Microsoft-ის კვარტალური შემოსავლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Microsoft-ის კვარტალური შემოსავლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვაშინგტონში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი შემოსავლებში ანალიტიკოსთა პროგნოზების გადაჭარბებას განაგრძობს. FactSet-ის თანახმად, სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Microsoft-მა გაყიდვებიდან მთლიანობაში $56.5 მილიარდი გამოიმუშავა, ნაცვლად ანალიტიკოსთა მიერ პროგნოზირებული $54.5 მილიარდისა.

ტექნოლოგიური კომპანიის წინა კვარტალის მონაცემები გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს 13%-ით აღემატება და მეორე კვარტალის რეკორდულ, $56.2 მილიარდის შემოსავლებსაც აუმჯობესებს. წამყვანი ხაზის ზრდა ასევე მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა: თითო აქციაზე Microsoft-ის მოგებამ $2.99 შეადგინა, რაც აღემატება როგორც ანალიტიკოსების მოლოდინს, ასევე გასული კვარტალის მონაცემებსაც, რომლებიც, შესაბამისად, $2.65-სა და $2.69-ს უტოლდებოდა.

Microsoft-ის შემოსავლების ძლიერი ზრდა კი AI-ის ინტელექტუალური „ქლაუდ“-ერთეულის $24.3 მილიარდამდე გაფართოების პარალელურად ხდება, რაც წლიურად, დაახლოებით 20%-იან ზრდას ნიშნავს. ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში Microsoft-ის აქციები თითქმის 5%-ით, $350-მდე გაიზარდა.

Microsoft-ი, $2.5-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მხოლოდ მიმდინარე წელს ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 38%-ით გაიზარდა. Microsoft-ის 2023 წლის მოგების ძირითადი ნაწილი AI-სა და კონკრეტულად გენერაციული AI-ის მიმართ ინვესტორთა ინტერესს უკავშირდება, გასული წლის ნოემბერში, მისივე მხარდაჭერით OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის გაშვების შემდეგ.

თუმცა კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება მისი „ქლაუდ“-ბიზნესია – Azure, რომელიც მომავალი თვიდან Microsoft 365-ის მომხმარებლებისთვის AI-ასისტენტს წარადგენს. ხელოვნური ინტელექტის გარდა კი, სამომავლოდ კომპანიის შედეგებზე ვიდეოთამაშების გიგანტ Activision Blizzard-ის გავლენაც აისახება, რომელიც Microsoft-მა ამ თვის დასაწყისში, გეიმინგ-ინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი გარიგების ფარგლებში, $69 მილიარდად შეისყიდა.