სწრაფვა ახალი მწვერვალებისკენ

სწრაფვა ახალი მწვერვალებისკენ
40 აკრედიტებული პროგრამა, 4000-ზე მეტი კურსდამთავრებული – ეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია, პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე დაიწყო. IBSU-ს ახალ მენეჯმენტს უნივერსიტეტის შედეგების გაუმჯობესება და უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი.

„უნივერსიტეტს არც აქამდე აკლდა წარმატება და პოპულარობა, თუმცა ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობადობის ხარისხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – გვიზიარებს სამომავლო გეგმებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია, რომელიც IBSU-ს მეწილე და ხელმძღვანელი რამდენიმე თვის წინ გახდა.

IBSU ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 1995 წლიდან გამოჩნდა და ყველას თავი იმ პერიოდისთვის უნიკალური შესაძლებლობით დაამახსოვრა, რაც საქართველოში უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე დაუფლების ხელმისაწვდომობაში გამოიხატა. 2012 წლიდან კი უნივერსიტეტმა სასწავლო კურსების ქართულ ენაზე შეთავაზებაც დაიწყო, რითაც სასწავლებლის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდას შეეცადა.

როგორც IBSU-ს რექტორთან საუბრიდან ვიგებთ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის ასაწყობად უნივერსიტეტს ახლაც დიდი მიზნები აქვს დასახული. ამისთვის კი IBSU-ს მენეჯმენტი სიახლეებსა და ცვლილებებს არ უშინდება.

გეგმები ამბიციურია – ახალი, მოთხოვნადი პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე, ძველი პროგრამებისთვის კი რეაკრედიტაციაზე ზრუნვა, სტუდენტებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დამატებითი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა და გრანტების განახლებული პოლიტიკით განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან, როგორც IBSU-ს რექტორი აღნიშნავს, მათთვის „უმნიშვნელოვანესია სტუდენტის ნება და ცოდნის, როგორც ფუნდამენტური უფლების, მიღება“.

ამ გეგმების განსახორციელებლად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. ცოტა ხნის წინ IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა და მომავალი სასწავლო წლიდან სამედიცინო განათლების მიღების მსურველებსაც მიიზიდავს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით ბოლო პერიოდში კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა, ვინაიდან ჯანდაცვის სფეროს პროგრამები საქართველოში არაერთმა უნივერსიტეტმა დაამატა.

IBSU-ს კონკურენცია არ აშინებს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ, როგორც კახა შენგელია გვეუბნება, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამა სტუდენტებს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამედიცინო განათლებას სთავაზობს, რომელიც ამ სფეროს განვითარების ტენდენციებთან, ტექნოლოგიების პროგრესთან და გლობალურ გამოწვევებთან არის შესაბამისობაში.

გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე მზად აქვს ფსიქოლოგიის ქართულ- და ინგლისურენოვანი პროგრამები, რომელთაც აკრედიტაციის მისანიჭებლად მალე წარადგენს. ამჟამად კი IBSU, სამუშაო ბაზრის ანალიზისა და გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, PR-ისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებზე მუშაობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ ამ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებენ.

სასწავლო პროგრამების დამატება, ბუნებრივია, სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე აისახება, ამიტომ IBSU-ს რექტორს უნივერსიტეტის სივრცის გაფართოებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების გაზიარებაც ვთხოვეთ. როგორც კახა შენგელიამ განგვიმარტა, IBSU-მ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო – ამჟამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სტუდენტებს მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

პარალელურად, უნივერსიტეტის უკვე არსებულ სივრცეში ახლდება ინფრასტრუქტურა – მათ შორის, მიმდინარეობს ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. IBSU-მ უკვე შეიძინა ახალი, უფრო მძლავრი კომპიუტერები, რომლებსაც არქიტექტურისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების სტუდენტები გამოიყენებენ. მათ რიგებს მალე გრაფიკული დიზაინის შესწავლის მსურველებიც შეუერთდებიან. კახა შენგელიას თქმით, ამ ინფრასტრუქტურით IBSU-ს სტუდენტები ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებას შეძლებენ. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 28 წელია, ერთგულად დგას განათლების სადარაჯოზე, გააგრძელებს ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის წარმატებულ ტრადიციას“, – დასძენს IBSU-ს რექტორი.

კახა შენგელიას თქმით, როგორც აქამდეც ხდებოდა, IBSU-ში სასწავლო პროგრამები აკრედიტაციიდან აკრედიტაციამდე განახლდება. ცვლილებების საფუძველი კი დამსაქმებლების მოთხოვნები და სამუშაო ბაზარზე არსებული ტენდენციები იქნება. გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტების აზრის გათვალისწინების პირობასაც დებს. „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა ახალი თაობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება და სამომავლო გეგმებზე საუბარი“, – გვიცხადებს იგი.

იმისთვის, რომ IBSU-მ სტუდენტის ცოდნის ფუნდამენტური უფლების ასრულება უზრუნველყოს, კახა შენგელიას თქმით, უნივერსიტეტში, სახელმწიფო გრანტების გარდა, სწავლის დაფინანსების მისაღებად არაერთი გზა არსებობს. მათ, ვინც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარებას პრიორიტეტად აირჩევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში TOP500 აბიტურიენტს შორის მოხვედრის შემთხვევაში, IBSU-ში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცემა. გარდა ამისა, 20%-იან გრანტს ყველა ის სტუდენტი მიღებს, რომლებმაც პირველ პრიორიტეტად IBSU-ს ნებისმიერი პროგრამა აირჩეს. ეს ყველაფერი არ არის – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსების მიღება ოქროსმედალოსნებსაც შეუძლიათ.

IBSU-ს რექტორის თქმით, ყველა ეს ნაბიჯი და სამომავლო გეგმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელის განმტკიცებასა და პოპულარობის კიდევ უფრო ზრდას ემსახურება. „IBSU-მ უკვე შექმნა ძლიერი ბრენდი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საგანმანათლებლო სივრცეში, ჩვენ ახალი ძალებით გავაგრძელებთ ამ ბრენდის შენებას“, – აღნიშნავს კახა შენგელია.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *