„საქართველოს რკინიგზამ“ 2020 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ჯგუფმა 164.6 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ეს 2019 წელს არსებულ ზარალს 159 მილიონი ლარით აღემატება.
2020 წლის განმავლობაში რკინიგზამ სულ 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.2 მილიონი ტონით მეტი იყო. ამის მიუხედავად, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2020 წელს შემცირდა. “საქართველოს რკინიგზამ” 2020 წელს ჯამურად, სხვადასხვა სახის სარკინიგზო მომსახურებიდან 489.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია.
როგორც KPMG-ის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წელს ზარალის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული დანაკარგები იყო. მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 191 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ეს ზარალი დაკავშირებულია კომპანიის ვალდებულებებთან, რომელთა მოცულობაც ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და რომლის ძირი თანხის მოცულობაც ლარის გაუფასურების გამო 2020 წელს გაიზარდა.
ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:
- სატვირთო გადაზიდვები – 389.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
- ლოგისტიკური სერვისები – 54.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
- სამგზავრო გადაყვანები – 11.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 64%;
- ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 8.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 45%;
- სხვა შემოსავალი – 11.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 71%.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 170.5 მილიონი ლარი, ელექტროენერგიისა და სხვა საოპერაციო აღჭურვილობის ხარჯი 41.4 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 76.1 მილიონი ლარი იყო.
„საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაა, რომელიც, თავის მხრივ, 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მასშტაბური – 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ – 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.