საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე

საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე
ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.

 

მთავარი რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი

კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია

რეპორტიორები: ტატო კოკაია და კახი ჩაკვეტაძე

 

Forbes Georgia-ს 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ვაქვეყნებთ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგს – კერძო ბიზნესაქტივების სტრუქტურირებულ შეფასებას.

რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. 

საინტერესოა, რომ ქვეყნის მსგავსად, უმდიდრეს ადამიანთა შორისაც კაპიტალი მწვერვალზეა კონცენტრირებული: უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. რეიტინგში საშუალო ქონება დაახლოებით ₾600 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ ₾227 მილიონია. ეს განსხვავება ცხადყოფს ასეულში სიმდიდრის მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას. 

პატარა ეკონომიკაში ასეთი განაწილება შემთხვევითი დეტალი არ არის. ის განსაზღვრავს კონკურენციის დინამიკას, კაპიტალის მოძრაობას და განვითარების ტემპს. 

კაპიტალის სექტორული სტრუქტურაც იმავე სურათს ამყარებს. რეიტინგში უდიდესი წილი მოდის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა და უძრავი ქონება. ეს არის სფეროები, სადაც ბაზარზე დამკვიდრებული პოზიცია და ოპერაციული მასშტაბი განსაზღვრავს შედეგს: სიმდიდრე გროვდება უფრო სისტემურად, სტაბილური ფულადი ნაკადებით და ბაზრის წილის განმტკიცებით, ვიდრე ტექნოლოგიური სფეროებისთვის დამახასიათებელი ნახტომებით.

მოკლედ, საქართველოში სიმდიდრის კონცენტრაცია თვალსაჩინოა როგორც ეკონომიკის მასშტაბით, ისე ქვეყნის ეკონომიკური ელიტის შიგნითაც. თუმცა ეს რეიტინგი შეიქმნა არა ხსენებული დინამიკის განსჯის მიზნით, არამედ მის აღსაწერად. 

დღეიდან საქართველოში შესაძლებელია უმდიდრესი მეწარმეების ქონებაზე ვიმსჯელოთ არა მითქმა-მოთქმის, არამედ კონსოლიდირებული, სტრუქტურულებული, შედარებადი და გადამოწმებადი მონაცემების საფუძველზე.

 

 

მეთოდოლოგია

ეს არის საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის პირველი სია Forbes Georgia-ს 15-წლიანი არსებობის ისტორიაში.

რეიტინგი ეფუძნება ინდივიდებისა და ოჯახების საქართველოში არსებულ ბიზნესაქტივებს და ასახავს მათ სამეწარმეო კაპიტალს – კომპანიებში არსებულ წილებს.

კომპანიების ღირებულების განსაზღვრისას ვადგენთ ფასს, რომლითაც ბიზნესი შეიძლება შეფასდეს ბაზარზე, თუ აქციონერები მისი გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

საქართველოში უმსხვილესი კომპანიების უმეტესობა კერძოა და მათი აქციები ბირჟაზე არ ივაჭრება. შესაბამისად, კერძო კომპანიების შეფასება ძირითადად ხდება EV/EBITDA-ის მიდგომით – კომპანიის EBITDA მრავლდება შესაბამის განვითარებადი ეკონომიკების სექტორულ მულტიპლიკატორზე. უარყოფითი საოპერაციო მოგების მქონე, მაგრამ მზარდი კომპანიების შემთხვევაში შეფასება ეფუძნება EV/Sales-ის მიდგომას – შემოსავლების მულტიპლიკატორს, წმინდა ვალის გათვალისწინებით. მიღებულ ღირებულებას აკლდება წმინდა ვალი და საბოლოო მაჩვენებელი ნაწილდება მესაკუთრეთა წილების შესაბამისად.

ფინანსური ინსტიტუტები შეფასებულია P/B Ratio-ს მიდგომით. გამოყენებულია ევროპის საფინანსო სექტორის 2023 წლის მეორე კვარტალის მულტიპლიკატორები: კომერციული ბანკები – 0.8; სადაზღვევო კომპანიები – 1.3 (ROE-ის გათვალისწინებით); სხვა ფინანსური სერვისები – 1.5.

ჩვენი რეიტინგი ეფუძნება ექსკლუზიურად ბიზნესაქტივების შეფასებას და არ წარმოადგენს პიროვნების ან ოჯახის სრული ქონების ყველა იურისდიქციაში არსებული აქტივების შეფასებას.

რეიტინგში შევიყვანეთ მხოლოდ ის პირები, რომელთა ბიზნესაქტივების შეფასება შესაძლებელია პასუხისმგებლობით – საჯარო და გადამოწმებად მონაცემებზე დაყრდნობით. ძირითადი ფინანსური მონაცემები ეფუძნება 2023 წლის ანგარიშგებებს, წარმოდგენილს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე. საკუთრების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, ფინანსური ანგარიშგების პორტალიდან, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდებიდან, კომპანიასთან დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციით და სხვა საჯარო წყაროებიდან.

მიხეილ ლომთაძისა და ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასება აღებულია Forbes-ის გლობალური რეიტინგიდან და გადათვლილია გაცვლითი კურსით 2.687.

ყველა სხვა შეფასება წარმოადგენს Forbes Georgia-ს რედაქციის კონსერვატიული მიდგომით შეფასებას იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე

3. გიორგი ჯოხთაბერიძე

ქონება (მილიონი ₾): 2 764,51
წყარო: მაგთი
სფერო: ტელეკომუნიკაციები
ასაკი: 72


გიორგი ჯოხთაბერიძე აქციების 75%-ს ფლობს ქართული ტელეკომუნიკაციების ბაზრის ლიდერ „მაგთიკომში“. კომპანია 1996 წელს დაარსდა და მომდევნო წელს მის ქსელში პირველი ზარი გაისმა. „ფორბსის“ რეიტინგით, „მაგთიკომი“ საქართველოს მე-5 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. გიორგი ჯოხთაბერიძე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძე და თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია – მისი ოჯახის კოლექციიდან 3500-მდე ნამუშევარი მის მიერვე დაფუძნებულ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.


4. ირაკლი რუხაძე

ქონება (მილიონი ₾): 2 227,01
წყარო: მაგთი, ქართული ცემენტი
სფერო: ტელეკომუნიკაციები და მრეწველობა
ასაკი: 59


ირაკლი რუხაძის აქტივები მოიცავს „მაგთის“ აქტივების 25%-ს, „ქართული ცემენტის“ 41%-ს, თითქმის სრულად „ლიბერთი ბანკს“
და სრულად „რუსთავის ფოლადს“. „ქართული ცემენტი“ მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიაა, „მაგთი“ – მე-5. „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი რუხაძე 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ „იმედს“, რომელიც დღემდე წაგებაზე მუშაობს.


5. თემურ ჭყონია

ქონება (მილიონი ₾): 1 745,52
წყარო: მაკდონალდსი
სფერო: სწრაფი კვება და უალკოჰოლო
სასმელები
ასაკი: 75


თემურ ჭყონიას აქვს 87%-იანი წილი „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ და 90%-იანი წილი შპს „თ და კ რესტორნებში“, რომელიც ეკუთვნის „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს. ჭყონიას კომპანია გამაგრილებელ სასმელებს 1993 წლიდან ასხამს და დღეს უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ფლობს „კოკა-კოლას“ ლიცენზიებს. 1999 წელს კი „მაკდონალდსის” პირველი რესტორნის
გახსნას მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. „კოლამ“ და „მაკმა“ ჭყონია ახალგაზრდებში ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ 2024 წელს ტიკ-ტოკზე გატრენდებული სიმღერის პროტაგონისტიც იყო: „ყველაზე მაგარი კაცი არი თემური / Gen-Z თაობისგან ასიანი ქებული“.


6. პაატა კურტანიძე

ქონება (მილიონი ₾): 1 562,84
წყარო: ავერსი
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 58


პაატა კურტანიძე „ავერსის“ მფლობელია – სააფთიაქო ქსელის, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში საქართველოს მე-10 ყველაზე
შემოსავლიანი კომპანიაა. კურნატიძეს ასევე 85%- იანი წილი აქვს „ავერსი რაციონალში“ – თავისსავე ფარმაცევტულ საწარმოში. „ავერსის“ ჰოლდინგში შედის „ავერსის კლინიკაც“, რომელიც „ფორბსმა“ შარშან საქართველოში მესამე ყველაზე მოგებიან საავადმყოფოდ დაასახელა.


7. გიორგი რამიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 1 485,22
წყარო: სილქ როუდი
სფერო: ტელეკომუნიკაცია და უძრავი ქონება
ასაკი: 58


გიორგი რამიშვილი 62%-იანი წილის მფლობელია „სილქ როუდ ჯგუფში“ – „ფორბსის“ რეიტინგით, მეხუთე ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიაში. მათი ძირითადი საქმიანობის სფეროებია ტელეკომუნიკაციები, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ტრანსპორტირება. კომპანიის პორტფელში შედის ინტერნეტის პროვაიდერი „სილქნეტი“, რომელმაც 2018 წელს, საქართველოს ისტორიაში უდიდესი კორპორაციული შენაძენის ფარგლებში, „ჯეოსელი“ შეიერთა. ჰოლდინგის სასტუმროები მოიცავს „რედისონ ბლუ ივერიას“ და „ტელეგრაფს“. გიორგი რამიშვილს აქვს 16%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმშიც“. 2010-იანების დასაწყისში „სილქ როუდ ჯგუფი“ დონალდ ტრამპთან პარტნიორობით „ტრამპ თაუერის“ აშენებას აპირებდა, თუმცა ამ უკანასკნელის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა.


8. კახაბერ ოქრიაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 1 141,63
წყარო: პე-ეს-პე
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 59


PSP, სადაც კახაბერ ოქრიაშვილი აქციების 95%-ს ფლობს, „ფორბსის“ მიხედვით, საქართველოს მე-9 ყველაზე შემოსავლიანი
კომპანიაა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია GM Pharma და 33%-იანი წილი ჰოსპიტალ „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში“. ოქრიაშვილი 2004-2024 წლებში ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო – ჯერ „ნაციონალური
მოძრაობიდან“, შემდეგ „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ კი ისევ „ნაციონალური მოძრაობიდან“.


9. ხვიჩა მაქაცარია

ქონება (მილიონი ₾): 1 132,07
წყარო: თელასი
სფერო: კომუნალური სერვისი და ტელეკომუნიკაცია
ასაკი: 61


ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის 25%-იანი წილი „თბილისი ენერჯიში“, რომელიც მონოპოლიას ფლობს თბილისის გაზით მომარაგებაზე, და 12%-იანი წილი „თელასში“, რომელიც მონოპოლიას ფლობს თბილისის ელექტროენერგიით მომარაგებაზე. 2022 წელს ხვიჩა მაქაცარიამ იყიდა „სელფი მობაილი“ (ყოფილი „ბილაინი“) – სიდიდით მესამე კომპანია ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე.


10. გია გორგოშაძე

ქონება (მილიონი ₾): 1 045,14
წყარო: გორგია
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 55

გია გორგოშაძე „გორგიას“ ერთადერთი მფლობელია – რეგიონის უმსხვილესი კომპანიისა მშენებლობისა და რემონტის დარგში, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ჯამში 13 ფილიალს მართავს.


11. ვახტანგ კარიჭაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 835,32
წყარო: ქართული სპირტი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 53


ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-იან წილს ფლობს 2017 წელს დარეგისტრირებულ შპსში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს, აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


12. მაკა ასათიანი

ქონება (მილიონი ₾): 806,56
წყარო: TRADE STONE IBERIA
სფერო: ავტოინდუსტრია და ვაჭრობა
ასაკი: 52

მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მფლობელობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა. მათ შორისაა „მერსედეს-ბენც ჯორჯია“ (შპს „აკა”),
რომელსაც ასათიანი დასთან და დედასთან ერთად ინაწილებს და უძრავი ქონების კომპანია შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. ამ უკანასკნელის გავლით ასათიანი 30%-ს ფლობს ყულევის ახალი ნავთობტერმინალის ოპერატორ „ბლექ სი პეტროლიუმში“, რომელმაც
ოქტომბრიდან რუსეთიდან შემოტანილი ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო.


13. ლევან ფხაკაძე

ქონება (მილიონი ₾): 791,73
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 52


ლევან ფხაკაძე დივერსიფიცირებულ პორტფელს ძმასთან, სოსო ფხაკაძესთან ერთად ფლობს. ის მოიცავს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სარეკლამო კომპანია „ალმას“ და „ვ-ჯეო რესტორნებს“, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს
– „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. თუ კომპანიების უმეტესობაში ძმები აქციებს თანაბრად იყოფენ, „ვისოლში“ 7%-ით დიდი წილი ლევანს სოსოზე მდიდრად აქცევს.


14. სოსო ფხაკაძე

ქონება (მილიონი ₾): 767,24
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 54


სოსო ფხაკაძეს ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად, დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს – მას ეკუთვნის 31%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ და აქციების 50% სარეკლამო კომპანია „ალმასა“ და „ვ-ჯეო რესტორნებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს სწრაფი
კვების ობიექტების ქსელებს – „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. სოსო ფხაკაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტიცაა, რომელიც მსხვილი კომპანიების ინტერესებს იცავს.


15. მინდია საბანაძე

ქონება (მილიონი ₾): 766,98
წყარო: სითი მოლი
სფერო: უძრავი ქონება
ასაკი: 55


მინდია საბანაძე ფლობს „აი ჯი დეველოპმენტს“, რომელიც ოქტომბერში „ფორბსმა“ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავი ქონების მართვის კომპანიად დაასახელა. „აი ჯი დეველოპმენტს“ ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.


16. თემურ კოხოძე

ქონება (მილიონი ₾): 758,27
წყარო: თეგეტა
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 67


თემურ კოხოძის ყველაზე მსხვილი ბიზნესი კომპანია „თეგეტა მოტორსია“, სადაც აქციების 92%-ს ფლობს. „თეგეტა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე მცირე მაღაზია იყო. 2025 წელს „ფორბსმა“ „თეგეტა“ საქართველოს მე-6 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა. მათი საქმიანობა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს. კოხოძე პარლამენტარი იყო 2008-2012 წლებში.


17. მამუკა ტოგონიძე

ქონება (მილიონი ₾): 740,15
წყარო: თელასი
სფერო: კომუნალური სერვისი
ასაკი: 52


მამუკა ტოგონიძეს 25%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია „თბილისი ენერჯიში“, რომელსაც მონოპოლია აქვს საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგებაზე.


18. მამუკა ხაზარაძე

ქონება (მილიონი ₾): 732,28
წყარო: თიბისი ბანკი
სფერო: ფინანსები და დეველოპმენტი
ასაკი: 59


მამუკა ხაზარაძე TBC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციების 10%-ის მფლობელია. 1992-2019 წლებში იყო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას ასევე ეკუთვნის კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ 25%-იანი წილი. 2019 წელს პოლიტიკაში გადაინაცვლა – დააფუძნა პარტია „ლელო“. იყო პარლამენტის წევრი 2020-21 წლებში.


19. გიორგი დიასამიძე

ქონება (მილიონი ₾): 600,03
წყარო: თოდუას კლინიკა
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 27

გიორგი დიასამიძეს უკუთვნის თოდუას კლინიკა, რომელიც ბაბუამისმა, ფრიდონ თოდუამ, 1991 წელს დააარსა. თოდუას კლინიკას ამჟამად სამი ფილიალი აქვს თბილისში.


20. დავით ბეჟუაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 593,36
წყარო: ჯიაიჯი
სფერო: დივერსიფიცირებული
ასაკი: 57


დავით ბეჟუაშვილი 1994 წელს დაარსებული „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჰოლდინგის მმართველობაში მრავალფეროვანი პორტფელია, რომელიც მოიცავს კომპანიებს 10-ზე მეტი ინდუსტრიიდან, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.


21. გრიგოლ ჭირაქაძე

ქონება (მილიონი ₾): 569,61
წყარო: UGT
სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები
ასაკი: 51


გრიგოლ ჭირაქაძე 85%-იან წილს ფლობს 1997 წელს დაფუძნებულ კომპანია „იუ-ჯი-თი“-ში, რომელიც კლიენტებს მომსახურებას უწევს როგორც კლასიკური IT-მიმართულებით, ასევე შენობების მართვის, გადახდების თუ ვიდეომონიტორინგის კუთხით.


22. ნანა აროშიძე

ქონება (მილიონი ₾): 496,37
წყარო: ანაგი
სფერო: დეველოპმენტი და უძრავი ქონება
ასაკი: 64


ნანა აროშიძე 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანია „ანაგში“, რომელიც 1989 წელს დაარსდა.


23. ბადრი ჯაფარიძე

ქონება (მილიონი ₾): 478,82
წყარო: თიბისი ბანკი
სფერო: ფინანსები და დეველოპმენტი
ასაკი: 65


ბადრი ჯაფარიძე TBC-ის თანადამფუძნებელი და აქციების 6%-ის მფლობელია. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ 25%-იანი წილის გავლით
მას მსხვილი აქტივები აქვს უძრავი ქონების სექტორშიც. ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2020-2022 წლებში იყო პარლამენტის წევრი.


24. ზაურ ელიზბარაშვილი და ოჯახი

ქონება (მილიონი ₾): 421,54
წყარო: ელიზი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 65


ზაურ, გია და თორნიკე ელიზბარაშვილები 60%-იან წილს ფლობენ 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“. თავდაპირველად, ზაურ და გია ელიზბარაშვილების პარტნიორი მათი ძმა თამაზი იყო, რომელმაც მოგვიანებით წილი თავის შვილს, თორნიკეს გადაუფორმა.


25. ირაკლი გილაური

ქონება (მილიონი ₾): 418,19
წყარო: საქართველოს კაპიტალი
სფერო: ფინანსები და ჯანდაცვა
ასაკი: 49


ირაკლი გილაური საქართველოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, საფინანსო და საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ CEO და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. „საქართველოს კაპიტალის“ პორტფელის ჯამური ღირებულება 4,6 მილიარდი ლარია. 2011-2018 წლებში ირაკლი გილაური Georgian Capital-თან დაკავშირებული „საქართველოს ბანკის“ CEO და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მისი ძმა, ნიკა გილაური, 2009-2012 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


26. ვასილ სუხიაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 375,50
წყარო: ნიკორა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 57


ვასილ სუხიაშვილი „ნიკორას“ უმსხვილესი აქციონერია – სუპერმარკეტების ქსელისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლის. „ნიკორა“,
რომლის მენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.


27. აკაკი ახვლედიანი

ქონება (მილიონი ₾): 374,13
წყარო: აგროჰაბი
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 53


აკაკი ახვლედიანი სუპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „აგროჰაბი“ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, დღეს კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჯამში ცხრა ფილიალი აქვს. 2025 წელს „ფორბსმა“ „აგროჰაბი“ საქართველოში სუპერმარკეტების ყველაზე მოგებიან ქსელად დაასახელა (მოგების მარჟით).


28. დავით კოხრეიძე

ქონება (მილიონი ₾): 373,58
წყარო: იმპექსფარმი
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 58


დავით კოხრეიძე სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ ერთადერთი მფლობელია. შპს „იმპექსფარმი“ 1999 წელს დაარსდა და, „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 48-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


29. იოსებ თათარაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 360,78
წყარო: სუფთა სახლი
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 52


იოსებ თათარაშვილს ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“, რომელიც ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში ჯამში 250-მდე ფილიალს ფლობს. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიების რეიტინგში „სუფთა სახლი“ 47-ე ადგილზეა.


30. ელგუჯა გოცირიძე

ქონება (მილიონი ₾): 346,11
წყარო: ჩაჩავას კლინიკა
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 67


ელგუჯა გოცირიძე 2001 წელს დარეგისტრირებული „ჩაჩავას კლინიკის“ 76%-იანი წილის მფლობელია. 2025 წლის აპრილში „ფორბსმა“
„ჩაჩავას კლინიკა“ საქართველოს ყველაზე მოგებიან საავადმყოფოდ დაასახელა. 2020 წლიდან ელგუჯა გოცირიძე პარლამენტის დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.


31. გოჩა ცქიტიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 344,53
წყარო: ორი ნაბიჯი
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 60


გოჩა ცქიტიშვილი ფლობს 2009 წელს დაარსებული სუპერმარკეტების ქსელის, „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს. „ფორბსის“ უმსხვილესი
სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორე ადგილზეა და მისი ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს.


32. გურამ თალაკვაძე

ქონება (მილიონი ₾): 339,56
წყარო: მნკორპი
სფერო: მრეწველობა
ასაკი: 45


გურამ თალაკვაძემ 2024 წლის აგვისტოში შეიძინა 100%-იანი წილი შპს „მნკორპში“, რომელიც მანგანუმის კონცენტრატის რეალიზაციითაა დაკავებული. „ფორბსის“ რეიტინგით, „მნკორპი“ საქართველოს 66-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


33. გოჩა ჩხაიძე

ქონება (მილიონი ₾): 332,83
წყარო: ასკანელი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 57


გოჩა ჩხაიძე 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ასკანელი ვაინერი & დისტილერიში“. „ასკანელი“ 1998 წლიდან აწარმოებს ღვინოს, შუშხუნა ღვინოს, ბრენდისა და ჭაჭას. ფლობს ქარხნებს კახეთში, გურიასა და თბილისში. გოჩა ჩხაიძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


34. გიორგი ჭელიძე

ქონება (მილიონი ₾): 329,64
წყარო: Steel International Trading
სფერო: მრეწველობა
ასაკი: 47


გიორგი ჭელიძის შემოსავლის მთავარი წყაროა შპს „საქნახშირი“, სადაც ის 100%-იან წილს ფლობს შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ გავლით. „საქნახშირი“ მანგანუმით და მეტალურგიული ნედლეულით ვაჭრობს და მართავს ტყიბულის შახტებს. „სტიილ ინტერნეიშენელი“ „ფორბსის“ ყველაზე შემოსავლიანი ქართული კომპანიების სიაში მე-15 ადგილზეა.


35. გიორგი ჩხეიძე

ქონება (მილიონი ₾): 326,25
წყარო: ორი ნაბიჯი
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 58


გიორგი ჩხეიძე ფლობს 2009 წელს დაარსებული სუპერმარკეტების ქსელის, „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს. „ფორბსის“ უმსხვილესი
სუპერმარკეტების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორე ადგილზეა, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიაში კი – მეშვიდეზე. კომპანიის ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი დაახლოებით 470 მაღაზიას მოიცავს.


36. კახი ბექაური

ქონება (მილიონი ₾): 326,25
წყარო: ორი ნაბიჯი
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 57


კახი ბექაური „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს ფლობს. „ფორბსის“ უმსხვილესი სუპერმარკეტების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორე
ადგილზეა და მისი ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს. ბექაური 2017-2026 წლებში კომუნიკაციების კომისიას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო.


37. დიმიტრი ნიშნიანიძე

ქონება (მილიონი ₾): 324,52
წყარო: შარმ ტრეიდინგი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 25


2000 წელს დაბადებული დიმიტრი ნიშნიანიძე 34%-იან წილს ფლობს იმავე წელს დაარსებულ სადისტრიბუციო კომპანია „შარმ
ტრეიდინგში“. ეკუთვნის 100%-იანი წილი უძრავი ქონების სექტორში მოქმედ შპს „მეიდანში“. აქვს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა.


38. სულიკო ვარსემაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 313,98
წყარო: ბეთლაივი
სფერო: სათამაშო ბიზნესი
ასაკი: 48


რეიტინგის შედგენისას, სულიკო ვარსემაშვილი 38%-იან წილს ფლობდა ონლაინკაზინო „ბეთლაივში“, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში
საქართველოს 25-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. სულიკო ვარსემაშვილს ასევე ეკუთვნის 85%-იანი წილი ყავის მწარმოებელ კომპანია „მეამაში“ და 45%-იანი წილი სასტუმრო „ეპიზოდში“.


39. ცეზარ ჩოჩელი

ქონება (მილიონი ₾): 296,67
წყარო: ზედაზენი/ბარამბო
სფერო: ალკოჰოლური სასმელები და
მრეწველობა
ასაკი: 58


ცეზარ ჩოჩელის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბარამბო“ და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების საწარმო „ზედაზენი“. ცეზარ ჩოჩელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი იყო, 2008-2012 წლებში კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.


40. ელგუჯა ქებურია

ქონება (მილიონი ₾): 289,20
წყარო: ამბასადორი
სფერო: სასტუმრო და ჯანდაცვა
ასაკი: 64


ელგუჯა ქებურია აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეწილეა. „ფორბსის“ რეიტინგით,
„ღუდუშაურის კლინიკა“ საქართველოში მე-6 ყველაზე მოგებიანი საავადმყოფოა. ელგუჯა ქებურიას ასევე ეკუთვნის 100%-იანი წილი შპს „კლუბ ამბასადორში“. ის საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


41. თემურ უგულავა

ქონება (მილიონი ₾): 282,47
წყარო: რუმსი
სფერო: სასტუმრო
ასაკი: 55


თემურ უგულავამ კაპიტალი თავდაპირველად ტოტალიზატორ „აჭარაბეთიდან“ დააგროვა, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და
2003 წლიდან ონლაინკაზინოც გახდა. მოგვიანებით, უგულავამ სასტუმროების ბიზნესში გადაინაცვლა. მისი „აჭარა ჯგუფის“ პორტფელის ნაწილია „რუმსის“ სამი სასტუმრო, „სტამბა“ და „ფაბრიკა“. „აჭარა ჯგუფი“ უმეტესწილად ფუნქციადაკარგულ ადგილებს აღადგენს და ახალ მიზიდულობის წერტილად აქცევს.


42. ლაშა პაპაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 276,65
წყარო: რედიქსი
სფერო: უძრავი ქონება და აგროსაქმიანობა
ასაკი: 57


ლაშა პაპაშვილის ყველაზე მსხვილი აქტივი უძრავი ქონების კომპანია „რედიქსის“ აქციების ნახევარია, მეორე ნახევარი კი მის ძმას, სულხანს ეკუთვნის. ლაშა პაპაშვილი სრულად ფლობს რძით მომმარაგებელ კომპანია „ყვარლის ბაგას“, რომელიც 2025 წელს სკანდალში გაეხვა – „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის სკინტლით კვებავდა.


43. კახა ხაზარაძე

ქონება (მილიონი ₾): 273,99
წყარო: აი სი არ
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 58


კახა ხაზარაძე უმსხვილესი აქციონერია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელ „აი სი არ“-ში, რომელიც „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა.


44. რევაზ დარჩიძე

ქონება (მილიონი ₾): 272,07
წყარო: DAR BUILDING
სფერო: დეველოპმენტი
ასაკი: 58


რევაზ დარჩიძე 2013 წელს დაარსებული სამშენებლო და დეველოპერული კომპანია DAR Building-ის ერთადერთი მფლობელია.
კომპანიის საქმიანობის ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიების ასეულში DAR-ი 68-ე ადგილზე მოხვდა.


45. სულხან პაპაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 249,17
წყარო: რედიქსი
სფერო: უძრავი ქონება
ასაკი: 60


სულხან პაპაშვილი უძრავი ქონების კომპანია „რედიქსის“ აქციების ნახევარს ფლობს, მეორე ნახევრის მფლობელი კი მისი ძმა, ლაშაა. ვარდების რევოლუციამდე იკავებდა მაღალ თანამდებობებს საჯარო სამსახურში, შემდეგ კი კერძო სექტორში გადაინაცვლა.


46. ანტონ ობოლაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 244,61
წყარო: გლობალფარმი
სფერო: ჯანდაცვა და უძრავი ქონება
ასაკი: 51


ანტონ ობოლაშვილი 2004 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანიის, „გლობალფარმის“ ერთადერთი მფლობელია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მედიკამენტების იმპორტი და დისტრიბუციაა, პარალელურად კი უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს. ანტონ ობოლაშვილი 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.


47. დალი ურუშაძე

ქონება (მილიონი ₾): 242,99
წყარო: რიკო
სფერო: ფინანსები
ასაკი: 75


დალი ურუშაძე 2004 წელს დაარსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, „რიკო ექსპრესის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია
ამჟამად საქართველოს 19 ქალაქში 56 ფილიალს ფლობს.


48. ივანე ჩხარტიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 240,38
წყარო: Smart Capital Group
სფერო: დივერსიფიცირებული
ასაკი: 62


ჩხარტიშვილის დივერსიფიცირებულ პორტფელს მისი ჰოლდინგი, Smart Capital Group-ი აკონტროლებს. მათ აქვთ კომპანიები მეღვინეობის, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და თამბაქოს სფეროში. ვარდების რევოლუციამდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, 2004-2008 წლებში კი პარლამენტის წევრიც იყო.


49. მუხამედ ართმელაძე

ქონება (მილიონი ₾): 238,11
წყარო: მედცენტრი
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 46


მუხამედ ართმელაძეს ეკუთვნის 2015 წელს რეგისტრირებული „მაღალტექნოლოგიური მრავალპროფილური ჰოსპიტალი მედცენტრი“.
ჰოსპიტალი ბათუმში ოპერირებს და ხუთ ფილიალს ფლობს. მუხამედ ართმელაძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


50. ალექსანდრე სამხარაძე

ქონება (მილიონი ₾): 227,30
წყარო: დრესაპი
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 60


ალექსანდრე სამხარაძე 88%-იან წილს ფლობს კომპანია „დრესაპ ჯგუფში“ (შპს თრეიდლაინი), რომელიც 1994 წელს დაარსდა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები აქვს.


51. ამირან დარჩიძე

ქონება (მილიონი ₾): 226,65
წყარო: მოდუსი
სფერო: სამშენებლო მასალები
ასაკი: 56


ამირან დარჩიძე სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „მოდუსის“ ერთადერთი მფლობელია, რომელიც ავეჯით და სარემონტო მასალებით ვაჭრობს. „მოდუსს“ თბილისსა და ბათუმში, ჯამში, ოთხი ფილიალი აქვს.


52. გიორგი გველესიანი

ქონება (მილიონი ₾): 218,80
წყარო: GT Group
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 59


გიორგი გველესიანი ფლობს „ჯი-თი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქი
ავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.


53. გიორგი თავდიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 218,80
წყარო: GT Group
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 62


გიორგი თავდიშვილი ფლობს „ჯი-თი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქი
ავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.


54. თემურ უსტიაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 218,80
წყარო: GT Group
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 49


თემურ უსტიაშვილი ფლობს „ჯითი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქი
ავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.


55. თენგიზ ბაკურიძე

ქონება (მილიონი ₾): 212,52
წყარო: ბაკური
სფერო: უძრავი ქონება და დეველოპმენტი
ასაკი: 70


თენგიზ ბაკურიძე ფლობს სამშენებლო კომპანია „ბაკურის“, რომელიც 1996 წელს დაარსდა. „ბაკურის“ საქმიანობის ძირითადი არეალი ბათუმია. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულში „ბაკური“ 96-ე ადგილზეა.


56. ლევან კაკაბაძე

ქონება (მილიონი ₾): 192,17
წყარო: შარმ ტრეიდინგი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 65


ლევან კაკაბაძე ფლობს 30%-იან წილს 2000 წელს დაფუძნებულ სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგში“. „ფორბსის“ ყველაზე
ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში „შარმ ტრეიდინგი“ 30-ე ადგილზეა.


57. გიორგი ღამბაშიძე

ქონება (მილიონი ₾): 174,45
წყარო: ქართული სპირტი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 63


გიორგი ღამბაშიძეს 20%-იანი წილი ეკუთვნის 2017 წელს დარეგისტრირებულ შპს-ში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან
დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს. აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ღამბაშიძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


58. ლევან კაჭარავა

ქონება (მილიონი ₾): 174,19
წყარო: GBG
სფერო: მრეწველობა და საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 50


ლევან კაჭარავა შპს „გლობალ ინვესტის“ გავლით ფლობს 60%-იან წილს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გრუპში“, რომელიც 2005 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოება და რეალიზაციაა.


59. ნინო ბრეგვაძე

ქონება (მილიონი ₾): 173,51
წყარო: ევროპროდუქტი
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 61


ნინო ბრეგვაძე 50%-იან წილს ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „ევროპროდუქტში“. კომპანია 2004 წელს დაარსდა და პირველი 10 წლის
განმავლობაში მხოლოდ დისტრიბუციას ეწეოდა, 2014 წელს კი პირველი სუპერმარკეტი გახსნა და ახლა 40 ფილიალი აქვს. „ევროპროდუქტი“, „ფორბსის“ მიხედვით, საქართველოს 58-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


60. ზაურ ქორთოშიძე

ქონება (მილიონი ₾): 170,80
წყარო: Geo Sky
სფერო: საჰაერო ტრანსპორტი
ასაკი: 64


ზაურ ქორთოშიძე ფლობს 100%-იან წილს შპს „ჯეო სქაიში“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და საქართველოს ავიაბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება.


61. მერაბ ნიქაბაძე და ოჯახი

ქონება (მილიონი ₾): 169,96
წყარო: GRC
სფერო: მრეწველობა და ვაჭრობა
ასაკი: 62


ნიქაბაძეების ოჯახს ჯამურად 60%- იანი წილი აქვს კომპანია „ჯი არ სი“-ში, რომელიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობს. „ჯი არ სი“ „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში 71-ე ადგილზე მოხვდა.


62. დავით გიორგობიანი

ქონება (მილიონი ₾): 159,89
წყარო: ჰიუნდაი
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 60


დავით გიორგობიანი ფლობს სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, რომელიც 2005 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და ავტომობილების ტექმომსახურებაა. დავით გიორგობიანი ვეტერანი კალათბურთელია – ის 80-იან წლებში „თბილისის დინამოსა“ და სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.


63. არჩილ გეგენავა

ქონება (მილიონი ₾): 157,87
წყარო: სპარი/იოლი/კალათა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 50


არჩილ გეგენავა შპს „ჰოლდინგ. ჯის“ საშუალებით ფლობს შპს „ფუდმარტს“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და
„კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს. 2008-2012 წლებში არჩილ გეგენავა პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”.


64. იოსებ მჭედლიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 156,62
წყარო: ფერი
სფერო: მშენებლობა
ასაკი: 69


იოსებ მჭედლიშვილი ფლობს 96%-ს კომპანიაში შპს „ფერი“, რომელიც 1991 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა დაპროექტება, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გვირაბების, გზებისა და სხვა მშენებლობები.


65. ლევან მჟავანაძე

ქონება (მილიონი ₾): 153,97
წყარო: ლაიქ ჰაუსი
სფერო: მშენებლობა
ასაკი: 53


ლევან მჟავანაძე ფლობს 100%-იან წილს შპს „ლაიქ ჰაუსში“, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.


66. ნანა ჯანაშია

ქონება (მილიონი ₾): 150,42
წყარო: ბეთლაივი
სფერო: სათამაშო ბიზნესი
ასაკი: 44

2023 წლის მონაცემებით, ნანა ჯანაშია ფლობს 19%-ს შპს „ბეთლაივში“, რომლის ძირითადი საქმიანობაა აზარტული თამაშების
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა და მომხმარებელს სთავაზობს ონლაინტოტალიზატორისა და ონლაინკაზინოს თამაშების პლატფორმას.


67. ვასილ სოფრომაძე

ქონება (მილიონი ₾): 150,23
წყარო: ფრესკო
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 63


ვასილ სოფრომაძე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების გავლით ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“. ის საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.


68. გიორგი სალაყაია

ქონება (მილიონი ₾): 144,90
წყარო: ბადაგონი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 56


გიორგი სალაყაია სს „ბადაგონის“ ერთადერთი აქციონერია. კომპანია, რომელიც 2003 წელს დაარსდა, მეღვინეობითაა დაკავებული.
„ბადაგონს” ქართული ღვინო 35 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.


69. ზურაბ ზაქარიაძე

ქონება (მილიონი ₾): 136,30
წყარო: სპარი/იოლი/კალათა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 47


ზურაბ ზაქარიაძე ფლობს 22%-იან წილს შპს „ფუდმარტში“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს.


70. თენგიზ კაპანაძე

ქონება (მილიონი ₾): 134,10
წყარო: მაკდონალდსი
სფერო: სწრაფი კვება
ასაკი: 54


თენგიზ კაპანაძე ფლობს შპს „თ და კ რესტორნების“ 10%-ს. კომპანია დაარსდა 1997 წელს და საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდის” კორპორაციის ფრენჩაიზს.


71. დავით კუხალაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 123,93
წყარო: სპარი/იოლი/კალათა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 47


დავით კუხალაშვილი ფლობს 9%-ს შპს „ფუდმარტში“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს.


72. ირაკლი ბურდილაძე

ქონება (მილიონი ₾): 122,32
წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენი
სფერო: დეველოპმენტი
ასაკი: 51


ირაკლი ბურდილაძე ფლობს 50%-ს შპს „ბკ ქონსთრაქშენში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებებისა და სასტუმროების მშენებლობა.


73. შოთა ბერეკაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 122,32
წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენი
სფერო: დეველოპმენტი
ასაკი: 51


შოთა ბერეკაშვილი ფლობს 50%-ს შპს „ბკ ქონსთრაქშენში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებებისა და სასტუმროების მშენებლობა. 2024 წლიდან პარლამენტის
წევრია „ქართული ოცნებიდან“.


74. ირაკლი კერვალიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 122,18
წყარო: Pace
სფერო: ტრანსპორტი
ასაკი: 59


ირაკლი კერვალიშვილი ფლობს 38%-ს შპს „პეის ჯორჯიაში” რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ტვირთების გადაზიდვა და ფოთის პორტში მათი მართვაა.


75. ლაურა ლარიონი

ქონება (მილიონი ₾): 121,56
წყარო: Pace
სფერო: ტრანსპორტი
ასაკი: 90


ლაურა ლარიონი ფლობს 38%-ს შპს „პეის ჯორჯიაში”, რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ტვირთების გადაზიდვა და ფოთის პორტში მათი მართვაა. ლაურა ლარიონი ჩვენი სიის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელია.


76. ელგუჯა თურმანიძე

ქონება (მილიონი ₾): 119,02
წყარო: ელთი ჯგუფი
სფერო: დეველოპმენტი
ასაკი: 44


ელგუჯა თურმანიძე სრულად ფლობს შპს „ელთ ბილდინგს“, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია აპარტამენტებისა და კომერციული ფართების აშენება და შემდგომში მათი რეალიზაცია მართვის უფლებით.


77. ზურაბ ზურაბიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 118,96
წყარო: ელიზი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 60


ზურაბ ზურაბიშვილი 20%-ს ფლობს 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“.


78. რევაზ ვაშაკიძე

ქონება (მილიონი ₾): 118,57
წყარო: ჩირინა
სფერო: აგროსაქმიანობა
ასაკი: 71


რევაზ ვაშაკიძე სრულად ფლობს შპს „ჩირინას“, რომელიც 2010 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მეფრინველეობაა. მათი პროდუქტი ბაზარზე „ბიუ-ბიუს“ სახელით იყიდება. ვაშაკიძე სამართლებრივ დავაში იყო ჩვენი სიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ლაშა პაპაშვილთან – „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ სწორედ „ჩირინასგან“ ყიდულობდა
ქათმის სკინტლს, რომელსაც საქონელს აჭმევდა.


79. თალიკო ცირეკიძე

ქონება (მილიონი ₾): 116,53
წყარო: ნიკორა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 86


თალიკო ცირეკიძე ფლობს 10%-ს სუპერმარკეტების ქსელსა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ „ნიკორაში“. „ნიკორა“, რომლის
მენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.


80. ზაალ და დავით დუგლაძეები

ქონება (მილიონი ₾): 115,95
წყარო: დუგლაძეების ღვინის კომპანია
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 55, 51

 

ზაალ და დავით დუგლაძეები ფლობენ 67%-იან წილს შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობა ღვინისა თუ სპირტიანი სასმელების წარმოება და ვაჭრობაა. ზაალ დუგლაძე 2024 წლიდან პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.


81. დავით ტაკიძე

ქონება (მილიონი ₾): 115,15
წყარო: ტოიოტა თბილისი
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 54


დავით ტაკიძე ფლობს 33%-ს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას” ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.


82. ირაკლი გურჩიანი

ქონება (მილიონი ₾): 113,19
წყარო: ტოიოტა თბილისი
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 62


ირაკლი გურჩიანი ფლობს 29%-ს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას” ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.


83. თენგიზ აფხაიძე და ოჯახი

ქონება (მილიონი ₾): 111,69
წყარო: ელიზი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 71


თენგიზ, ნათია და ბესიკ აფხაიძეები 20%-იან წილს ფლობენ 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“.


84. ხატია გოგლიძე

ქონება (მილიონი ₾): 106,11
წყარო: კავკასიის უნივერსიტეტი
სფერო: განათლება
ასაკი: 47


ხატია გოგლიძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ აქციების 93% ფლობს და მისი ვიცეპრეზიდენტია. უნივერსიტეტი 1998 წელს გოგლიძის
ქმარმა, კახა შენგელიამ დააარსა, რომელიც დღემდე იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.


85. გიორგი ჩივაძე

ქონება (მილიონი ₾): 102,49
წყარო: შარმ ტრეიდინგი
სფერო: საბითუმო ვაჭრობა
ასაკი: 51


გიორგი ჩივაძე ფლობს 16%-ს შპს „შარმ ტრეიდინგში“, რომელის 2000 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს
ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური, ქიმიური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.


86. უჩა ლურსმანაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 101,76
წყარო: ქონექთი
სფერო: ავტოგასამართი სადგური
ასაკი: 46


უჩა ლურსმანაშვილი სრულად ფლობს შპს „რეპსოლს“, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს და მისი ძირითადი საქმიანობაა ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზის მეშვეობით.


87. გიორგი აღდგომელაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 101,13
წყარო: GRC
სფერო: მრეწველობა და ვაჭრობა
ასაკი: 50


გიორგი აღდგომელაშვილი ფლობს 40%-იან წილს შპს „ჯი არ სიში“, რომელიც 2003 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოება და იმპორტი.


88. როინ დუმბაძე

ქონება (მილიონი ₾): 93,54
წყარო: ბათმშენი
სფერო: დეველოპმენტი
ასაკი: 42


როინ დუმბაძე სრულად ფლობს შპს „ბათმშენს“, რომელიც 2011 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.


89. გრიგორი გუდავაძე

ქონება (მილიონი ₾): 92,76
წყარო: მეგატექნიკა
სფერო: საყოფაცხოვრებო ტექნიკით
ვაჭრობა
ასაკი: 65


გრიგორი გუდავაძე ფლობს 50%-იან წილს შპს „ომეგაში“, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებითა და მოწყობილობებით.


90. დავით ჟღენტი

ქონება (მილიონი ₾): 92,73
წყარო: New Road
სფერო: მშენებლობა
ასაკი: 40


დავით ჟღენტი 50%-იან წილს ფლობს შპს „New Road“-ში, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, ასფალტბეტონის წარმოება, ღორღისა და ქვიშის კარიერების დამუშავება.


91. გივი ჩოჩია

ქონება (მილიონი ₾): 92,73
წყარო: New Road
სფერო: მშენებლობა
ასაკი: 52


გივი ჩოჩია 50%-იან წილს ფლობს შპს „New Road“-ში, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, ასფალტბეტონის წარმოება, ღორღისა და ქვიშის კარიერების დამუშავება.


92. თეა კაკაბაძე

ქონება (მილიონი ₾): 91,45
წყარო: ალტა
სფერო: საყოფაცხოვრებო ტექნიკით
ვაჭრობა
ასაკი: 57


თეა კაკაბაძე 29%-იან წილს ფლობს შპს „ალტაში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობს. ონლაინმაღაზიასთან ერთად, „ალტას” ამჟამად საქართველოს 7 ქალაქში ჯამში 16 მაღაზია აქვს.


93. ნანი ანდიაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 90,33
წყარო: აი სი არ
სფერო: საცალო ვაჭრობა
ასაკი: 62


ნანი ანდიაშვილი ფლობს 25%- იან წილს შპს „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არში“, რომელიც დაარსდა 1995 წელს და სავაჭრო და
მომსახურების კომპანიაა.


94. სულიკო წულუკიძე

ქონება (მილიონი ₾): 88,38
წყარო: ბეთლაივი
სფერო: სათამაშო ბიზნესი
ასაკი: 58


სულიკო წულუკიძე „ბეთლაივის“ მეწილეა, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში საქართველოს 25-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


95. დავით ხეჩიკაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 88,09
წყარო: აი-ბი-ჯი
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 25


დავით ხეჩიკაშვილი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი მთავარი საქმიანობა არის ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვა და ავტომობილების საგარანტიო მომსახურება. დავით ხეჩიკაშვილი ბიზნესმენისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილია.


96. გიორგი ჟორდანია

ქონება (მილიონი ₾): 83,23
წყარო: GBG
სფერო: მრეწველობა და უძრავი ქონება
ასაკი: 52


გიორგი ჟორდანია ფლობს 40%-იან წილს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გრუპში“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოება და რეალიზაციაა.


97. იბრაიმ შალიკაძე

ქონება (მილიონი ₾): 81,46
წყარო: მინისო
სფერო: ვაჭრობა და უძრავი ქონება
ასაკი: 60


იბრაიმ შალიკაძე ფლობს 12.5%-იან წილს შპს „მინისო ჯორჯიაში“, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა იმპორტირებული საქონლით და წარმოადგენს ჩინურ მაღაზიათა ქსელ „მინისოს“ საქართველოში.


98. მაკა სალუქვაძე

ქონება (მილიონი ₾): 80,93
წყარო: ნიკორა
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 57


მაკა სალუქვაძე 6%-იან წილს ფლობს სს „ნიკორაში“, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აერთიანებს სუპერმარკეტების ქსელს,
ხორცპროდუქტებისა და სხვა საკვები ნაწარმისა თუ სასმლის იმპორტიორ/დისტრიბუტორ კომპანიებს. „ნიკორა“, რომლის მენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.


99. ირინე ქოსაშვილი

ქონება (მილიონი ₾): 80,60
წყარო: გუდვილი
სფერო: სასურსათო მაღაზია
ასაკი: 54


ირინე ქოსაშვილი 95%-იან წილს „გუდვილში”, რომელიც საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. ამჟამად „გუდვილს” თბილისში ექვსი, ხოლო ბათუმში ორი ფილიალი აქვს.


100. დიმიტრი რამიშვილი

ქონება (მილიონი ₾): 79,70
წყარო: ივერია
სფერო: სათამაშო ბიზნესი
ასაკი: 49


დიმიტრი რამიშვილი აქციების 12%-ს ფლობს თბილისისა და ბათუმის „რედისონ ბლუ ივერია“-ს შენობებში განთავსებულ კაზინოებში.

 

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი