდე გაიზარდა, რომელთა 83%-ს უკვე აქვს მიმდინარე თუ შემნახველი ანგარიში. სერვისი რვა ქვეყანას, მათ შორის, ეგვიპტესა და ინდოეთს, მოედო. 50 ცენტამდე თანხის გაგზავნა უფასოა. შედარებით დიდი თანხებისთვის M-Pesa 1%-დან 2%-მდე საკომისიოს ითხოვს. თავისი სხვადასხვა შვილობილის მეშვეობით, წლიური საკომისიოების სახით, ის დაახლოებით $840 მილიონს მატებს Vodafone-ს.

M-Pesa-ს ათვისებამ უზარმაზარი გავლენა იქონია ნაირობის სტარტაპ-სცენაზე. გამძლე პროდუქტების პროვაიდერებმა ე.წ. წინასწარი გადახდის გეგმები შეიმუშავეს, რომლებმაც მილიონობით ახალი მომხმარებელი გააჩინა. მაგალითად, ნაირობიში დაფუძნებული სამი წლის Deevabits-ი $80-ად სახლის მზის სისტემებს ჰყიდის იმ შორეულ სოფლებში, რომელთაც ელექტროენერგიაზე წვდომა არა აქვთ. მისი ყველა მომხმარებელი M-Pesa-ს იყენებს საწყისი შენატანისთვის. დანარჩენსაც M-Pesa-თი იხდიან დღიური 50-ცენტიანი ნამატების სახით რვა თვის განმავლობაში. “M-Pesa-ს არსებობამ კენიაში ბიზნესის კეთების სახე შეცვალა – ამბობს Deevabits-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 32 წლის დევიდ ვანჯაუ. – M-Pesa-ს გარეშე ვერ ვიმუშავებდით“.

დიქსი მურს დიდ ძალისხმევად უჯდებოდა თვიდან თვემდე ხელფასით ცხოვრება. ეს 25 წლის ორშვილიანი მარტოხელა დედა საათში $12.25-ს იღებს კანტონში (ჯორჯია) მდებარე სწრაფი კვების რესტორან Bojangles-ს ასისტენტ-მენეჯერის რანგში. 2011-ში ის $30-ს იხდიდა Wells Fargo-ს მიმდინარე ანგარიშისთვის, მაგრამ როცა ანგარიშზე არასაკმარისმა თანხამ და ოვერდრაფტის არაერთმა გადასახადმა მური $1,200-ის უარყოფითი ბალანსის ამარა დატოვა, მან ეს ანგარიში დაკარგა. ის რეგულარულად იხდიდა $6-ს, ხელფასი რომ გაენაღდებინა. “გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – ამბობს ის. შემდეგ მეგობარმა MoneyCard-ის, Walmart-ის ბრენდირებული პროდუქტის შესახებ უამბო, რომელსაც აშშ-ში უმსხვილესი წინასწარ გადახდილი სადებიტო ბარათების პროვაიდერი, პასადენაში (კალიფორნია) დაფუძნებული Green Dot-ი სთავაზობს მომხმარებელს. დღეს მურის დამქირავებელს მისი ხელფასი პირდაპირ ამ ბარათზე შეაქვს და მურიც, სურსათით დაწყებული, სტომატოლოგის მომსახურებით დამთავრებული, ყველაფრისთვის ამ ბარათით იხდის. “ნამდვილი მადლია“, – ამბობს ის.

Green Dot-ი მნიშვნელოვანი მაშველი რგოლია მურისნაირი ადამიანებისთვის. მანამ ორი წლის წინ ამ ბარათის მოხმარებას დაიწყებდა, ის ამერიკული ოჯახების იმ 7%-ში – დაახლოებით 14 მილიონ ზრდასრულთა შორის – იყო, ვისაც მთლიანად ნაღდი ფულით გააქვს თავი. ყოფილი DJ-ის, სტივ სტრეიტის დაფუძნებული ეს კომპანია თავიდან ონლაინშოპინგის მოსურნე ტინეიჯერებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ 2001-ში, დიდი შესაძლებლობის შემხედვარემ, Green Dot-მა ფოკუსი უკვე იმ ზრდასრულებზე გადაიტანა, რომლებიც მის ბარათს ცუდი კრედიტის გამო იყენებდნენ ან კი იმიტომ, რომ არ შეეძლოთ კომერციული ბანკების საკომისიოთა გადახდა.

ნაღდი ფულის ბარათების ერთი უპირატესობა ისაა, რომ როცა მომხმარებლები ბარათზე არსებულ მთელ ფულს ხარჯავენ, ეს, პრაქტიკულად, იგივეა, ქაღალდის ფული რომ გაგითავდეს. ისინი თავს არიდებენ ოვერდრაფტის საკომისიოებს, ასეთი გადასახადები კი, ერთი დარღვევის გამო, $35-მდეც შეიძლება, ავიდეს. ამასთან, ბარათები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ონლაინ იყიდონ რაღაცები. 57 წლის სტრეიტის თქმით, Green Dot-ის 5 მილიონ მომხმარებელს აქამდე საბანკო სერვისებზე არ ჰქონდა წვდომა.

2007-ში მან ხელშეკრულება გააფორმა Walmart-თან, რაც ერთობ სასარგებლო გამოდგა ქსელის მაშინდელი 130 მილიონი მომხმარებლისათვის: ნაღდი ფულის ბარათი მხოლოდ $3-ის ტოლფასი ყოველთვიური საკომისიოთი (დღეს ეს გადასახადი $5-ს შეადგენს). ეს ბევრად მცირეა იმ თითქმის $8-თან შედარებით, რომელსაც ის მომხმარებელი იხდიდა თვიურად, ვისაც თავისი ბარათი CVS-ის მსგავს მაღაზიებში შეეძინა. Walmart-ის ბარათების გაყიდვათა მკვეთრმა ზრდამ ერთგვარად შეავსო შედარებით დაბალფასიანი ყოველთვიური გადასახადით გამოწვეული დეფიციტი.

2010-ში სტრეიტმა კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანა. მართალია, Green Dot-ის შემოსავალმა შარშან $1 მილიარდი შეადგინა, მისი აქციების ფასი, შემოსავალთან დაკავშირებული მოლოდინების დადაბლების კვალდაკვალ, ამ გასულ აგვისტოს 40%-ით დაეცა, რის მიზეზადაც ბაზარზე კარგად დაფინანსებულ მეტოქეთა ზრდა სახელდება. თუმცა ის, რაც Green Dot-ისთვის ცუდი ამბავია, კარგია საბანკო სერვისების არმქონეთათვის ამერიკაში. ჭკვიან ტელეფონზე დაფუძნებული ნაღდი ფულის შემოთავაზებები ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული ისეთი სტარტაპებისგან, როგორიც სანფრანცისკოური ექვსი წლის ციფრული ბანკი, Chime-ი, და ციფრული გადახდების კომპანია Square-ის Cash App-ია, მილიონობით მომხმარებელს იძენენ.

Harvard Business School-ის პროფესორი მაიკლ ჩუ – KKR-ის ყოფილი პარტნიორი, რომელიც ლათინური ამერიკის უმსხვილესი მიკროსაფინანსო გამსესხებლის, მეხიკოში მდებარე Compartamos-ის თანადამფუძნებელია – ამბობს, რომ საბანკო სერვისებზე არასათანადო წვდომის მქონეთა მომსახურების შესაძლებლობა აშშ-ში “უშველებელია“. მაგრამ, პარადოქსულად, დედამიწის ეს ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ფინანსური ინკლუზიის ინოვატორებს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.

საშტატო კანონთა მთელი ასორტიმენტი, რომელიც მიზნად ისახავს მსესხებელთა დაცვას მტაცებელი გამსესხებლებისგან, და ფედერალური კანონები, რომლებიც ფულის გათეთრების პრევენციას ემსახურება, სტარტაპებისგან ჭარბი ბიუროკრატიის ლაბირინთში ნავიგაციას ითხოვს.

კიდევ ერთი პრობლემა: ტექნოლოგია, რომელიც აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუციებს შორის ფულად ტრანსფერს ახდენს, ძველია, ნელი და ძვირი. მანამ M-Pesa მობილურ ფულს კენიის მასშტაბით ლამის უსასყიდლოდ, წამებში გზავნის, ელექტრონული თანხის გაგზავნას მაიამიდან ნიუ-იორკში შეიძლება, ორი დღე და $40 დასჭირდეს.

მაგრამ დიდ სქემაში ეს პატარა დაბრკოლებებია. ფედერალურმა რეზერვმა პირობა დადო, რომ 2024-ისთვის ახალ და გაუმჯობესებულ ტრანსფერის სისტემას შექმნის აშშ-ში. ანტრეპრენიორები კი ლობისტებად – ან ინოვატორებად – მოგვევლინებიან ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევის გზაზე. ბოლო-ბოლო, მილიარდობით დოლარის გაკეთებაა შესაძლებელი… და უთვალავი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება.

საფინანსო სფეროს ბოლო ზღვარი