ფოტო: AP
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. შეზღუდვები უკრაინის სამხედრო დანაყოფების ნაწილს ოპერაციების განხორციელებაში ხელს უშლიდა. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, ტრამპმა მასკს თხოვნით სატელეფონო საუბრისას მიმართა. გამოცემა წერს, რომ ხუთშაბათისთვის უკრაინაში სამხედრო დანიშნულების Starlink-ის სისტემები ჩვეულ რეჟიმთან უფრო ახლოს მუშაობდა, თუმცა მათი ფუნქციონირება ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო.
უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილების ავტორის ვინაობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხილვის საგანია. The Wall Street Journal-ი მანამდე წერდა, რომ გადაწყვეტილება თავად მასკმა მიიღო და ამის შესახებ ტრამპთან წინასწარ ისაუბრა. Reuters-მა კი გასულ კვირას, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეზღუდვის დაწესების მითითება თეთრი სახლიდან მოდიოდა. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტს მსგავსი მოთხოვნა არ გაუცია.
წაიკითხეთ ასევე: რა არის Starshield-ი, SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსია?
გასულ კვირას მასკმა განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სიჩქარესა და გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აშშ-ის სამხედროები და პრეზიდენტი განსაზღვრავენ. თავად ტრამპმა კი კვირის დასაწყისში აღნიშნა, რომ არ იცოდა, ვინ იყო პასუხისმგებელი უკრაინაში სერვისის შეზღუდვაზე.
ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მანამდე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა მასკის გადაწყვეტილება იყო, ინფორმაცია არ ჰქონდა. რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას Starlink-ის მუშაობის შეფერხება არ მოუთხოვია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას არ შეუძლია კერძო კომპანიას უკარნახოს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს.
Starlink-ის გარშემო დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაა.
ხუთშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მასკი კერძო კომპანიას მართავს და გასაგებია, თუ რატომ არ სურს მას ომში ჩარევა აშშ-ის მთავრობის მითითების გარეშე. ვენსის თქმით, საკითხი მხოლოდ მასკს არ ეხება და, არსებითად, უკრაინისა და რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას უკავშირდება.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









