საქართველოს ჯანდაცვის სექტორი რიცხვებში

საქართველოს ჯანდაცვის სექტორი რიცხვებში

ერთ წელზე მეტია, მსოფლიოში ყურადღება ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორისკენ არის მიმართული, რადგან სწორედ ეს სექტორი დგას პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ვირუსის გავრცელების მასშტაბთან და მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა სამედიცინო სექტორის მასშტაბსა და მზაობაზეც არის დამოკიდებული. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა. პანდემიის მეორე ტალღის დროს ინფიცირებულების რაოდენობის ზრდით საქართველო გარკვეული პერიოდი ლიდერობდა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ურთულესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

ჯანდაცვის სექტორის ძირითად მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. ამ დროისთვის 2019 წლის ჩათვლით არის მონაცემები გამოქვეყნებული, ანუ შეგვიძლია ვნახოთ, რა სიმძლავრით შეხვდა სექტორი პანდემიას. 2019 წლის ბოლოს საქართველოში 265 საავადმყოფო (სამედიცინო დაწესებულება) იყო. 2011-2012 წლებში საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა კლებულობდა. 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა და, შესაბამისად, საავადმყოფოების რაოდენობაც გაიზარდა. 2012 წელს 221 სამედიცინო დაწესებულება იყო, ხოლო 2016 წელს – 276. 2017-2019 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა 8 ერთეულით შემცირდა.

საავადმყოფოებთან ერთად საქართველოში 2,280 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებაა. 2015 წელს 2,385 პოლიკლინიკა იყო და მას შემდეგ 105 ერთეულით შემცირდა.

2013 წლიდან მზარდი ტენდენციაა საავადმყოფოების საწოლების რიცხვის მხრივაც. 2013 წელს 11,600 საწოლი იყო, 2019 წლის ბოლოს კი 50%-ით მეტი – 17,471 საწოლი. მიუხედავად იმისა, რომ 2017-2019 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა შემცირდა, საწოლების რაოდენობა ამ წლებშიც გაიზარდა 3,600 ერთეულით. პანდემიასთან ბრძოლისთვის საწოლების რაოდენობა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სამედიცინო სექტორის მასშტაბების შეფასებისას, საავადმყოფოებისა და საწოლების რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმებისა და ექთნების რაოდენობა. 2013 წლიდან საქართველოში ექიმების (იგულისხმება დასაქმებული ექიმები) რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს 31,746 ექიმი იყო დასაქმებული. ბოლო წლებში ექთნების რაოდენობაც გაიზარდა და 2019 წელს 19,613-ს მიაღწია, თუმცა ექიმების რაოდენობას ბევრად ჩამორჩება. 2013-2019 წლებში ექთნების რაოდენობა 39%-ით გაიზარდა (როცა ექიმების 64%-ით) და კიდევ უფრო ჩამორჩა ექიმების რაოდენობას. ყოველ 100 ექიმზე 62 ექთანი მოდის, რაც არანორმალური სიტუაციაა. მაგალითად, OECD-ის 2017 წლის მონა­ცემების მიხედვით, იაპონიაში, ფინეთსა და დანიაში 100 ექიმზე 460 ექთანი მოდიოდა, შვეიცარიაში – 430, აშშ-ში – 410, ნორვეგიაში – 390, გერმანიაში – 320, პოლონეთსა და რუსეთში – 220, ლიეტუვასა და ესტონეთში – 180, ჩინეთსა და თურქეთში – 130 და ა.შ. შეინიშნება ტენდენცია, რომ ექთნების ნაკლებობას უფრო ღარიბი ქვეყნები განიცდიან. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ შედარებით დაბალი ანაზღაურების გამო ექთნობა ნაკლებად სასურველი პროფესიაა და ვინც მედიცინით არის დაინტერესებული, ცდილობს, ექიმი გახდეს.

ექიმების რაოდენობით საქართველო მსოფლიო დონეზეც კი გამორჩეულია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ყოველ 1000 ადამიანზე 7.1 ექიმი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე იყო, მხოლოდ კუბას ჩამორჩებოდა. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 1000 მოსახლეზე 2.5-დან 5-მდე ექიმი მოდის. თურქეთში 1000 მოსახლეზე 1.8 ექიმი მოდის, თუმცა სამედიცინო მომსახურების ხარისხით გამორჩეულია.

2019 წლის ბოლოს საქართველოში ექიმებისა და ექთნების ჯამური რაოდენობა 51,359 იყო. სპეციალიზაციის მიხედვით, ყველაზე მეტი ქირურგი ექიმები არიან – 2,648. შემდეგ მოდიან სტომატოლოგები (2,435 ექიმი), რადიოლოგები (2,026), მეან-გინეკოლოგები (1,812), პედიატრები (1,563) და თერაპევტები (1,248). 2013 წლიდან ყველაზე მეტად ქირურგებისა (1,178-ით) და რადიოლოგების (1,007-ით) რაოდენობა გაიზარდა.

2019 წელს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მთლიანი გამოშვება 3.2 მილიარდი ლარი იყო, ანუ ეს თანხა დაიხარჯა სამედიცინო მომსახურებაზე. თუმცა ამ თანხაში შედის ე.წ. შუალედური მოხმარება, ანუ ის თანხა, რასაც თავად ჯანდაცვის სექტორი უხდის სხვა სექტორებს. მაგალითად, საავადმყოფოში მედიკამენტში გადახდილი თანხა არის მთლიანი გამოშვების ნაწილი, მაგრამ არ არის ჯანდაცვაში შექმნილი ღირებულება – ის მრეწველობამ შექმნა. შესაბამისად, თუ სექტორის გამოშვებას შუალედურ მოხმარებას გამოვაკლებთ, 2019 წელს უშუალოდ ჯანდაცვის სექტორმა 1.8 მილიარდი ლარის დამატებული ღირებულება შექმნა. 1.8 მილიარდი ლარით ჯანდაცვის სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში 4.2%-იანი წილი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ნომინალურ გამოსახულებაში ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ღირებულება იზრდებოდა (2012 წლის შემდეგ გაიზარდა 58%-ით), მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში 3.6-4.4%-ს შორის მერყეობდა. მაქსიმალური მაჩვენებელი – 4.4% 2017 წელს იყო.

2020 წელს ჯანდაცვის სექტორში ზრდა 7.9% იყო და მისი წილი ეკონომიკაში 4.6%-მდე გაიზარდა. სექტორში 2 მილიარდი ლარის დამატებული ღირებულება შეიქმნა. ეს ზრდა ცალსახად კორონავირუსთან დაკავშირებულმა მეტი სამედიცინო მომსახურების გაწევის საჭიროებამ განაპირობა.

ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფოს მონაწილეობას, რაც ამ სფეროს რეგულირებაში, მომსახურების მიწოდებაში (სახელმწიფო საავადმყოფოები) და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში გამოიხატება. 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე 10.3 მლნ ლარი დაიხარჯა. 2004 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2010-ში 415 მლნ-ს მიაღწია. 2011-2012 წლებში შემცირდა. 2014 წლიდან ისევ ყოველწლიურად იზრდებოდა ჯანდაცვის ხარჯები და 2020 წელს 1,805 მლნ ლარს მიაღწია. თავდაპირველად, 2020 წლისთვის ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1,134 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებამ და საყოველთაო ჯანდაცვაზე თანხის დაკლებამ საბოლოოდ ჯანდაცვის ხარჯი 671 მლნ ლარით გაზარდა.

2021 წლისთვის ჯანდაცვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 1,665 მლნ ლარია გამოყოფილი, მაგრამ სავარაუდოდ ეს თანხა საკმარისი არ იქნება, რადგან 22 მარტის მდგომარეობით პირველი კვარტალის გეგმაზე 112 მლნ ლარით მეტი იყო დახარჯული.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან ყველაზე მეტი თანხა საყოველთაო ჯანდაცვაზე იხარჯება. 2020 წელს 802 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2021 წელს 800 მლნ ლარია გამოყოფილი. 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 338 მლნ ლარი დაიხარჯა. მას შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვა თანდათან არასაყოველთაო გახდა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები გამოაკლდა (მაგალითად, კერძო დაზღვევის მქონეები ვეღარ სარგებლობენ), თუმცა მისი დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ვერ აკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით ბოლო წლებში რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა. სამწუხაროდ, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას შეისწავლიდა.

ჯანდაცვის ხარჯების ზრდას სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გაძვირებაც განაპირობებს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის დასაწყისიდან 2021 წლის თებერვლამდე ჯანმრთელობის დაცვა 58%-ით გაძვირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *