საქართველოს სამშენებლო სექტორის მაჩვენებლები და ტენდენციები

საქართველოს სამშენებლო სექტორის მაჩვენებლები და ტენდენციები

მშენებლობა ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ერთად საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ნაგებო­ბების შენებას მოიცავს. მშენებლობის სექტორში ბუმს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მშენებლობის სექტორიც სწრაფად იზრდება. მშენებლობის სექტორზე მნიშვნელოვნად არის დამო­კიდებული საბანკო სექტორი (იპოთეკური სესხების გამო) და პირიქით, საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამშენებლო სექტორზე, როგორც კრედიტებზე მოთხოვნის ძირითად წყაროზე.

სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის ეკო­ნო­მი­კა და ზრდა

საქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. 2022 წელს მშენებლობის სექტორ­­ში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 5 მილი­არდ ლარს მიაღწია და საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 8% შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორის წილი 7.2%-ია. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში 6.9% იყო, რაც ნიშნავს, რომ არ არის გამო­რიცხული, 2023 წლის ბოლომდე მშენებლობის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბოლო 10 წელიწადში მშპ-ში მშენებლობის საშუა­ლო წილი 8%-ია.

მშენებლობაში შექმნილი დამატებული ღირებულება და მისი წილი მშპ-ში

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2013-2017 წლებში საქართველოს ეკო­ნომიკა საშუალოდ წლიურად 3.8%-ით იზრდებოდა, როცა ამავე პერიოდში მშე­ნებლობის სექტორის საშუალო წლიური ზრდა 3-ჯერ მეტი, 12.8% იყო. 2018 წელს სამშენებლო სექტორში 7.2% კლება და­ფიქსირდა, ხოლო 2019-ში უმნიშვნელო ზრდა იყო – 0.7%. ეს 2-წლიანი ჩავარდნა გამკაცრებულმა სამშენებლო და საბანკო რეგულაციებმა გამოიწვია. 2020 წელს მშენებლობის სექტორში 8%-იანი, ხოლო 2021 წელს 24%-იანი ვარდნა იყო. მიუხე­დავად იმისა, რომ პანდემიის წლებ­­ში მთავრობა მშენებლობის სექტორს ასუბსიდირებდა, მაინც მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. პოსტპანდემი­ურ პერიოდში მშენებლობის სექტორში სწრაფი ზრდა დაიწყო, 2022-ში 14.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში – 19%-ით. ასეთ მაღალ ზრდას უკრაინა-რუსეთის ომმაც შეუწყო ხელი, იმიგრანტებმა საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდეს.

საქართველოს მშპ-ის და მშენებლობის სექტორის ზრდის ტემპი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2014-2018 წლებში მშენებლობის სექ­­ტორი მნიშვნელოვნად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით – წელიწადში მინიმუმ 140 მლნ დოლარი შემოდიოდა. 2019 წლიდან უფრო მეტად შიდა ინვესტირებასა და დაკრედიტე­ბაზე გახდა დამოკიდებული. გაიზარდა მთავრობის ინვესტიციები, რომლებიც ინ­­ფრასტრუქტურასა და სხვადასხვა კატე­გორიის საჯარო მოხელეების სახლების მშენებლობაზეა მიმართული. მაგალი­თად, 2018 წელს მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 3 მლრდ ლარი დახარჯა, 2023 წელს კი 6 მლრდ-ზე მეტს ხარჯავს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამშენებლო სექტორში, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი
სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თ­ვე­ბი

მშენებლობის დარგის ტენდენციებზე მნიშვნელოვნად მიანიშნებს გაცემული სამშენებლო ნებართვები. 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, იანვარ-ივნისის ჩათვლით საქართველოში 74 მლნ კვ მეტრის სამშენებლო ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. წლიურად, სა­შუალოდ 7 მლნ კვ/მეტრზე გაიცემოდა. ყველაზე მეტ ფართობზე – 8.4 მლნ კვ/მეტ­­რზე 2013 წელს გაიცა ნებართვა. მომავალ წლებში გამოკვეთილი ზრდის ან კლების ტენდენცია არ ყოფილა. მნიშვნელოვნად შემცირდა მხოლოდ 2020 წელს, პანდე­მიის გამო. 2023 წლის პირველ ნახევარში გაცემული სამშენებლო ნებართვების ჯა­მური სამშენებლო ფართობი 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25%-ით მეტია.

2013-2023 წლებში გაცემული ნებართ­­ვების ჯამური სამშენებლო ფართობის 57% თბილისზე მოდის, ხოლო 23% – აჭა­რაზე. ანუ რაც საქართველოში შენობე­ბი შენდება, მათი ჯამური ფართობის 80% თბილისსა და აჭარაშია, ხოლო 20% დანარჩენ 9 რეგიონზე ნაწილდება. 2021-2023 წლებში თბილისის წილი კიდევ უფრო გაიზარდა და წლიურად საშუალოდ 67%-ია. 2023 წლის იანვარ-ივნისში თბი­ლისის წილი 67%-ია, ხოლო აჭარის – 5%.

წლიურად გაცემული სამშენებლო ნებართვები ჯამური სამშენებლო ფართობის მიხედვით, მლნ მ²

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2022 წელს გაცემული ნებართვების სამშენებლო ფართობის 79%-ის და­ნიშნულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა. 5.3% მოდის სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე, 4.4% – სავაჭ­­რო ობიექტებზე და 4.2% – სასტუმროებზე. თბილისში საცხოვრებელი სახლების წი­ლი 89%-ია, აჭარაში – 82%. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საცხოვრებელი სახლების წილი ფართობში საშუალოდ 48%-ია. ყველაზე დაბალი კახეთშია – 24%. 2022 წელს კახეთში ყველაზე მაღა­ლი წილი – 30% სასტუმროებისთვის ნება­დართულ სამშენებლო ფართობს ეკავა.

მშე­ნებ­ლო­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბი

დროთა განმავლობაში უძრავი ქონე­ბა ძვირდება. გაძვირებას ორი ფაქტორი განაპირობებს: საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების შენობებზე მოთხოვ­­ნის ზრდა და მშენებლობის ხარჯების ზრდა. საქსტატი 2021 წლიდან აქვეყნებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს, რომლის მიხედვით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საცხოვ­­რებელი სახლები საშუალოდ 13.1%-ით გაძვირდა. 2021 წლის მე-2 კვარტალს თუ შევადარებთ, ზრდა 18.3%-ია.

საქსტატი აქვეყნებს მშენებლობის­­თვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსსაც, რომელიც 2020-2022 წლებში 43-ით გაიზარდა, ანუ სამშენებლო მა­სალები საშუალოდ 43%-ით გაძვირდა. 2023 წლის მარტიდან ფასებმა კლება დაიწყო და წელს, აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით შემ­­ცირდა, თუმცა ბოლო 4 წლის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წელს სამშენებლო მასალების გაიაფება, სავარაუდოდ, ლარის კურსის გამყარებამ განაპირობა.

საშუალო თვიური ხელფასი (დაუბეგრავი) სამშენებლო სექტორში, ლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2022 წლის მარტიდან საქსტატი ცალკე აქვეყნებს მშენებლობის ღირებულების ინდექსს, რომელიც სამშენებლო მასა­ლების ფასებთან ერთად, ხელფასებს, ლოგისტიკას და სხვა ხარჯებს მოიცავს. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივ­­ლისის ჩათვლით მშენებლობის ღირებუ­ლება 10%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მაღალი ზრდა – 26% – ხელფასების კომ­­პონენტშია, შემდეგ მოდის მანქანა-დანადგარების გაძვირება 23%-ით.

2014-2023 წლებში სამშენებლო სექ­­ტორში დასაქმებულთა ხელფასი საშუა­ლოდ 37%-ით მეტი იყო საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარე­ბით. 2023 წლის პირველ ნახევარში სამ­­შენებლო სექტორში არსებული საშუალო თვიური ხელფასი (დაბეგვრამდე) 2,368 ლარი იყო, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე 34%-ით მეტი იყო. ბოლო 3 წელიწადში მშენებლობაში საშუ­ალო თვიური ხელფასი 38%-ით გაიზარდა, ბოლო 8 წელიწადში კი გაორმაგებულია.