საქართველო ჰარვარდში

საქართველო ჰარვარდში

ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის ცენტრი იქმნება. იდეა Mount Holyoke-ის კოლეჯისა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, სტივენ ფ. ჯონსს ეკუთვნის, ცენტრის გახსნისთვის $2.3-მილიონიანი დაფინანსება კი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სწავლება 2022 წლის იანვრიდან დაიწყება, პროგრამას თავად პროფესორი ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელთანაც Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა.

პროფესორო ჯონს, როგორ გაჩნდა  ჰარვარდში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის იდეა?

დაახლოებით ექვსი წლის წინ ჰარვარდში ჩემს კოლეგებს გავესაუბრე და ვუთხარი, რომ აშშ-ში მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. ამიტომაც ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, შეგვექმნა ცენტრი, სადაც ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდა მკვლევრები ითანამშრომლებდნენ და კვლევებს ჩაატარებდნენ. ეს ამერიკაში ნამდვილად გვაკლდა. მაგალითად, სომხების შემთხვევაში ასე არაა. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილები უკავიათ. საქართველო კი ამ კუთხით არაუპირატეს მდგომარეობაში იყო. აქედან გამომდინარე, ჩემი ჰარვარდელი კოლეგები, მათ შორის დევისის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ალექსანდრა ვაკრუ, რომელიც ჰარვარდში რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის საკითხებს კურირებს, დაინტერესდნენ და ენთუზიაზმი გამოხატეს. დავსხედით და დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი. შემდეგ ორჯერ ჩავედით საქართველოში, 2014 და 2015 წლებში, რათა პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო დონორები მოგვეძიებინა. საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა – დაახლოებით $2-3 მილიონი გვჭირდებოდა, ვინაიდან გვინდოდა, კარგი სტარტი აგვეღო.

საქართველოში ძალიან ბევრ მილიონერს და ერთ ძალიან ცნობილ მილიარდერსაც კი შევხვდით. ისინი ძალიან თბილად დაგვხვდნენ. ვიმედოვნებდით, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, თუმცა საკმარისი თანხების მოპოვება ვერ შევძელით და გეგმები ჩაგვეშალა. მას შემდეგ ამაზე აღარ  გვისაუბრია, თუმცა, 4-5 თვის წინ სასწაული მოხდა, ჩემს კოლეგას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ისტორიკოს მალხაზ თორიას ვესაუბრებოდი ექვსი წლის წინანდელ იმედგაცრუებაზე.  მან მითხრა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსთან, ილია დარჩიაშვილთან წამოჭრიდა ამ საკითხს და შეგვეძლო, მას გავსაუბრებოდით. მართლაც ასე მოხდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. პრემიერთან და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი დარწმუნდნენ, რომ ღირდა ამ პროგრამის ამოქმედება. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა $2.3 მილიონის ოდენობის დაფინანსების გამოყოფას დაგვპირდა მომდევნო 3,5 წლის განმავლობაში. პროგრამის შემდგომი გაგრძელებისთვის, ჩვენც გავაგრძელებთ დამატებითი დაფინანსების მოპოვების მცდელობას.

რა სახის თანამშრომლობა გაქვთ და გექნებათ საქართველოს მთავრობასთან, გარდა ამ დაფინანსებისა?

მთავრობის დაფინანსების გარეშე ჩვენ ამ პროგრამას ვერ ავამოქმედებდით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ. თუმცა ჩვენ თავიდანვე ნათლად განვმარტეთ, რომ ჩვენ ვართ პროფესორები, მკვლევრები, ჩვენი საქმიანობა არის დამოუკიდებელი. ამიტომაც ვერ შევეგუებით ნებისმიერ მცდელობას, გავლენა მოახდინონ ჩვენს საქმიანობაზე. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, დათანხმდა ამ ყოველივეს. ეჭვგარეშეა, რომ შესაძლოა, ჩვენ შევეხოთ ისეთ საკითხებსაც, რაც ქართველი პოლიტიკოსებისთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს, თუმცა ზუსტი და გულწრფელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია.

ხედავთ თუ არა უკვე ინტერესს ამ პროგრამის მიმართ?

მას შემდეგ, რაც პროგრამის ინაუგურაცია შედგა, ასობით შეტყობინება მივიღე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩემი კოლეგებისგან და ასევე სხვებისგანაც, რომლებიც ამ სიახლემ გააოცა და გაახარა. როგორც იქნა, აშშ-ში მსგავსი პროგრამა შეიქმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, ამ დრომდე მსგავსი რამ არ გვქონია, ამიტომაც ამ ფაქტს შეიძლება, გარკვეულწილად ისტორიულიც ვუწოდოთ.

პირველია ჰარვარდში თუ მთლიანად აშშ-ში?

მთლიანად ამერიკაში და შეიძლება ითქვას, გლობალურადაც. გვაქვს ცალკეული გაცვლითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებთან, მაგალითად, ოქსფორდთან. ასევე ევროპაშიც ცალკეული ცენტრები სამხრეთ კავკასიის თემაზე ფოკუსირდებიან, თუმცა არა კონკრეტულად საქართველოზე. ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. მე მყავს ქართველი სტუდენტები, რომლებიც ჰარვარდში სწავლობენ. ისინი მწერენ, რომ მზად არიან, ამ პროგრამაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ასე რომ, ეს ის პროგრამაა, რაც ჩვენ, ქართველოლოგებს, ნამდვილად გვჭირდებოდა და უკვე გვაქვს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პროგრამის შექმნა ჰარვარდში როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. კონკრეტულად რას გულისხმობთ და რა შედეგებს უნდა ველოდოთ მისგან?

ცენტრს ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება საქართველოს შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფა, საქართველოს თემაზე კვლევების წახალისება. ჩვენ მხარს დავუჭერთ როგორც ახალგაზრდა, ასევე შემდგარ მკვლევრებს საქართველოს თემაზე მუშაობაში. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ ქართულ უნივერსიტეტებსა და ჰარვარდის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მეტად, რაც ახლა ქართულ სამეცნიერო წრეს სჭირდება, არის დასავლეთის სამეცნიერო წრესთან უფრო მეტი ინტეგრაცია. მე არ ვამბობ იმას, რომ დასავლელი კოლეგები ქართველებს რაიმეს ასწავლიან, ქართველებსაც აქვთ შესანიშნავი სკოლები მეცნიერების, ლინგვისტიკისა და ისტორიის კუთხით. თუმცა, უნივერსიტეტის დონეზე, მაგალითად, კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შორის მუშაობაა საჭირო, რათა მათ მიერ იმ სტანდარტების დაკმაყოფილება გახდეს შესაძლებელი, რასაც დასავლური უნივერსიტეტები აწესებენ. საქართველო ახლა გარკვეულწილად იზოლირებულია დასავლური უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესებულია. ეს ქართველი ახალგაზრდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობაზე აისახება, რომლებსაც გრანტები და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვისმენთ უამრავ არასწორ ინფორმაციას, ამიტომაცაა საჭირო საქართველოზე სწორი ინფორმაციის მიწოდება.  ჩვენ გვჭირდება ადგილი, სადაც მედიის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, სადაც საქართველოზე გულწრფელად და ობიექტურად ვისაუბრებთ.  ჩვენ გვსურს, ამერიკელებთანაც გვქონდეს კომუნიკაცია და მათ ვუთხრათ, რომ საქართველო ამერიკის სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვფიქრობ, საქართველო დამაიმედებელი დემოკრატიული ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ არის პრობლემები, რაც ნებისმიერ ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ხოლმე. ჩვენ გვჭირდება ამერიკის ინტერესის შენარჩუნება საქართველოში.

პროგრამაზე უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ, რას ითვალისწინებს ის?

ერთ-ერთი მიმართულება კვლევაა, მეორე – სწავლება, ხოლო მესამე – ცნობიერების გაზრდა. ვაპირებთ ქართველ მკვლევრებს ჰარვარდში ჩამოსვლა დავუფინანსოთ. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავიანთ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჰარვარდში იმუშავებენ და კომუნიკაცია ექნებათ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან. ასევე ვგეგმავთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ერთობლივ პროექტებს, მათ შორის არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი, არამედ ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიც იქნებიან. გვექნება ასევე ვორკშოპები და სემინარები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, ეკონომიკა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, უმცირესობათა უფლებები.

კიდევ ერთი ნაწილი ამ პროგრამისა არის იმ ახალგაზრდა ამერიკელი მკვლევრების ტრენინგი, რომლებიც მომავალში  საქართველოს საკითხზე იმუშავებენ. გვექნება შესაბამისი გრანტები, რათა ამერიკელი სტუდენტები აქ ჩამოვიდნენ და იმუშაონ როგორც სტაჟიორებმა, ან მკვლევრებმა, და კურსები ქართულ უნივერსიტეტებში გაიარონ. ჩვენ გვინდა, რომ აშშ-ში შევქმნათ ახალგაზრდა მკვლევრების კადრები, რომლებიც ქართველოლოგიის პროგრამაზე გააგრძელებენ მუშაობას მას შემდეგ, რაც მე ხელმძღვანელის პოზიციას დავტოვებ.

დაბოლოს, ჩვენ ვაპირებთ ქართული ენის პოპულარიზაციას. თუ გსურს ისწავლო ქართული ისტორია, პოლიტიკა ან სხვა რამ, უნდა იცოდე ქართული ენაც. ვფიქრობ, ის მოსაზრება, რომ საქართველოზე კვლევა მოამზადო რუსულ ან ინგლისურ ენებზე, უკვე აღარ არის აქტუალური. უნდა იცოდე შესაბამისი ქვეყნის ენა. ჰარვარდში გვყავს ლინგვისტიკის პროფესორი სტივენ ქლენსი, რომელიც დაგვეხმარება ქართულის სწავლებაში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ ქართველების, როგორც მშობლიურ ენაზე მოსაუბრეების, მოწვევას, რათა ახალგაზრდა მკვლევრებს ენის შესწავლაში დაეხმარონ.

ჩემი ბოლო შეკითხვა ეხება თქვენ მიერ დაანონსებულ ყოველწლიურ აკადემიურ კონფერენციას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე. რა სახის ღონისძიება იქნება ეს და როდის გაიმართება?

ვფიქრობ, 2022 წლის შემოდგომაზე ჩავატარებთ პირველ საერთაშორისო კონფერენციას. ეს იქნება ადგილი, სადაც საერთაშორისო და ქართველი მკვლევრები, პროფესორები შეიკრიბებიან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას განიხილავენ. პირველი კონფერენციის კონკრეტული თემა ჯერ არ გვაქვს არჩეული, თუმცა ამ თემაზე დისკუსიები უკვე იმართება. მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვანი გზაა ინტერესის გამოწვევისთვის და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის. თუ შეგიძლია, მოუსმინო სხვა მკვლევრებს, მაშინაც კი თუ მათი კვლევა კრიტიკულია და ეხება  მიმდინარე მოვლენებს ან პოლიტიკას საქართველოში, ესე იგი შეგიძლია ისწავლო ახალი. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია. თქვენ გჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია ჯანსაღი დემოკრატიისთვის, თუმცა ასევე – დამოუკიდებელი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ღია დისკუსიებს უზრუნველყოფს.