საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი დონე დაფიქსირდა

საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი დონე დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში რეკორდულად მაღალი 22.1%–იანი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა, რაც 3.8%–ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე პირველ კვარტალთან შედარებით 0.3% პუნქტითაა გაზრდილი, რაც უჩვეულო მოვლენას წარმოადგენს, რადგანაც სეზონური სამუშაოების გამო უმუშევრობის დონე მეორე და მესამე კვარტალში ყოველთვის ნაკლებია პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია. მიუხედავად ამისა, დასაქმების დონე 1%–ით შემცირდა და 40.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული ფაქტი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ საყურადღებოა და შესაძლოა ითქვას, გარკვეულ გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენს.

სამუშაო ძალის  აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.3 პროცენტული პუნქტით.  ამასთან, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

წყარო: საქსტატი

0.7%–ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში და მიმდინარე პერიოდში 68.5% შეადგინა.

უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  გაზრდილია როგორც სასოფლო ტიპის დასახლებებში 6.2%–ით , ასევე საქალაქო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.3%–ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 5.7 პროცენტული პუნქტით. თუმცა სამუშაო ზალაში მონაწილეობის დონე მამაკაცებში კვლავ გაცილებით მაღალია და 63.7%–ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალებში ეს მაჩვენებელი 40.7%–ს აღწევს.

2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *