საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-მარტში?

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-მარტში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1%-ით გაიზარდა და არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 5.7 პროცენტით), იმპორტმა კი 4.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 20.1 პროცენტით). შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0% შეადგინა. საქსტატის თანახმად, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც, საანგარიშო პერდიოდში, 669.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს 663.3 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი რუსეთია 642.8 მილიონი აშშ დოლარით.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 14.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, შეერთებული შტატებიდან ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი საქონლის საერთო ღირებულება კი 654.36 მილიონ აშშ დოლარს გადასცდა.

რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს, ექსპორტში პირველ ადგილს მილები, მილაკები და ღრუ პროფილები (უნაკერო, შავი ლითონისაგან) იკავებს 3.21 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე საფრენი აპარატების ნაწილებია 3.11 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.6 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ხილისა და ბოსტნეულის წვენები და ფანერა (დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან) ასრულებს, შესაბამისად, 1.26 მილიონი აშშ დოლარითა და 0.538 მილიონი აშშ დოლარით.

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია თითქმის 352 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) იკავებს თითქმის 228 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ქანდაკებებისა და სტატუეტების დედნებია (ნებისმიერი მასალისაგან) 30.66 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ადგილებს თხილი და სხვა კაკალი და სამკურნალო საშუალებები (დაუფასოებელი) ინაწილებს, შესაბამისად, 6.96 მილიონი აშშ დოლარითა და 3.17 მილიონი აშშ დოლარით.