ქვეყანა ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს დამოკიდებული საქონლისა და მომსახურების იმპორტზე, მაგრამ ჯანდაცვა არის ისეთი მომსახურება, რომელიც ადგილზე უნდა იყოს განვითარებული. ადამიანები ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობის დროს მიმართავენ ექიმს და არ არის იმის დრო და ხშირად დამატებით ფინანსური რესურსიც, რომ სხვა ქვეყანაში მიიღო საჭირო მომსახურება.
გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მიწოდება რაოდენობრივად საკმარისი იყოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მომსახურების ხარისხი. ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხი განსაზღვრავს, ადამიანი გადარჩება, თუ არა. თუმცა გაცილებით იოლია, დააკვირდე ჯანდაცვის სექტორის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ვიდრე ხარისხობრივს.
ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი „ლეგატუმ ინსტიტუტი“ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის რეიტინგს ადგენს. რეიტინგი მოსახლეობის ჯანმრთელობის დონეს და სამედიცინო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას ეყრდნობა. 2023 წლის რეიტინგმა 167 ქვეყანა მოიცვა და საქართველომ 90-ე ადგილი დაიკავა. შედეგი გასაკვირი არ არის. საქართველოს მოქალაქეები ხშირად ცდილობენ, საზღვარგარეთ მიიღონ სამედიცინო მომსახურება (განსაკუთრებით – დასავლეთის ქვეყნებში), რისი მიზეზიც მომსახურების ხარისხი ან მსგავსი მომსახურების საქართველოში არარსებობაა.
ცხადია, ჯანდაცვის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს განსაზღვრავს, მაგრამ აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ისეთი ქვეყნებიც უსწრებენ, რომლებიც ეკონომიკის მხრივ ჩამოგვრჩებიან, მაგალითად: პერუ, პარაგვაია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, მაროკო, ტუნისი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სომხეთი და სხვა.
საინტერესოა, რა ტენდენციებია საქართველოს ჯანდაცვაში როგორც სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მხრივ.
2023 წელს საქართველოში ჯანდაცვის ეკონომიკა 2.4 მილიარდი ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს ჯანდაცვის სექტორმა 2.4 მილიარდი ლარის დამატებული ღირებულების მომსახურება გასწია. ბოლო 10 წელიწადში, 2014 – 2023 წლებში, ნომინალურ რიცხვებში ჯანდაცვის ეკონომიკა 157%-ით გაიზარდა, რეალურად კი (ინფლაციის გამო გაზრდილი ფასების გამოკლებით) – 63%-ით. ეს კარგად აჩვენებს, ბოლო 10 წელიწადში რამდენად მაღალი იყო ინფლაცია ჯანდაცვის სექტორში – თითქმის გაორმაგდა მომსახურების ფასები. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 94%-ით გაძვირდა. რომ შევაჯამოთ, 2014 – 2023 წლებში მაღალი ზრდა დაფიქსირდა როგორც სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, ასევე სერვისების ფასებშიც.
ჯანდაცვის სექტორმა სწრაფად ზრდა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯერ საყოველთაო დაზღვევის, ხოლო 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. 2013 – 2019 წლებში ჯანდაცვის სექტორი 88%-ით გაიზარდა (ინფლაციის გარეშე). თუმცა 2020 წელს პანდემია დაიწყო, რამაც 2020 წელს ჯანდაცვის მომსახურება 5.9%-ით შეამცირა. საქართველოში ვირუსი მასობრივად 2020 წლის შემოდგომიდან გავრცელდა, შემოდგომამდე კი სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობდნენ. 2021 წელს კი სექტორში რეკორდული – 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკვე კოვიდით ინფიცირებული ადამიანებისთვის მომსახურების გაწევით იყო განპირობებული, სამედიცინო სექტორი მაქსიმალურად დაიტვირთა. პანდემიის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, სექტორი განიტვირთა და ბოლო ორ წელიწადში 27%-ით შემცირდა.
საქართველოს ჯანდაცვის ეკონომიკის ზრდის ტემპი
როგორც აღვნიშნე, ჯანდაცვის სექტორის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა სახელმწიფო პროგრამებს. საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე ფული ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება, ადგილობრივი ბიუჯეტების ფული ამ მიმართულებით მინიმალურია.
2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე 374 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც ბიუჯეტის ჯამური ხარჯის 5.1% იყო. ყველაზე მეტი – 153 მლნ ლარი – ჯანმრთელობის დაზღვევისთვის იყო გამოყოფილი. მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფო ყიდულობდა სადაზღვევო პაკეტს. დანარჩენი თანხა სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდებოდა, ძირითადად დაავადებებისა და სამედიცინო სერვისების მიხედვით. ჯანდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება. პირველ წელს მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვაზე 338 მლნ ლარი დაიხარჯა. საყოველთაო ჯანდაცვამ გაზარდა როგორც სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა, ასევე სამედიცინო მომსახურების ფასებიც (მოთხოვნის ზრდის გამო). შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები წლიდან წლამდე სწრაფად იზრდებოდა. ყოველ წელს იმაზე მეტი იხარჯებოდა, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. 2013 – 2019 წლებში ჯანდაცვის ხარჯი 3-ჯერ გაიზარდა, 1.2 მლრდ ლარამდე, ბიუჯეტის ხარჯების მიმართ კი მისი წილი 10%-მდე ავიდა. 1.2 მლრდ-დან 830 მლნ ლარამდე საყოველთაო ჯანდაცვაზე მოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს პანდემიის ეფექტი ჯანდაცვის ეკონომიკაზე უარყოფითი იყო (ანუ მიწოდებული მომსახურების მოცულობა შემცირდა), ბიუჯეტის ხარჯი ჯანდაცვაზე 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წელს კი რეკორდულ მაჩვენებელს, 2.5 მლრდ ლარს მიაღწია. აქედან 1.2 მლრდ ლარი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე დაიხარჯა, როცა 2020 წელს ეს თანხა 251 მლნ ლარი იყო.
2022 წელს კორონავირუსთან საბროლველად გამოყოფილი თანხა 478 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო 2023 წელს – 37 მლნ ლარამდე. 2024 წლის ბიუჯეტში საერთოდ აღარ არის ამ მიმართულებით თანხა გამოყოფილი.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე დახარჯული ფული
2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე 1,771 მლნ ლარია გამოყოფილი. 2023 წელთან შედარებით ზრდა 61 მლნ ლარია. მთლიან ხარჯებში ჯანდაცვის წილი 7.6%-მდე შემცირდა და დაახლოებით 2014 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ჯანდაცვის ხარჯების ზრდა იმდენად პრიორიტეტული აღარ არის, როგორც გასულ ათწლეულში იყო. 1,771 მლნ ლარიდან მილიარდ ლარზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვისთვისაა გამოყოფილი, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებისთვის 210 მლნ ლარია გამოყოფილი, რეფერალური მომსახურების გაწევისთვის – 70 მლნ, დიალიზისთვის – 50 მლნ, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის – 50 მლნ, იშვიათი დაავადებებებისთვს – 44 მლნ და ა.შ.
ჯანდაცვის ეკონომიკისა და ბიუჯეტის ხარჯების ტენდენციების გარკვევის შემდეგ საინტერესოა, ვნახოთ, როგორ შეიცვალა უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ინდიკატორები.
საქსტატის ინფორმაციით, 20 წლის წინ, 2003 წლის ბოლოს საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 248 ერთეული იყო, 2013 წლის ბოლოს კი 237. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საავადმყოფოების რაოდენობის ზრდა გამოიწვია და 2016 წელს უკვე 273 საავადმყოფო იყო. მომდევნო წლებში მცირედით, მაგრამ შემცირდა. 2022 წელს 269 საავადმყოფო იყო. 2023 წლის ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებათა რაოდენობა 2003 წელს 1.1 ათასი იყო, 2013 წელს – 2 ათასი, ხოლო 2022 წელს – 2.3 ათასი.
საავადმყოფოების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საწოლების რაოდენობა საავადმყოფოში, რადგან ერთი დიდი საავადმყოფო შეიძლება 10 პატარას უდრიდეს. 2003 წელს იყო 18.2 ათასი საწოლი. მომდევნო წლებში მცირდებოდა და 2013 წელს 11.6 ათასი იყო. შემდეგ ზრდა დაიწყო და 2019 წელს 17.5 ათასი შეადგინა. პანდემიამ საწოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და 2021 წელს 20.6 ათასი შეადგინა, თუმცა 2022 წელს სწრაფად შემცირდა 17.9 ათასამდე.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექიმთან მიმართვიანობაც. 2003 წელს წლიურად 6.7 მლნ შემთხვევა იყო, 2013 წელს – 11 მლნ, ხოლო 2022 წელს – 15.2 მლნ.
საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა სამედიცინო პერსონალის, ანუ ექიმებისა და ექთნების კუთხით. 2003 წელს საქართველოში 21 ათასი ექიმი იყო და 2013 წლამდე მათი რაოდენობა 22.5 ათასამდე გაიზარდა. 2014-2019 წლებში ექიმების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა (ჯანდაცვაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო) და 31.7 ათასს მიაღწია. პანდემიის გამო, 2021 წლისთვის ექიმების რაოდენობა 22.5 ათასამდე შემცირდა. ამის მიზეზი, ვირუსზე მკურნალობის გარდა, ბევრი მიმართულების ექიმზე მოთხოვნის კლება იყო. 2022 წელს ექიმების რაოდენობა 23.9 ათასამდე გაიზარდა.
ნორმალურ სამედიცინო სისტემაში ექთნების რაოდენობა ექიმების რაოდენობას უნდა აჭარბებდეს. განვითარებულ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2.5 ექთანი მოდის. მაგალითად, ფინეთსა და იაპონიაში 5 მოდის, შვეიცარიაში – 4, საფრანგეთსა და გერმანიაში – 3. 2003 წელს საქართველოში 37 ათასამდე ექთანი იყო, ერთ ექიმზე საშუალოდ 1.8 ექთანი მოდიოდა. მომდევნო წლებში ექთნების რაოდენობა სწრაფად შემცირდა და 2013 წელს უკვე 15.5 ათასი იყო ქვეყანაში, ერთ ექიმზე საშუალოდ 0.7 ექთანი. შემდეგ ექთნების რაოდენობას ზრდის ტენდენცია ჰქონდა და 2022 წლისთვის 22 ათასამდე გაიზარდა, ერთ ექიმზე 0.9 ექთანი მოდიოდა. ეს არანორმალური სიტუაციაა და ზოგადად ღარიბ ქვეყნებს ახასიათებს. ამის მიზეზი ექთნების დაბალი ხელფასი და ექიმების არაეფექტიანი შრომაა. ამასთან ერთად, საქართველო გამორჩეულია ბევრი ექიმების ყოლით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ყოველ 10 ათას მცხოვრებზე 70 ექიმი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე იყო, მხოლოდ ჩინეთსა და მონაკოს ჩამორჩებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 2020-2023 წლებში საქართველოში 10 ათას მცხოვრებზე 71.2 ექიმი მოდიოდა და მხოლოდ კუბას ჩამორჩებოდა.
ექიმებისა და ექთნების რაოდენობა საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის დაფინანსება გაიზარდა, რამაც (ეკონომიკურ ზრდასთან ერთად) სამედიცინო მომსახურების მიმართ ხელმისაწვდომობა გაზარდა, სექტორში აშკარად ბევრი გამოწვევაა, მათ შორის: მომსახურების დაბალი ხარისხი, მომსახურების სწრაფად გაძვირების ტემპი და ექთნების დეფიციტი, რაც ექიმების სიჭარბით კომპენსირდება.