„ჰამასთან“ ომი ისრაელს დამატებით $14 მილიარდი დაუჯდება

„ჰამასთან“ ომი ისრაელს დამატებით $14 მილიარდი დაუჯდება

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელს 2024 წელს, სავარაუდოდ, დამატებით კიდევ $14 მილიარდი დაუჯდება, რაც ბიუჯეტის დეფიციტის გასამმაგებას გამოიწვევს. მომავალი წლის პროგნოზებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ასაჯაროებს.

როგორც დეპუტატებთან ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ომი, მათი შეფასებით, სულ მცირე, 2024 წლის პირველ ორ თვეს მაინც გაგრძელდება. შედეგად, ისრაელს, უსაფრთხოებისთვის დამატებით $8.3 მილიარდი, ხოლო სამოქალაქო და სხვა სახის ხარჯებისთვის  $5.5 მილიარდზე მეტი დასჭირდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს მის $20 მილიარდით ზრდას პროგნოზირებს, რაც საბოლოო ჯამში $31 მილიარდს გადააჭარბებს. დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ისრაელის მთავრობას ხარჯების შემცირება და შემოსავლების ზრდა დასჭირდება. სამინისტროს პროგნოზითვე, მომავალ წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 6%-მდე გაიზრდება, რაც კანონით დადგენილ 2.25%-იან ზღვარს ბევრად სცდება.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის მთლიანი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, გასული წლის მაისში დამტკიცებული $142 მილიარდის ნაცვლად, $155.7 მილიარდით განისაზღვრება. სამინისტროს შეფასებით, სრული 2023 წლისთვის ეკონომიკის 2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი,  წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.1%-ს გაუტოლდება, მომავალი წლისთვის კი 2.6%-მდე შემცირდება.

ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის განცხადებით, მომავალ წელს მათი მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის ომის შედეგად მიღებული ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და რეზერვისტებისა და მათი ოჯახების დახმარებაა.