საქართველო მწვანე და მედეგი განვითარების გზაზე

საქართველო მწვანე და მედეგი განვითარების გზაზე

მას შემდეგ, რაც საქართველოში 2019 წლის ზაფხულში ჩამოვედი,  ერთი რამ ჩემთვის სრულიად ნათელია გახდა – ეს მშვენიერი, თვალწარმტაცი ქვეყანაა, და რაოდენ სასიხარულოა, რომ  ქართველებს გული შესტკივათ  თავისი ქვეყნის გარემოზე და ზრუნავენ მის ბუნებრივ სიმდიდრეზე.

2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის კვლევაში თითქმის ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო რეალურად განიცდის კლიმატის ცვლილებას; ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდის  კვლევიდან გაირკვა, რომ ახალგაზრდების  ერთი მესამედი ამა თუ იმ ფორმით მოხალისედ მონაწილეობს გარემოს დაცვით საქმიანობაში.

ამგვარი დამოკიდებულება კარგად შეესაბამება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირთან დაახლოებისაკენ. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესის “გამწვანებას” და „ევროპულ მწვანე გარიგებასთან“ შესაბამისობაში მოყვანას, რაც მალე ევროკავშირის ხედვის ქვაკუთხედი გახდება.

ამდენად, როგორ შეუძლია საქართველოს გადასვლა უფრო მწვანე და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ განვითარებაზე? გარდა იმისა, რომ ამისათვის საჭიროა გარკვეული დამოკიდებულებების შეცვლა და სწორი პირადი არჩევანის გაკეთება, ეს საკითხი უშუალო კავშირშია ეკონომიკასთან. ზოგიერთ ამგვარ მიმართულებასა და შესაძლებლობას  განსაზღვრავს მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“.

ანგარიში ახდენს გარემოს დეგრადაციის განფასებას და განსაზღვრავს სატყეო სექტორში ბუნებრივი დოვლათის მატების შესაძლებლობებს.  იგი გვთავაზობს გზას რესურსების პრიორიტეტული განაწილებისთვის, რათა COVID-19 პანდემიის შემდგომ წლებში ქვეყანამ უფრო მწვანედ აღადგინოს ეკონომიკა და განვითარება უფრო მდგრადი გახადოს. მსურს გაგიზიაროთ ამ ანგარიშის ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება.

პირველი – ჩვენ გამოვავლინეთ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგები საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, არაპროპორციულ გავლენას ახდენს ღარიბ მოსახლეობაზე, რომლის დიდი ნაწილი მიწის დამუშავებით საზრდოობს. ტემპერატურის ზრდა და ატმოსფერული ნალექის შემცირება უარყოფით გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყალმომარაგების დარგებზე.

მეორე – უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების ეკონომიკური ღირებულება შესაძლოა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტზე მეტი აღმოჩნდეს! საგულისხმოა, რომ კლიმატის ცვლილება იმგვარი პრობლემა არ არის, რომელიც მხოლოდ სასოფლო დასახლებებს შეეხება და არა ქალაქს.  ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ქალაქები, მათ შორის თბილისი, სულ უფრო მეტად ზარალდება ძლიერი უამინდობით, რომელსაც შედეგად მოჰყვება წყალდიდობა, დატბორვა, მეწყერი, რასაც თავის მხრივ, სხვა ზარალთან ერთად შედეგად მოაქვს კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის დაზიანება.

მესამე – თუ გადავხედავთ საქართველოს დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროს, იქაც დავინახავთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების ბევრ მაგალითს. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ღირებულება სანაპირო ზოლში მდებარე საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის  მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4-5 პროცენტი აღმოჩნდა, რაც განაპირობა 2018 წელს წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების,  სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებისა და ტყისთვის მიყენებულმა ზიანმა.

მეოთხე – საქართველოს შთამბეჭდავი წარმატება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება გონივრული პოლიტიკით, დაუღალავი შრომით და საერთაშორისო თანამშრომლობით. და მაინც, ეს ზრდა გარკვეულ ფასად დაუჯდა ქვეყანას. ჰაერის დაბინძურება საქართველოსთვის მზარდი ეკოლოგიური გამოწვევაა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სავარაუდო ეკონომიკური ღირებულება ყოველწლიურად 500 მლნ. აშშ დოლარზე მეტია. ცხადია, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ამ სფეროში გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მეხუთე – როდესაც საქმე ეხება როგორც ჰაერის ხარისხს, ისე ეკონომიკურ განვითარებას, ტყე წარმოადგენს ძირითად ეროვნულ სიმდიდრეს. საქართველომ გააძლიერა სატყეო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო ტყის მდგრადი მართვის ყოვლისმომცველი ეროვნული სისტემის დანერგვით და ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომელიც  ამ რესურსის გაუმჯობესებული მართვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

და ბოლოს, აღსანიშნავია კერძო სექტორის მზარდი როლი მწვანე განვითარებაში. მწვანე პრინციპებზე გადაწყობილი კომპანიები გაბედულად მიდიან ინოვაციებზე და ქმნიან უსაფრთხო, ჯანსაღ და გაცილებით პროდუქტიულ სამუშაო ადგილებს. ეს ტენდენცია უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონული ინტეგრაციისთვის  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

ქვეყნაში დაფიქსირებული ნახშირორჟანგის შედარებით მცირე გამონაბოლქვი ერთ სულ მოსახლეზე არაპროპორციულად მაღალია მშპ-ის ერთეულთან შედარებისას. ეს მიუთითებს საქართველოს ეკონომიკის და ძირითადი დარგების (მაგ. ტურიზმი, მეტალურგია და სამთო-მომპოვებელი მრეწველობა) გამწვანების მნიშვნელოვან პოტენციალზე. საყურადღებოა, რომ მწვანე ინდუსტრია ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის ინოვაციურ, მოწინავე ტექნოლოგიებზე აწყობილ საწარმოებს, სატყეო სექტორში მომუშავეთა ჩათვლით.

საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიები ხაზს უსვამს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დიდ ძალისხმევას ეწევა ქვეყნის მწვანე განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად. ახალი რეგულაციების შემუშავება ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად ასევე მისასალმებელი და მეტად საჭირო ნაბიჯი იქნება.

ამგვარი დადებითი დინამიკის კონტექსტში, საქართველოს მწვანე და მედეგი განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა როგორც ქვეყნის ხელისუფლებასთან, ასევე კერძო სექტორთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან.

მსოფლიო ბანკი მწვანე განვითარების გარკვეული მიმართულებებით უკვე თანამშრომლობს საქართველოსთან ციფრული განვითარების პოტენციალის ათვისების ხელშეწყობით და მდგრადი ქალაქების, სუფთა ტრანსპორტის და ჯანსაღი შენობების პოპულარიზაციით.

მაგალითად, ჩვენი კვლევის ფარგლებში საჯარო შენობებში, მათ შორის, სასკოლო შენობებში  შემოწმდა ენერგოეფექტიანობა, შეფასდა არასაკმარისი გათბობის პრობლემა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური ხარჯები. კვლევის შედეგები საკმაოდ მძიმე სურათს გვაძლევს, მიუთითებს რა ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და არსებით ეკონომიკურ დანაკარგებზე. კვლევამ გამოავლინა, რომ სოფლის ბევრ სკოლაში არაეფექტური გათბობის პრაქტიკა, უხარისხო ღუმელების და შეშის გამოყენება, ასევე შენობების არასათანადო იზოლაცია იწვევს როგორც შიდა, ისე ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვან დაბინძურებას და დიდწილად განაპირობებს არასაკმარის გათბობას.

ჩვენს მიერ დაფინანსებული პროქტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“  ფარგლებში ხელს ვუწყობთ ახალი სასკოლო შენობების აგებას და არსებულის   მოდერნიზაციას იმგვარად, რომ შეიქმნას ჯანსაღი გარემო ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის, ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და შენობები მედეგი იყოს მომავალში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაძლო მეტეოროლოგიური მოვლენების მიმართ.

მსოფლიო ბანკი საქართველოს ასევე ეხმარება  სანაპირო ზოლში და წყლის  სექტორში  კლიმატის ზემოქმედების მიმართ ადაპტაციაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში ევროკომისიის რეგიონული პროგრამის განხორციელებას, რომლის ამოცანაა ეკოსისტემური მომსახურების გაძლიერება და მასზე დამოკიდებული თემებისთვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა. ეროვნული საჭიროებების შეფასების საფუძველზე, პროგრამით მხარდაჭერილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება სატყეო რესურსების მდგრად გამოყენებაზე და „ზურმუხტის ქსელში“ (მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი დაცვის მიზნის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი) შესული ეკოსისტემების მართვის გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების უწყვეტი განხორციელება ხელს უწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებასა და  გარემოს დაცვის სფეროში ამბიციური დღის წესრიგის დასახვას.

სამომავლო პერსპექტივაში არსებობს მზარდი შესაძლებლობები, რათა საქართველოს მთავრობამ შეძლოს ეროვნული განვითარების მიზნების განხორციელება, მათ შორის, მწვანე განვითარების სტრატეგიისა და  გრძელვადიან პერიოდში ნახშირბად-ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლის თვალსაზრისით.

მსოფლიო ბანკი ქმნის საქართველოს მწვანე გარდაქმნის პლატფორმას, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ფარგლებში დასახული მცირენახშირბადიანი განვითარებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებისა და „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების შესახებ.

ვფიქრობ, სამართლიანია ითქვას, რომ ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით ზრდის, განვითარების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობას, როცა დავძლევთ პანდემიასთან დაკავშირებულ  გამოწვევებს. და როდესაც ეს მოხდება, ერთად შრომით მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე მისი მწვანე განვითარების სტრატეგიის საფუძვლად იქცეს.

მოდი, ნუ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველო ღია, ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული და მწვანე ქვეყანა გახდეს!

ანგარიშის ქართულენოვანი ვერსია: „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *