საქართველოს ბანკის ორგანიზებით, სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე კონკურსის წესების შესახებ და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 2 თვის განმავლობაში საკონსულტაციო შეხვედრები სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა.
საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რიგით მესამე კონკურსი, 10 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. გამარჯვებული პროექტები 50 000 ლარის მოცულობის თანხით დაფინანსდება.
საქართველოს ბანკის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016-2018 წლებში შეირჩა და ჯამში 400 000 ლარით დაფინანსა, 10 სოციალური საწარმოს პროექტი. მაგალითისთვის: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო ინკლუზიური ეკო-ბანაკი “ოჩოკემპი”; განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა ინტერნეტიზაცია და შეიქმნა პლატფორმა charte.ge; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად დაფინანსდა მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი”. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.