საქართველოს ბანკის ახალი გლობალური ჯილდოები სამ კატეგორიაში

საქართველოს ბანკის ახალი გლობალური ჯილდოები სამ კატეგორიაში

საერთაშორისო გავლენიანმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის სამი მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინმომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების ონლაინშეთავაზება და საკრედიტო ონლაინმომსახურება.

„ეს აღიარება, ერთი მხრივ, დიდი სიხარულია და მეორე მხრივ, ძალიან დიდი სტიმული, რომ არ შევწყვიტოთ მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების გაუმჯობესება, რათა პროდუქტების დახვეწა და განვითარება მუდმივი, შეუქცევადი პროცესი იყოს. გარდა ამისა, ამ აღიარებას, ვფიქრობ, ეროვნული დატვირთვაც აქვს, რადგან არა მხოლოდ ბანკი ჩანს მსოფლიო რადარზე, არამედ მთლიანად საქართველო“, – ამბობს ლევან კობახიძე, რომელსაც საქართველოს  ბანკში სწორედ ციფრული მომსახურების დეპარტამენტი აქვს ჩაბარებული.

აღსანიშნავია, რომ „World’s Best Digital Corporate/Institutional Banks 2021“ და „World’s Best Digital Consumer Banks 2021“ ჯილდოს პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში გამოვლინდა. მეორე რაუნდში კი ბანკმა სამ კატეგორიაში პირველობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა.

სამ კატეგორიაში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Citi, Eurobank-ი, Sberbank-ი და სხვა. მათ გვერდით საქართველოს ბანკის ყოფნა, ლევან კობახიძის მოსაზრებით, ძლიერი გუნდის დამსახურებაა, რომელიც მონდომებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება, – „ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ბიზნეს- ან ტექნიკური კომპეტენცია, არამედ ძალიან ძლიერი ადამიანური თვისებები, ხედვა და პრინციპები“.

თუმცა, აღსანიშნავია ორგანიზაციის ტექნოლოგიური სიმწიფეც. ბანკის ტექნიკური და მონაცემთა მეცნიერების გუნდები წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ავითარებდნენ ტექნოლოგიურ ფუნდამენტს, რომლის ბაზაზეც ბანკში პერიოდულად ახალი ციფრული პროდუქტები იქმნება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბანკისთვის ეს Global Finance-ისგან მიღებული პირველი ჯილდოები არ ყოფილა. აგვისტოში საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. გარდა ამისა, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი 2021 წელს საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად და ასევე ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკადაც დაასახელდა. ასეთი გლობალური აღიარება ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი შრომის შედეგია. როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, ამას მომხმარებლის საჭიროებებზე განსაკუთრებული აქცენტირებით ახერხებენ. კომპანია ყოველდღიურად აკვირდება მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროებებს, უსმენს მათ ხმას და შეთავაზებებსა და სერვისსაც შესაბამისად გეგმავს.

„მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა, რომელიც ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაციაა, მას შიდა, მაღალკვალიფიციური კვლევის გუნდი ჰყავს, რომელიც მუდმივად იკვლევს მომხმარებლის აზრს როგორც ახალ, ასევე უკვე დანერგილ სერვისებზე“, – განმარტავს ლევან კობახიძე. მისივე თქმით, ბანკი ასევე ცდილობს მომხმარებელთა ურთიერთობის ძირითადი ნაწილი ციფრულ სივრცეში გადაიტანოს, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენი ე.წ. „ბენჩმარკები“, მსოფლიოში ცნობილი ფინტექკომპანიები არიან, რადგან ისინი თავიდანვე ციფრული სამყაროსთვის შეიქმნენ და მათი ღირებულებები ჩვენს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას“, – ამბობს საქართველოს  ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი Forbes Georgia-სთან საუბრისას.

ციფრული სერვისების განვითარებას საქართველოს ბანკში უკვე რამდენიმე წელია, აქტიურ ყურადღებას უთმობენ, ამის საჭიროება ფინანსურმა ინსტიტუტმა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაინახა. ამჟამინდელი ციფრული მიმართულების ბანკის სტრატეგია ე.წ. Mobile First-მიდგომაზე დგას. დღევანდელ გარემოში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, მომხმარებელთა გამოცდილება მკვეთრად შეიცვალა. შესაბამისად, ბანკში მიიჩნევენ, რომ დღეს თითქმის აღარ არსებობს პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ციფრული არხების მეშვეობით. ასევე არცერთი ასეთი პროდუქტი თუ შეთავაზება ბანკში არ იქმნება ამ მიმართულებით მომხმარებელთა გამოცდილების გააზრების გარეშე.

„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ მობილური არხებით შეთავაზებული სერვისების სპექტრი. არა მხოლოდ დავფაროთ ყველა საბანკო მომსახურება, არამედ შევქმნათ უფრო მეტი ღირებულება, ვიდრე ამის შესაძლებლობას ტრადიციული საბანკო მომსახურება იძლევა. შევთავაზოთ მომხმარებელს საინვესტიციო და სადაზღვევო პროდუქტები და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის სხვა ყოველდღიური საჭიროებები“, – ამბობს ლევან კობახიძე და დასძენს, რომ საქართველოს ბანკში პროდუქტების უმრავლესობა უკვე გაციფრულებულია. ციფრული პროდუქტების მოხმარებაც მზარდია. მაგალითად, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მცირე და საშუალო ბიზნესების 80%-ზე მეტი ციფრულ პროდუქტებს უკვე აქტიურად იყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *