საქართველოს საბანკო სექტორი

საქართველოს საბანკო სექტორი

პან­დე­მი­ის შე­დე­გად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. სუსტმა ბიზნესაქტივობამ და ვალუტის მერყევმა კურსმა გავლენა მოახდინა ბიზნესებისა და ოჯახების ფინანსებზე. ადგილობრივ მსესხებლებზე წარმოქმნილი ზეწოლა ნაწილობრივ შემსუბუქდა სახელმწიფო დახმარებით, რომელსაც Fitch-ი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%- ად აფასებს. ამასთან ერთად, 2020 წელს ქართულმა ბანკებმა მომხმარებელს გადახდების ე.წ. არდადეგები ორჯერ გამოუცხადეს (თითო ჯერზე სამი თვით) ყველა ფიზიკური პირისთვის, ასევე კორპორაციული და მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მსესხებლებისთვის ყველაზე მეტად მოწყვლადი სექტორებიდან. 2020 წლის მარტიდან ივნისამდე შეთავაზების ათვისების მაჩვენებელი სესხების მთლიან სექტორში 57% იყო, ხოლო გაყიდვების სეგმენტში – 70%. ამ ინიციატივების უმეტესი ნაწილი 2020 წლის სექტემბრისთვის ამოიწურა და მსესხებლები უმეტესწილად სესხის რეგულარული გადახდის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

ამის მიუხედავად, სექტორის გადავადებული და პრობლემური სესხები (საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით სამი ყველაზე სარისკო კატეგორია) 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის თითქმის გაორმაგდა 4.4%-იდან 8.3%-მდე. ბანკების აქტივების ხარისხის მაჩვენებლები წელს, სავარაუდოდ, ზომიერად გაუარესდება ბოლოდროინდელი რეცესიით გამოწვეული ხანგრძლივი ეფექტით. 2021 წელს Fitch-ი მთლიანი შიდა პროდუქტის 4.3%-იან ზრდას ვარაუდობს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის აქტივობას და გაზარდოს მოთხოვნა კრედიტზე, რაც ბანკების შემოსავლებზე დადებითად აისახება.

ამავდროულად, ეკონომიკური გამოჯანსაღების ტემპი, კერძოდ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯანდაცვის კრიზისის შემდგომ განვითარებაზე, ხოლო შეზღუდვების ზომების ხელახლა დაწესება ზრდის პოტენციალზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

სესხების მაღალი დოლარიზაცია (56% 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის უმნიშვნელოდ შეიცვალა 2017 წლის ბოლოდან, გარკვეული დროის განმავლობაში არსებული მაკრორეგულირების ზომების მიუხედავად) ქართული საბანკო სექტორის სტრუქტურულ სისუსტედ რჩება და აქტივების ხარისხისთვის დამატებითი საგულისხმო რისკის ფაქტორად შეიძლება იქცეს ბაზრების შემდგომი მერყეობის შემთხვევაში. 2020 წელს ლარი საშუალოდ 13%-ით გაუფასურდა, მაგრამ გამყარდა ამ წლის დასაწყისის შემდეგ.

ქართული ბანკები კრიზისში შევიდნენ გადახდისუნარიანობის ჯანსაღი მაჩვენებლებითა და მყარი შიდა კაპიტალის გამომუშავების შესაძლებლობებით, რამაც მათ კრიზისთან გამკლავებაში შეუწყო ხელი. 2020 წლის პირველ კვარტალში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს პრევენციული უზრუნველყოფის შექმნის მითითება მისცა (სექტორის სესხების 3%) პანდემიით გამოწვეული აქტივების ხარისხის შესაძლო გაუარესების თავიდან ასაცილებლად, რის შედეგად სექტორის საშუალო სააქციო კაპიტალის უკუგება (ROAE) 2020 წელს დაბალი 2%-ით განისაზღვრა (2019: 17.5%). ბანკების მოგება სესხების გაუფასურების ხარჯებამდე ასევე შეიზღუდა რთული ეკონომიკური პირობებით გამოწვეული შენელებული საკრედიტო ზრდით. მიმდინარე წლის მოგების მაჩვენებლები გაუმჯობესდა (27% 2021 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით) კლიენტების გაუმჯობესებული აქტივობისა და დაბალი უზრუნველყოფის პირობებში. ქართული ბანკების შემოსავლები, სავარაუდოდ, წელს კიდევ უფრო გაიზრდება სესხების ზრდის დაჩქარებით, მოსაკრებლების შემოსავლებითა და სტაბილური მარჟებით, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი უკუგების სეგმენტებში ზრდაც, მაგალითად, მიკრო- და SME- სეგმენტებში.

დარეზერვებულმა მნიშვნელოვანმა წინასწარმა უზრუნველყოფამ პანდემიის დასაწყისში, სექტორის გადახდისუნარიანობის მაჩვენებლებს ზიანი მიაყენა. ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ე.წ. კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის (რისკის მიხედვით გათვალისწინებული აქტივების 2.5%) გაუქმებით შეამსუბუქა კაპიტალის მოთხოვნილებები და ორი მესამედით შეამცირა ვალუტით გამოწვეული საკრედიტო რისკების სარეზერვო მარაგი. ამის შედეგი იყო სექტორში 3-4 პროცენტული ნიშნულით შემცირებული რეგულაციური კაპიტალი, თუმცა ეს გავლენა ბანკების მიხედვით იცვლებოდა. 2020 წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული ბანკები თანდათანობით ზრდიდნენ თავიანთ სარეზერვო კაპიტალს, თუმცა სექტორის რეგულაციური გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები 2021 წლის 5 თვის მაჩვენებლით (პირველი დონე და მთლიანი კაპიტალის ადეკვატურობის პროპორციები 14.2% და 18.7%, შესაბამისად) მაინც რჩებოდა 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით ქვევით (14.6% და 19.5%, შესაბამისად). დივიდენდების გადახდები შეზღუდულია ეროვნული ბანკის მიერ, კაპიტალის პროპორციების აღდგენის მოლოდინში. თუმცა ორმა უმსხვილესმა ბანკმა განაცხადა კაპიტალის სარეზერვო მარაგის აღდგენისა და უკვე მიმდინარე წელსვე ნაღდი ფულის გადახდების განახლების შესახებ.

ქართული ბანკები ძირითადად ფინანსდება მომხმარებლების დეპოზიტებით (70% 2021 წლის პირველი ნახევრის ვალდებულებებით), რომლებიც ძირითადად სტაბილური იყო ჯანდაცვის კრიზისის განმავლობაში. უცხოური ვალდებულებები სექტორის დაფინანსების მესამედს შეადგენს, მაგრამ ბანკებმა შეინარჩუნეს კარგი წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე, კერძოდ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაზე, რითაც ფინანსური რისკები შეამცირეს.

ჯანდაცვის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქართული ბანკები გამოწვევებს დღემდე საკმაოდ კარგად გაუმკლავდნენ და დიდი ალბათობით პანდემიამდელ მოგების მაჩვენებლებს ახლო მომავალში დაუბრუნდებიან, თუმცა აქტივების ხარისხის პრობლემების მოგვარებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *