უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის მიმართ საქართველოს პოზიცია საკმაოდ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ომს გმობს, ის არ შეერთებია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. უკრაინის მთავრობის მიხედვით, საქართველო რუსეთს დასავლური იზოლაციისა და სანქციების თავიდან ასარიდებლად ეხმარება კიდეც. მაშინ როდესაც საქართველოს „ნეიტრალიტეტი“ კრემლის მიმართ ნაწილობრივ შესაძლოა გასაგები ჩანდეს რუსული შესაძლო საფრთხის მიმართ შიშით, ასეთი პოზიცია მაინც მოსკოვისთვის ფაქტობრივ მხარდაჭერად აღიქმება. თბილისსა და დასავლეთს შორის გაგრილებული ურთიერთობების ფონზე, რაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლითაა ძირითადად გამოწვეული, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა თანდათანობით ცდილობს საგარეო პოლიტიკის რუსეთისკენ რეორიენტირებას. საერთაშორისო დონეზე იზოლირებულ რუსეთთან თანამშრომლობამ შესაძლოა მართლაც მოუტანოს საქართველოს სარგებელი მოკლევადიან პერიოდში, თუმცა არსებობს უსაფრთხოების რისკები, რომელთაც შესაძლოა, თავი გრძელვადიან პერიოდში იჩინოს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. 7 აპრილს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც რუსეთისთვის ადამიანის უფლებების საბჭოზე წევრობის შეჩერება სურდათ. თუმცა, მიუხედავად მხარდაჭერითი რიტორიკისა, თბილისმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებისგან თავი მაინც შეიკავა. ერთი შეხედვით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მთავრობის შიში, რომ საქართველო რუსეთის ახალი სამიზნე არ აღმოჩნდეს. თუმცა საქართველოს მთავრობა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას შესაძლოა ერთგვარ ეკონომიკურ სარგებლად აღიქვამდეს. ამჟამად, რუსეთის გავლით სავაჭრო გზები ჩაკეტილია და რუსეთსა და დასავლეთს შორის საქონლის მიმოქცევა შეჩერებულია, მოსკოვი ცდილობს სამეზობლოში ალტერნატიული გზების მოძიებას. ასეთი გამოუვალი მდგომარეობა კი რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის ქმნის შესაძლებლობას, ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. ამასობაში, უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს ასეთი პოზიცია რუსეთს ხელს აძლევს, დასავლურ სანქციებს გვერდი აუაროს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხანია,შეწყვეტილია, თუმცა ურთიერთობების „დათბობის“ რამდენიმე მცდელობა უკვე არსებობს. 18 იანვარს, პრესკონფერენციის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის მოხარული იყო საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მშპ 2022 წელს 10%-ით გაიზარდა სწორედ რუსეთთან ურთიერთობების გააქტიურების ფონზე. გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკის ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულება მართლაც შესამჩნევად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ასევე უკავშირდება სამხედრო მობილიზაციის, სანქციების მიერ შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებისა და რეპრესიების გამო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ 2021 წელს საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა (2018 წელს ეს მონაცემი 2.8% იყო) და 94% ხორბლის ექსპორტისა რუსეთიდან შემოვიდა.
საქართველოს ბრალს ხშირად სდებენ რუსეთისთვის იზოლაციის თავიდან არიდების დახმარებაში, რადგან საქართველოზე გამავალი რუსეთსა და თურქეთს შორის სატრანზიტო მიმოსვლა საკმაოდ გაიზარდა. მოსკოვი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ახლო ურთიერთობებს თურქეთთან და ანკარას მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. საქართველოზე კი ამ ორ ქვეყანას შორის უმოკლესი სატრანზიტო გზა გადის. აქედან გამომდინარე, კიევი და ქართული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კრემლთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ ის საქონელი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში შედის, საერთაშორისო სანქციების სიაში შეტანილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს საჰაერო გზებისა და დიპლომატიური კავშირების აღდგენასაც სთავაზობს, რასაც საქართველოს საზოგადოება საკმაოდ ნეგატიურად ხვდება. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირი ფრენების აღდგენის იდეას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იქნებოდა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კობახიძის განცხადებამ საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციისა და პრეზიდენტის მხრიდან.
საქართველოს მთავრობის ქმედებები ორმაგ თამაშს წააგავს და მას შეუძლია, რუსეთის დასასუსტებლად დასავლეთის მიერ მიღებული ზომების ძირის გამოთხრა. მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, საქართველოს პოზიცია შესაძლოა მართლაც ნეიტრალური იყოს, თუმცა ის რუსეთისთვის დახმარების ტოლფასია. ამას ადასტურებს რუსი პოლიტიკოსების „ქართული ოცნების“ მიმართ სამადლობელო განცხადებებიც. მმართველი პარტიის პოლიტიკა შესაძლოა, მართლაც პრაგმატული მიდგომითა და მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური სარგებლის მიღებითაა ნაკარნახევი. თუმცა არსებობს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური რისკები, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება. კრემლზე მცირე დამოკიდებულებაც კი შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ ბერკეტად იქცეს. მსგავსი პრობლემატური საკითხია ასევე რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინება და მათ მიერ დარეგისტრირებული ათასობით კომპანია. ომის დაწყებიდან, საქართველოში მილიონზე მეტი რუსი მოქალაქე შემოვიდა და დაახლოებით 20 000 ბიზნესი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამან ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს, საქართველოს სამომავლოდ შესაძლოა საკმაოდ გაუჭირდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.