საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით გერმანიას ეწვია. როგორც დასავლური მედია წერს, მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზეზი ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების წინ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის გამყარებაა, პარალელურად კი, ორი ქვეყნის ლიდერი რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავენ, როგორიც უკრაინის ომი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიას ბოლო 24 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვიზიტით პირველად ეწვია. გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ევროპისთვის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ იმპერიალისტურ ხედვებს ევროპაში… ეს გულისხმობს ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის ომზე ისაუბრა შტაინმაიერმაც, რომელსაც გერმანიაში ძირითადად სიმბოლური როლი აკისრია. შტაინმაიერმის შეფასებით, გერმანიასა და საფრანგეთს ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ გადალახონ ის გეოპოლიტიკური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა დგას, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში, ომი ღაზაში და მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიც.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხელმძღვანელობის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი აქვთ. ლიდერები ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზეც – თავდაცვით დაწყებული, ბირთვული ენერგიით დასრულებული – საჯაროდ უპირისპირდებიან. თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ენერგეტიკული ბაზრის სუბსიდიებსა და ფისკალურ რეფორმებზე მიაღწიეს, რომლებიც ევროკავშირს გარიგებების დადების საშუალებას აძლევს.
რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებია. ევროპას თავდაცვის საკითხების გადახედვა მოუწევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გამარჯვებას რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მოიპოვებს. ყოფილ პრეზიდენტს ექსპერტები ნაკლებად საიმედო მოკავშირედ განიხილავენ, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს.
ამ წლის დასაწყისში რესპუბლიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა არა მხოლოდ თქვა, რომ არ დაიცავს ნატოს წევრებს რუსეთის მომავალი თავდასხმისგან, არამედ წააქეზებს კიდეც რუსეთის აგრესიას ისეთი ქვეყნებისადმი, რომლებიც ალიანსში სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან.
საფრანგეთს, რომელსაც ატომური იარაღი აქვს, სურს, ევროპა თავდაცვის მიმართულით თვითკმარი რეგიონი გახდეს. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი უკმაყოფილო დარჩა გერმანიის გადაწყვეტილებით, შეეძინა სამხედრო აღჭურვილობა ამერიკისგან, მისი ევროპული Sky Shield Initiative-ის საჰაერო თავდაცვის ქოლგისთვის.
თავის მხრივ გერმანია აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ქოლგაზე სანდო ალტერნატივა ამ დროისთვის არ არსებობს, ევროპას კი არა აქვს დრო, დაელოდოს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას, მაშინ როდესაც რეგიონში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არსებობს.
დიდი ალბათობით, მაკრონის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი სამშაბათს დანიშნული კაბინეტის შეხვედრა იქნება. სწორედ ამ შეხვედრისას განიხილავენ ქვეყნები საკვანძო, მათ შორის თავდაცვისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, და საერთო ენის გამონახვასაც შეეცდებიან. ამავე შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ქვეყნების წარმომადგენლები ევროკავშირში არჩევნებიდან მომდევნო ხუთი წლისთვის საერთო გეგმის დასახვასაც შეეცდებიან.