საქართველოს გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ

საქართველოს გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ

ვილნიუსის სამიტმა საქართველოსა და რეგიონის მომავლის საკითხი ძალიან ნათლად დააყენა – ან ევროპა, ან რუსეთი.

ასე მკაფიოდ საკითხი ამ რეგიონში ჯერ არ დამდგარა. ყველაზე ახლოს ეს რეგიონი მსგავს დილემასთან 2008 წლის აპრილში იდგა, როდესაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი ნატოს ბუქარესტის სამიტზე განიხილებოდა. მაშინ ალიანსის წევრებმა ცალსახად თქვეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრები, თუმცა არ მისცეს ამ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა. შედეგად რუსეთმა ჯერ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ძალა, შემდეგ კი უკრაინის ოპოზიციის ღია მხარდაჭერით უკრაინაში პრორუსული იანუკოვიჩი მოიყვანა ძირითადად აღმოსავლეთუკრაინელი ამომრჩევლების მხარდაჭერის ხარჯზე.

ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირთან დაკავშირებით მსგავსი დილემა აქამდე არ დაფიქსირებულა. ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთის პარტნიორობა შექმნის დღიდან აღიქმებოდა როგორც ევროკავშირის გეგმა რუსეთისთვის ტრადიციული პარტნიორების ჩამოცილებისა. 2009 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებდა, რომ ევროკავშირს უნდა დაემტკიცებინა რუსეთისთვის, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა არ აგდებდა პარტნიორ სახელმწიფოებს რუსეთთან დაპირისპირების რეჟიმში”. იმავეს ამბობდა დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი და ზოგადად რუსული ისტებლიშმენტი ევროკავშირის გეგმების შესახებ აღმოსავლეთის პარტნიორებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ამგვარი მიდგომა სხვა არაფერია, თუ არა კრემლის სურვილი, რომ გააკონტროლოს თავისი მეზობლები და მათი სუვერენული უფლება – ჰქონდეთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა – მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაუქვემდებაროს. ამას დიპლომატიურ ენაზე „გავლენის სფეროების” დაფიქსირება ჰქვია. გავლენის სფეროებად ტერიტორიების მონიშვნა კი ევროპისა და ეუთოს კონტინენტზე დაშვებული არ არის. 1999 წელს სტამბოლში ეუთოს სახელმწიფოებმა მიიღეს ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ „ეუთოს ფარგლებში არც ერთი სახელმწიფო, სახელმწიფოების ჯგუფი, ან ორგანიზაცია არ ჩათვლის ეუთოს არც ერთ ნაწილს თავისი გავლენის სფეროდ”. სულ ბოლოს ეუთოს სახელმწიფოებმა ეს განცხადება 2010 წელს გაიმეორეს ასტანის სამიტის მემორიალურ დეკლარაციაში. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს თავისი „ახლო სამეზობლოს” გავლენის სფეროდ დაფიქსირებას და ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს მათზე ევროპული ინტეგრაციის პროცესის გავრცელებას. უფრო მეტიც, როგორც ალტერნატივას, რუსეთი ამ რეგიონს სთავაზობს საკუთარ ინტეგრაციულ პროექტს – ევრაზიულ ინტეგრაციას, მანამდე კი საბაჟო კავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანებას.

ევროკავშირისთვის რუსეთის ასეთი დამოკიდებულება გავლენის სფეროების მიმართ სრულიად მიუღებელია. ბრიუსელის პოზიციას ყველაზე კარგად ასახავს 2009 წელს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის, მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა არ არის გავლენის სფეროების შესახებ. განსხვავება იმაშია, რომ ამ ქვეყნებმა თავად აირჩიეს პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანება”. ეს მართლაც ასეა. აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით აირჩიეს ევროკავშირთან თანამშრომლობა, ამიტომ რუსეთის პრეტენზიები მათი საგარეო პოლიტიკის მიმართ უსაფუძვლოა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საკმაოდ მაღალია. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც სომხეთი და აზერბაიჯანია, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეა მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ანალოგიურად ფიქრობს. იმავე უკრაინაში მოსახლეობის თითქმის 60% მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას, რასაც ხელი არ შეუშლია იანუკოვიჩისთვის, უარი განეცხადებინა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში ყველა მსგავს პოზიციაზე არ არის. ბელარუსსა და აზერბაიჯანს არც სურთ და არც შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორობის პროგრამის სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ძირითადად ამის განმაპირობებელი იქ არსებული ავტორიტარული რეჟიმებია. სომხეთს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, თუმცა არა აქვს შესაძლებლობა რუსეთზე მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ყარაბაღის კონფლიქტის გამო. რაც შეეხება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, მათ ბოლო პერიოდამდე სურვილიც ჰქონდათ და შესაძლებლობაც სრულად გამოეყენებინათ აღმოსავლეთის პარტნიორობის მიერ შეთავაზებული სიკეთეები – ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალის წევრობა, ვიზების ლიბერალიზაცია და ასე შემდეგ.

შესაბამისად, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ევროკავშირისკენ გადაწყვიტეს გეზის აღება, რეალურად გაითავისეს, რომ ისეთი ღირებულებების გაზიარება მოუწევდათ, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის პრინციპები.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს უნდა მიეღოთ პოლიტიკური, ან, გნებავთ, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება – აერჩიათ ან დასავლეთი და ევროპული ინტეგრაცია, ან რუსეთი და ევრაზიული ინტეგრაცია. ბელარუსმა ეს გადაწყვეტილება ევროპის საწინააღმდეგოდ მიიღო, სომხეთმა – რუსეთის სასარგებლოდ, აზერბაიჯანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მოლდოვამ და საქართველომ ევროპის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, ხოლო უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ და, შესაბამისად, ევროპისა და საკუთარი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ.

რა ხდება უკრაინაში?

ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინის მოსახლეობა ითხოვს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაყენებას. მაიდანი, რომელსაც ამჯერად ევრომაიდანი ჰქვია, სავსეა უკრაინელებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უღალატა ეროვნულ ინტერესებს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ნაცვლად რუსეთისკენ გადადგა ინტეგრაციული ნაბიჯი. ოპოზიციის სამი გამოკვეთილი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „უდარის” თავჯმდომარე ვიტალი კლიჩკო, პოლიტიკური პარტიის „ბატკივშჩინას” ლიდერი არსენი იაცენიუკი და საერთოუკრაინული გაერთიანება „სვობოდას” თავმჯდომარე ოლეგ ტიაგნიბოკი მიიჩნევენ, რომ იანუკოვიჩმა ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს, ხოლო ქვეყანამ შეუქცევადად უნდა გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. პრეზიდენტი იანუკოვიჩი კი აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის აუცილებელია დაფიქრებული გადაწყვეტილების მიღება და იმ რისკების დაბალანსება, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან უკრაინის „დასჯას” მოჰყვეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო.

სანამ ევრომაიდანზე ვნებები ბობოქრობს, აუცილებელია უკრაინის მაგალითის კარგი გაანალიზება, რადგან უკრაინის დილემა მართლაც რეალურია და შეიძლება არცთუ ისე შორს იყოს ის დღე, როდესაც ოფიციალურ თბილისსა და კიშინაუსაც მსგავსი დილემების დაძლევა მოუწევს. უკრაინის შემთხვევაში სავსებით ნათელია, რომ რუსეთმა ყველა ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ხელი არ მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებისთვის. დღეს უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული სახელმწიფოა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე. უკრაინა 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში იხდის 400 დოლარს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასია. უკრაინა დიდი ხანია, ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე. მხოლოდ 2013 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ხელშეკრულებები გააფორმა „შელთან” და „შევრონთან” ფიქლის გაზის წარმოებასთან დაკავშირებით და ასევე დაიწყო მოლაპარაკებები „ექსონ მობილთან” შელფიდან ბუნებრივი აირის ამოღებასთან დაკავშირებით. ამასთან, უკრაინა ცდილობს შემოიყვანოს სხვადასხვა ევროპული კომპანია, რომლებიც მეტი რაოდენობის ბუნებრივ აირს აწარმოებენ. მათ შორისაა იტალიური „ენი” და საფრანგეთის „ელექტრისიტე დე ფრანსი”.

გარდა ამისა, უკრაინა ცდილობს აამოქმედოს ადრიატიკის გაზის კორიდორის პროექტი უნგრეთსა და ხორვატიასთან ერთად, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას გამოიყენოს ბუნებრივი აირი, რომელიც 2017 წლიდან წარმოებული იქნება ხორვატიის კუნძულ კრკზე მდებარე LNG ტერმინალში. პარალელურად პოლონეთიც და უნგრეთიც საშუალებას აძლევენ უკრაინას, რომ საჭიროების შემთხვევაში რევერსულად გამოიყენოს ბუნებრივი აირის მილსადენები და მოიხმაროს ევროპული გაზი.

თუმცა ყველა ეს მცდელობა გრძელვადიან დივერსიფიკაციას უკავშირდება. მოკლე ვადაში, უკრაინას დიდი არჩევანი არა აქვს, რადგან ექსკლუზიურად დამოკიდებულია „გაზპრომზე”. 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში უკრაინამ სცადა შეემცირებინა „გაზპრომისგან” ნაყიდი ბუნებრივი აირი, და კონტრაქტის გაწყვეტითაც დაემუქრა, თუმცა საბოლოო ჯამში იძულებული გახდა აღედგინა ბუნებრივი აირის მიღება, რადგანაც „გაზპრომი” ბლეფს არ წამოეგო.

ბუნებრივი აირის პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ უკრაინა ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის ფასების სუბსიდირებას ახდენს, რათა მოსახლეობამ მაღალი ფასი არ გადაიხადოს გაზში. ეს კი ქვეყანას მილიარდები უჯდება. ამის გამო უკრაინა ვერ ახერხებს დროულად „გაზპრომისთვის” თანხების გადახდას. 2013 წელს კიევს „გაზპრომის” 1 მილიარდი დოლარი მართებს. ცხადია, პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებდა ქვეყნის შიგნით ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რადგან უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს არის დაგეგმილი, ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა კი სერიოზულად დაარტყამს იანუკოვიჩის რეიტინგს.

უფრო მეტიც, მთავრობა არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს უჯერებს, რომელიც 2011 წლიდან დაჟინებით სთხოვს უკრაინას ენერგეტიკული ბაზრის დარეგულირებას, რაც, პირველ რიგში, შიდა ბაზარზე ფასების სუბსიდირების გაუქმებას გულისხმობს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას 15-მილიარდიანი ტრანში შეუჩერა. ახალი ტრანშის მისაცემად IMF ასევე სხვა მოთხოვნებსაც უყენებს უკრაინას: ვალუტის მოქნილი კურსის შემოღებას (უკრაინის მთავრობა წლებია, ხელოვნურად აჩერებს გრივნის კურსს დოლართან 8:1-ზე), და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას (წინა წელს უკრაინამ 25 ადგილით გაიუმჯობესა ბიზნესის წარმოების რეიტინგში ადგილი და 112-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, საქართველო ამ რეიტინგში მე-8 ადგილზეა).

ამ პრობლემას ასევე ემატება უკრაინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთის მიმართ დიდი საგარეო ვალი. იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტამდე ღიად განაცხადა, რომ მას დაახლოებით 500 მილიარდი ევრო დასჭირდება, რომ დაფაროს ის ზარალი, რომელსაც აღმოსავლეთუკრაინული კომპანიები ნახავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ემბარგოს დაადებს უკრაინულ პროდუქციას. უკრაინამ ასევე 100 მილიარდ ევრომდე მოითხოვა იმ სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული კომპანიების სრულად მოსახვედრად.

რა თქმა უნდა, ეს თანხები აბსურდულად მაღალია. ევროპელი ექსპერტები და დიპლომატები, მათ შორის, ჩემთან საუბრებშიც, ხშირად ამბობენ, რომ ეს თანხები იანუკოვიჩმა ზედმეტად გაბერა, რათა სოლიდური პირადი მოგება ნახოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთ სესხს მას ევროკავშირი და ამერიკა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტები მისცემენ. რეალურად კი უკრაინას ალბათ 20 მილიარდამდე დასჭირდება, რომ სტრუქტურული რეფორმები განახორციელოს და რუსეთის მიერ გამოცხადებულ სავარაუდო ემბარგოს ზიანი გადაიტანოს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა ყველა ეს ბერკეტი ერთდროულად აამოქმედა, როდესაც უკრაინას მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. მოსკოვი დაემუქრა უკრაინას, რომ სასწრაფოდ მოსთხოვდა საგარეო ვალის უკან დაბრუნებას, კიდევ გააძვირებდა ბუნებრივ აირს და დაუკეტავდა ბაზარს უკრაინულ ექსპორტს. ეს ყველაფერი პუტინმა შეფუთა როგორც „დამცავი ზომები რუსული კომპანიებისთვის”, რომელთაც იაფი ევროპული პროდუქცია დაემუქრებოდა, თუ უკრაინა ხელს მოაწერდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ამგვარი სცენარის შემთხვევაში, ფაქტია, რომ უკრაინა გარდაუვალი დეფოლტის წინაშე დგებოდა. უკრაინის საგარეო ვალი 100 მილიარდ დოლარამდე ადის, აქედან მომდევნო წელს მას 60 მილიარდამდე ვალის გადახდა უწევს, საიდანაც სახელმწიფოს ვალი 7 მილიარდი დოლარია. ერთადერთი გზა, რომ უკრაინამ ეს ვალი დროულად გადაიხადოს, არის საგარეო დახმარება, კერძოდ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, კიევი არ თანხმდება სავალუტო ფონდის პირობებს. გადახდის მეორე გზა არის ფულადი რეზერვები, რომლებიდანაც უკრაინას მხოლოდ 20 მილიარდი დოლარი დარჩა. სხვადასხვა შეფასებით, თუ უკრაინა ამ რეზერვს აამოქმედებს, გაისად 5 მილიარდიდან 13 მილიარდამდე რეზერვიღა დარჩება, რაც პრაქტიკულად გარანტირებულ დეფოლტს ნიშნავს საშუალოვადიან პერსპექტივაში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისედაც დღეს უკრაინის დეფოლტის შესაძლებლობა მომდევნო 5 წელიწადში 50 პროცენტით ფასდება, რაც ყველაზე მაღალი ალბათობაა არგენტინის შემდეგ, რომელმაც ერთი დეფოლტი უკვე განიცადა 15 წლის წინ.

ამ ბერკეტებთან ერთად რუსეთმა ღიად აგრძნობინა იანუკოვიჩს, რომ ის არ არის აუცილებლად ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მოსკოვი მხარს დაუჭერს 2015 წლის არჩევნებში. წლის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც იანუკოვიჩმა, სავარაუდოდ, პირველად სცადა აეხსნა პუტინისთვის, რომ მან ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერა გადაწყვიტა, პუტინმა შეხვედრა რამდენიმე წუთში შეწყვიტა. მიმდინარე წლის აგვისტოში რუსულ მედიაში „გაჟონა” ვითომ საიდუმლო დოკუმენტმა სათაურით „ზომების კომპლექსი უკრაინის ევრაზიულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩასართველად”. ამ დოკუმენტში 20-მდე ნაბიჯზეა საუბარი უკრაინის ევროპული ორიენტაციის შესაცვლელად. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემია ღია ტექსტით დაფიქსირება, რომ რუსეთის დასაყრდენი უკრაინაში შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოძრაობა „უკრაინული არჩევანი” ვ.მედვედჩუკის ხელმძღვანელობით.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მუქარასთან ერთად რუსეთმა უკრაინას ალტერნატივაც შესთავაზა – ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, მანამდე კი საბაჟო კავშირის წევრობა და იაფი ბუნებრივი აირი. როგორც რამდენიმე დღის წინ ეკონომისტის კომენტატორმა ედვარდ ლუკასმა დაწერა, სოჭში 6 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე იანუკოვიჩი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინა ბუნებრივ აირში მხოლოდ 200 დოლარს გადაიხდიდა, რუსული ბაზარი უკრაინელი მწარმოებლებისთვის არ დაიკეტებოდა, ხოლო ვალების რესტრუქტურიზაცია უმტკივნეულოდ მოხდებოდა. ეს ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო, თუმცა ბევრი კომენტატორი დღესაც მიიჩნევს, რომ ამ თემაზე უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს და ახლა ჯერი მხოლოდ სწორი დროის მონახვაზეა, რომ მოსახლეობას ეს სიახლე ამცნონ.

ასოცირების ხელშეკრულებები, როგორც პირობითობის კარგი მაგალითი.

თუ ცოტა ღრმად გავაანალიზებთ აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე მოვლენებს, ვნახავთ, რომ პირველად ბოლო ოცი წლის მანძილზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ევროკავშირი იყენებს ხისტი პირობითობის ინსტრუმენტს, ანუ გვთავაზობს სარგებელს კონკრეტული რეფორმების ნაცვლად და გვემუქრება სარგებლის შემცირებით, ან სხვა ირიბი სანქციით, რეფორმების არგატარების შემთხვევაში. ანალოგიური დამოკიდებულების გამო, ასოცირების ხელშეკრულებების პარაფირება, ხელმოწერა და რატიფიცირება იქცა გავლენის რეალურ ინსტრუმენტად ევროკავშირის მხრიდან. ეს ახალი მიდგომაა ბრიუსელისთვის და ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტიანიც.

უკრაინისა და ევროკავშირის მიერ 2012 წელს პარაფირებული ხელშეკრულება ძალაში არ შევიდა ძირითადად იულია ტიმოშენკოს დაკავებისა და შერჩევითი სამართლის გამოყენების გამო. ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება 2011 წლის ბოლოს იქნა შეთანხმებული, თუმცა 2011 წლის 19 დეკემბერს ევროკავშირმა პარაფირებისა და ხელმოწერის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება. 2012 წლის 30 მარტამდე, როდესაც უკრაინამ ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა ბრიუსელში, ევროკავშირმა ღიად დააფიქსირა ხელშეკრულების ხელმოწერაზე პროგრესის ბმა იულია ტიმოშენკოს, იური ლუცენკოსა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან. 2012 წლის 10 დეკემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ კიდევ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ პარაფირებული ხელშეკრულების ხელმოწერა დამოკიდებული იქნებოდა უკრაინის მიერ შერჩევითი სამართლის პრობლემის დაძლევაზე.

2012 წლიდან ევროკავშირის მხრიდან ტიმოშენკოს საქმეზე სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი პეტ კოქსი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი 30-ჯერ მაინც ესტუმრნენ უკრაინას და მრავალი შეხვედრა გამართეს როგორც პრეზიდენტ იანუკოვიჩთან და უკრაინის მთავრობის წევრებთან, ისე სატუსაღოში მყოფ იულია ტიმოშენკოსთან. კოქსი-კვაშნევსკის მისია მიზნად ისახავდა ისეთი გამოსავლის მოძებნას, რომელიც გაათავისუფლებდა იულია ტიმოშენკოს და საშუალებას მისცემდა ევროკავშირს, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებისთვის. ვილნიუსის სამიტისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისთვის მიმართვის დროს, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ უკრაინა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას არ აპირებდა, კვაშნევსკიმ და კოქსმა დიდი სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცა იანუკოვიჩი. თავიანთ გამოსვლაში მათ ხაზი გაუსვეს, რომ ბოლომდე სჯეროდათ, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებები გულწრფელი იყო, თუმცა ბოლო შეხვედრებზე ნათელი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ რუსეთთან უკეთესი გარიგების მისაღებად იყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.

ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით პირველად იყენებს ასოცირების ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების მიერ შეთავაზებულ სიკეთეებს პირობების წასაყენებლად თავიანთი პარტნიორებისთვის. ამგვარი პირობითობა ადრე ევროკავშირის ურთიერთობებში მის მეზობლებთან დამახასიათებელი არ იყო.

პირობითობის ამგვარად გამოყენება უკრაინასთან მიმართებით კარგი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლებებისთვის. ამ ორ ქვეყანაში დემოკრატია შეუქცევად ხასიათს იღებს, თუმცა მაინც შეიმჩნევა პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც განსაკუთრებით პოლიტიკურ შურისძიებაში იჩენს თავს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი ინფორმაცია, ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან ვილნიუსის სამიტზე ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალის შესახებ ხელშეკრულების მხოლოდ პარაფირება და არა ხელმოწერა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ევროკავშირს სურდა დარწმუნებულიყო, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ფაქტია, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და შემდგომ რატიფიკაციას შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

რუსეთის ბერკეტები საქართველოსა და მოლდოვაზე ზემოქმედებისათვის

მაგრამ საფრთხეებზე საუბრის დროს, ბუნებრივია, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი საფრთხე – რუსეთის მხრიდან ზეწოლა საქართველოზე საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად. უკრაინის პრობლემები ბადებს ბუნებრივ კითხვას – გამოიყენებს თუ არა რუსეთი მსგავს, ან დაახლოებულ ბერკეტებს საქართველოსა და მოლდოვაზე, დარჩენილ ორ ქვეყანაზე, რომლებიც ჯერ ისევ აგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესს.

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – აუცილებლად გამოიყენებს! რუსეთისთვის აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოება, იქნება ეს ღია პროცესი, როგორც აღმოსავლეთევროპული 12 სახელმწიფოსთვის მოხდა 2004 – 2007 წლებში, თუ შეფარული, როგორც ეს დღეს ხდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან, სულ ერთია და ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორიც, ვთქვათ, ნატოს გაფართოება. მახსენდება ჩემი საუბარი ერთ-ერთ რუს მაღალჩინოსან დიპლომატთან, როდესაც მან გულწრფელად მითხრა – ნატო თუ ევროკავშირი, ჩვენთვის სულ ერთია. საქართველოს არც ერთ მათგანში ინტეგრაციის საშუალებას არ მივცემთო.
ამიტომ თითქმის გარდაუვალია, რომ მომდევნო ერთი-ორი წელი საქართველოსა და მოლდოვასთვის ძალიან რთული იქნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოლდოვა, სადაც გაისად არჩევნები იმართება და მომძლავრებული კომუნისტური პარტია ყველაფერს იღონებს, რომ ევროპული ინტეგრაციის ალიანსი, რომელიც სამი პარტიისგან შედგება, დაამარცხოს და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა შეაჩეროს.

რუსეთის მხრიდან უკვე გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალები მოლდოვასთან მიმართებით. სექტემბერში დმიტრი როგოზინმა ცალსახად განაცხადა, რომ მოლდოვას მომდევნო ინტეგრაცია ევროკავშირთან პირდაპირ აისახებოდა მოლდოველი მიგრანტების რუსეთში ყოფნაზე, ასევე მოლდოვურ ექსპორტზე რუსეთში და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების ალბათობაზე.
ანალოგიურად, რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველომაც შეანელოს ან შეცვალოს ევროპული კურსი. ამ მიზნით, ჩემი აზრით, რუსეთი ინსტრუმენტების ნაზავს გამოიყენებს, ანუ მიმართავს როგორც თაფლაკვერის, ისე მათრახის პოლიტიკას. ამ ინსტრუმენტებს შორის, შესაძლებელია იყოს ყველა, ან რომელიმე ქვემოთ მოყვანილთაგან:

– საქართველოს მხრიდან რუსეთში გაზრდილი ექსპორტის თავიდან დაკეტვა. ბოლო ერთ წელიწადში ქართველმა ექსპორტიორებმა (ღვინო, მინერალური წყლები) რუსულ ბაზარზე დაბრუნება მოახერხეს. მართალია, ეს მოცულობები ჯერ დიდი არაა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად შეიძლება გაიზარდოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. რუსეთს ადვილად შეუძლია ამ პროდუქციისთვის ბაზრის დაკეტვა ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს.
– საქართველოს ეკონომიკაში დიდი ალბათობით შემდეგი წლის განმავლობაში გაიზრდება რუსეთიდან მომავალი ინვესტიციები. ამ ინვესტიციების შეჩერების მუქარა ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული ბერკეტად საქართველოსთან მიმართებით.
– რუსეთში საქართველოს რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ცხოვრობს. მათი საქართველოში გამოძევება რუსეთმა უკვე სცადა 2006 წელს, რის გამოც საქართველომ რუსეთს სტრასბურგშიც უჩივლა (გადაწვეტილება შემდეგი წლის დასაწყისში უნდა იყოს ცნობილი და, დიდი ალბათობით, საქართველო ამ საქმეს მოიგებს). იმავეს გამეორება რუსეთის მხრიდან შეიძლება სერიოზული დარტყმა იყოს საქართველოს შრომით ბაზარზე, ასევე ფულადი გზავნილების რაოდენობაზე.
– რუსეთს ასევე შეუძლია შეწყვიტოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გამოგზავნა. მოსკოვი ამ ინსტრუმენტს სერიოზულად განიხილავდა 2006 წელს, თუმცა საბოლოოდ ამგვარი რადიკალური ნაბიჯისგან თავი შეიკავა. ფულადი გადარიცხვები საქართველოს ეკონომიკის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს შეადგენს, ამიტომ მათი შეზღუდვა აუცილებლად მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.
– რუსეთს შეუძლია კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის, სხვადასხვა სახის პროვოკაციის გამოყენებით, ან საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევით. ნებისმიერი ასეთი ქმედება უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოებაზე და საბოლოო ჯამში ურტყამს ჩვენს იმიჯს.
– სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთმა კვლავ მიმართოს ძალის გამოყენების ტაქტიკას, მით უმეტეს, რომ ამგვარი მექანიზმი მან 2008 წელს უკვე გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეს რადიკალური ნაბიჯი იქნება, მაგრამ სხვა ვარიანტების ჩავარდნის შემთხვევაში, საქართველო მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვისაც მზად უნდა იყოს.
– ასევე სავარაუდოა, რომ რუსეთმა ჩვენთან მიმართებით უკრაინის მსგავსად „თაფლაკვერის პოლიტიკაც” გამოიყენოს; კერძოდ, რუსეთს შეუძლია გვითხრას, რომ თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ ევროპულ ინტეგრაციას, მივიღებთ გარკვეულ დივიდენდებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით (მინიმუმ, რუსეთი შეგვპირდება, რომ აღარ ეცდება მეტი აღიარების მოპოვებას; მაქსიმუმ, რაც ამ ეტაპზე გამორიცხულია, შემოგვთავაზებს აღიარების უკან გაწვევას). ყველაზე რეალისტური სცენარით კი რუსეთი ალბათ გვაგრძნობინებს, რომ ურთიერთობების მომდევნო დათბობა შეუძლებელი იქნება ევროპული ინტეგრაციის პროცესის შენელების გარეშე.

ყოველივე ამის გამო, ჩემი აზრით, მომავალი რამდენიმე წელიწადი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე იქნება. თუმცა ამ წლებში გამოჩნდება სწორედ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რამდენად შეუქცევადია ჩვენი სწრაფვა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *