საფრანგეთში შამონდის ვირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა – ეს ადამიანებში ვირუსის პირველი ცნობილი შემთხვევაა

საფრანგეთში შამონდის ვირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა – ეს ადამიანებში ვირუსის პირველი ცნობილი შემთხვევაა

ფოტო: AI

საფრანგეთში შამონდის ვირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ეს ვირუსის ადამიანზე გადაცემის პირველი ცნობილი შემთხვევაა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ ეტაპზე ვირუსი ფართო მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ორგანიზაცია ფრანგულ მხარესთან ერთად მუშაობს, რათა ინფექციის გადაცემის შესაძლო გზები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის არსებული რისკი შეისწავლოს.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, პაციენტი მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პირი იყო და ლიონის საავადმყოფოში სხვა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის გამო მკურნალობდა. ის ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა.

შამონდის ვირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, პირუტყვში, მათ შორის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხენებსა და ცხვრებში გვხვდება. ვირუსი მწერების ნაკბენით ვრცელდება. ის პირველად 1965 წელს, ნიგერიაში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ვირუსი აფრიკისა და აზიის სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა, თუმცა ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.

ფრანგი სპეციალისტების სამუშაო ჰიპოთეზით, პაციენტი შესაძლოა Culicoides-ის გვარის მცირე ზომის მწერის ნაკბენის შედეგად დაინფიცირდა. პაციენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა, სადაც ვირუსის მსგავსი ინფექცია პირუტყვში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვლინდა.

ევროპაში შამონდის ვირუსის მსგავსი ვირუსი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პირველად მიმდინარე წელს აღმოაჩინეს. აგვისტოში სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მისი გენომის დაახლოებით 90% შამონდის ვირუსის გენომს ემთხვევა. მკვლევრები მას შამონდის მსგავს ვირუსად მოიხსენიებენ.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ინფექციის გადაცემის მექანიზმისა და ადამიანებისთვის შესაძლო რისკის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი