საქართველოს ბანკების რეიტინგი საკრედიტო პორტფელის მიხედვით

საქართველოს ბანკების რეიტინგი საკრედიტო პორტფელის მიხედვით

დადასტურებულია Grant Thornthon-ისა და Ebit Group-ის მიერ.

2020 წელს საქართველოს ბანკების აქტივების ზომამ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა და 56.8 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც საქართველოს მშპ-ის ზომა 2020 წელს 49.4 მილიარდი ლარი იყო. ქართული ბანკების აქტივების ზომა 2020 წელს თითქმის 9.5 მილიარდით გაიზარდა, წმინდა სესხების მოცულობამ კი გასული წლის ბოლოსთვის 36 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად თითქმის 6-მილიარდიან მატებას ნიშნავს. ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ახალი სესხების გაცემასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება იყო, შედეგად, მთლიანი სესხების მოცულობამ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 77.6%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 63.9%-ზე იყო. რაც შეეხება სესხების განაწილებას ვალუტების მიხედვით, მისი 55.7% – უცხოურ, 44.3% კი ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული.

საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული 15 ბანკიდან ყველაზე ფართო სასესხო პორტფელი „თიბისი ბანკს” აქვს, რომლის წმინდა სესხებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით 13.98 მილიარდი ლარი იყო. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ 12.55 მილიარდი ლარის მოცულობის წმინდა სესხებით. ბანკებს შორის ყველაზე მცირე ზომის სასესხო პორტფელი კი „სილქ როუდ ბანკს” აქვს, რაც მხოლოდ 10.7 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანობაში სისტემური მნიშვნელობის ბანკებიდან „საქართველოს ბანკსა” და „თიბისი ბანკზე” საბანკო სექტორის წმინდა სესხების 74% მოდის.

2020 წლის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და საბანკო სისტემის 8.4%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხები 2021 წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, 10%-საც მიაღწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *