საქართველოს რკინიგზა რუსული „Уральские локомотивы“-სგან ათ ახალ ლოკომოტივს შეიძენს. შესყიდვის ღირებულება 183,849,690 ლარია, ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა შპს „გეორგიასთან“ მიმდინარეობს. წინადადებების მიღება 2023 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდა. თავად შპს „გეორგია“ 1995 წლის 26 დეკემბერსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გელა ძიძიკაშვილია. ლოკომოტივები ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალურ რკინიგზაზე იმოძრავებენ.
საქართველოს შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში – კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში – 5 ერთეული, ხოლო დარჩენილი 6 თვის ვადაში – ასევე 5 ერთეული. ელმავლების მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქ.თბილისი, გუმათჰესის ქ. N89 (სადგურ თბილისი-მახარისხებელის სალოკომოტივო დეპო).
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, აშენებული არაუადრეს 2023 წლისა. ამასთან ერთად, შემოთავაზებულმა საქონელმა უნდა უზრუნველყოს, თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის უბანზე არანაკლებ 1380 ტ მატარებლის გადაყვანა ერთი ელმავლით, ასევე საქართველოს 1520 მმ ლიანდაგის, 3 კვ ძაბვის მუდმივი დენით ელექტრიფიცირებულ რკინიგზებზე სატვირთო მატარებლების გადაყვანა.
რაც შეეხება რუსულ „Уральские локомотивы“-ს, კომპანია Sinara Group-ისა და Siemens-ის კონგლომერატის მიერ 2010 წელს შეიქმნა. ორგანიზაციები ფირმაში 50%-50%-იან წილს ფლობდნენ, თუმცა Siemens-მა გასული წლის მაისში, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. Sinara Group-ის მფლობელებს შორის სანქცირებული რუსი ოლიგარქები არიან, მათ შორისაა დმიტრი პუმპიანსკი.