საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონი გამოცხადდება

საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონი გამოცხადდება

საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქვეყნისთვის ყველაზე დიდი, 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის, „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ მთავრობის სხდომა ჩატარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე და პროექტის განსახორციელებლად ინვესტორის მოძიების მიზნით აუქციონი გამოცხადდება. როგორც ირკვევა, აუქციონის შედეგად შერჩეული ინვესტორი „გარდაბანი 3“-ის მშენებლობასა და თბოსადგურის ექსპლუატაციაში ჩაშვებაზე იქნება პასუხისმგებელი, რისთვისაც 4 წლის ვადა მიეცემა.

„ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტეს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თავდაპირველად 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, სიმძლავრის გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში პირველი, 230 მგვტ-იანი თბოსადგური, რომლის ღირებულება 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წელს გაიხსნა. ამავე სიმძლავრის მეორე თბოსადგური კი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა.