საქართველოს ხელისუფლებამ ავტოკრატიების სიაში გადაინაცვლა

საქართველოს ხელისუფლებამ ავტოკრატიების სიაში გადაინაცვლა

ის, რომ საქართველოში გასული წლის განმავლობაში პოლიტიკური ვითარება არნახულად გაუარესდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა ახალი რეალობის საერთაშორისო დონეზე აღიარებას დრო სჭირდება ხოლმე. გარკვეული პოლიტიკური მოვლენების მეცნიერულად გააზრება ემპირიული მონაცემების შეგროვებასა და მიღებული ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავებას მოითხოვს. შესაბამისად, იმ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები, რომლებიც თავიანთ საქმეს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან, შედარებით იგვიანებს ხოლმე. 

თუმცა პირველი ავტორიტეტული დასკვნა საქართველოში არსებული რეჟიმის ბუნების შესახებ უკვე გამოქვეყნდა: „V-Dem ინსტიტუტის” ბოლო ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობა შეფასებულია, როგორც „ელექტორალური ავტორიტარიზმი“. სანამ ამ ცნებას განვმარტავ, ორ სიტყვას ვიტყვი იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და რატომ არის მისი შეფასებები ავტორიტეტული.

„V-Dem ინსტიტუტი“ 2014 წელს დააარსა შვედმა პოლიტიკის მეცნიერმა, გოტენბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტაფან ლინდბერგმა. იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტის მკვლევრები დასავლური აკადემიის ღვაწლმოსილი მეცნიერები არიან, მათ ანგარიშებს მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ფრიდომ ჰაუზისა“ და „ეკონომისტის“ რეიტინგებთან შედარებით, „V-Dem-ის ინსტიტუტის“ რეიტინგები უფრო ნიუანსურია, რადგან ისინი მეცნიერულად უფრო დახვეწილი მეთოდოლოგიით არის შედგენილი. 

„V-Dem-ის ინსტიტუტი“ პოლიტიკური რეჟიმების ხუთ ტიპს გამოყოფს. აღნიშნული კლასიფიკაცია ეფუძნება თანამედროვე დემოკრატიის კლასიკური მკლევრების – პირველ რიგში, რობერტ დალის – ნააზრევს. არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებს შორის, ამ მიდგომის მიხედვით, ყველაზე დემოკრატიულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ე.წ. „ლიბერალური დემოკრატიები“, რომლებშიც არა მხოლოდ კონკურენტული არჩევნები იმართება, არამედ კანონის უზენაესობა და ლიბერალური პრინციპებიც სათანადოდ არის დაცული. ლიბერალურ დემოკრატიებს მოსდევს ე.წ. „ელექტორალური დემოკრატიები“, რომლებშიც კონკურენტული არჩევნები კი ტარდება, მაგრამ კანონის უზენაესობა და ლიბერალური პრინციპები უგულებელყოფილია.

ელექტორალურ დემოკრატიებზე ქვემოთ დგანან ე.წ. „ელექტორალური ავტოკრატიები“, რომლებშიც დე იურედ მრავალპარტიული არჩევნები კი იმართება, თუმცა ასეთ არჩევნებს მხოლოდ რეჟიმის ლეგიტიმაციის განმტკიცების ფუნქცია აქვთ. ელექტორალურ დემოკრატიებზე უფრო უარესი მდგომარეობაა ე.წ. „დახურულ ავტოკრატიებში“ (მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში ან ბელარუსში), სადაც მრავალპარტიული არჩევნებიც კი არ ტარდება. ასეთ ქვეყნებში რეჟიმი ზოგჯერ ღიად აღიარებს თავის ავტორიტარულ ბუნებას, მაშინ როდესაც ელექტორალური ავტოკრატიების მმართველები (მაგალითად, ვლადიმირ პუტინი რუსეთში), როგორც წესი, ამ ფაქტს მალავენ. 

 „V-Dem-ის ინსტიტუტის“ წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო, 2023 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ ელექტორალური დემოკრატიების რიცხვს მიეკუთვნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2023 წლისთვის, ინსტიტუტის მკვლევრები თვლიდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიულ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების რეალისტური შანსი ჰქონდა და არჩევნების მიზანი მხოლოდ არსებული მმართველობის გამყარება არ იყო. ამ მონაცემებით, საქართველოში, დემოკრატიის თვალსაზრისით, ისეთივე სიტუაცია იყო, როგორიც, მაგალითად, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში ან ხორვატიაში. 

2024 წლის მდგომარეობით, საქართველომ უკვე „ელექტორალური ავტოკრატიების“ სიაში გადაინაცვლა. ასეთ რეჟიმებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფორმალურად მრავალპარტიული არჩევნები კი ტარდება, მაგრამ მისი მიზანი მხოლოდ დემოკრატიულობის ფასადის შექმნაა. აქ არჩევნები ერთგვარი სპექტაკლია, რომელშიც მმართველი ძალა აკეთებს საკუთარი ხისტი ძალის დემონსტრირებას – მათ შორის, იმით, რომ ახდენს ამომრჩევლების მობილიზაციას და შიდა თუ გარე აუდიტორიებს აჩვენებს, რომ შეუძლია მისთვის სასურველ შედეგს ყველა საშუალებით და ყველაფრის ფასად მიაღწიოს.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში, დემოკრატიის თვალსაზრისით, ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც, მაგალითად, რუსეთში, აზერბაიჯანში, პაკისტანში, ინდოეთში, ერაყში ან ეთიოპიაში. ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამ ანგარიშის მიხედვით, მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ უნგრეთში იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ მოკავშირე ვიქტორ ორბანი 2010 წლიდან მართავს. ვინაიდან ევროკავშირიდან ქვეყნის გარიცხვის მექანიზმი არ არსებობს, უნგრეთი დღემდე ინარჩუნებს ამ ზენაციონალური ორგანიზაციის წევრობას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს გარდა, კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა ელექტორალური ავტოკრატიების რიცხვს: ელ-სალვადორი და ინდონეზია. თუმცა, მაგალითად, ინდონეზიაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი უკვე იმდენად ჰგავდა ელექტორალურ ავტოკრატიას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუარესება გასაკვირი არც იყო. ინდონეზიისგან განსხვავებით, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უეცარი და რადიკალური პოლიტიკური ცვლილება მოხდა. უფრო მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, დემოკრატიის მსგავსი მასშტაბის უკუსვლა ერთწლიან პერიოდში საქართველოში საერთოდ პირველად დაფიქსირდა.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა იმდენად მოულოდნელი და რადიკალური ხასიათის იყო, რომ „V-Dem-ის ინსტიტუტის“ 2025 წლის ანგარიშის ყდაზე ქართველი დემონსტრანტის ფოტოა გამოსახული. საქართველოში ელექტორალური ავტოკრატიის გაჩენა ალბათ მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებითაც, რომ ქვეყანამ 2023 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. როგორც წესი, ევროკავშირში გასაწევრიანებლად სახელმწიფოები ყველანაირად ცდილობენ ხოლმე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები და მექანიზმები გააძლიერონ. საქართველოში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „V-Dem-ის ინსტიტუტის“ ანგარიშები განსაკუთრებით მაღალი მეცნიერული სტანდარტების დაცვით იწარმოება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ისინი დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ დასავლურ აკადემიურ სივრცეში საქართველოს. ეს, თავის მხრივ, ნაწილობრივ განსაზღვრავს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებსაც. 

დროთა განმავლობაში საქართველოს, როგორც რეგიონის შედარებით დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯი მთლიანად დაინგრევა. ამას კი კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჯერჯერობით, ინერციით, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსის თვალში საქართველო ევროკავშირის პოტენციურ წევრად აღიქმება. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ცვლილების კვალდაკვალ კი ეს ინერცია თავისით შენელდება და ბოლოს მთლიანად გაქრება. 

დასასრულს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ არსებობს ერთი საკმაოდ დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ მოხდა გასულ წელს საქართველოში პოლიტიკური ვითარების ასეთი დრამატული გაუარესება. ამ ვერსიით, საქართველო ელექტორალური დემოკრატია არც ადრე ყოფილა. უბრალოდ, 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ ოსტატურად ნიღბავდა იმას, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. 

ზემოთ აღნიშნული თეორიის მიხედვით, 2024 წელს გაჩნდა რეჟიმის რეალურად შეცვლის შესაძლებლობა. ასეთ დროს კი სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მოახდენდა თავისი ძალის დემონსტრირებას და, შედეგად, დემოკრატიის ფასადიც რამდენიმე დღეში ჩამოინგრეოდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ეს თეორია მართალია, გამოდის, რომ ის, რაც შარშან მოხდა, ლოგიკური და გარდაუვალი იყო. ასევე ეს გვაძლევს იმის იმედსაც, რომ შიდა და გარე დამკვირვებლებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ფუჭი იმედები აღარ ექნებათ (გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარუმატებელი ვიზიტი). აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მომავალში საქართველოს დემოკრატიზაციის მსურვებლებმა უფრო გონივრული და რეალობის ადეკვატური ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა დემოკრატიულით შეიცვალოს. რეალურ ნაბიჯებს კი შესაძლოა რეალური ცვლილებებიც მოჰყვეს.