შრომის ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის დადებითი დინამიკა მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.7%-ით გაიზარდა, რაც რეალურ გამოხატულებაში (სამომხმარებლო ფასების ინდექსით კორექტირებული) ხელფასების დონის 8.8%-იანი მატებაა. პირველი კვარტალის მდგომარეობით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,100 ლარია.
გამორჩეულად მაღალი, საშუალოდ 5,515-ლარიანი ხელფასის დონე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორებშია. სექტორებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი (1,341 ლარი) განათლების დარგშია, სადაც ძირითადი ნაწილი საჯარო დასაქმების, კერძოდ, სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეალური ხელფასი ამ სექტორშიც 16.1%-ით გაიზარდა.
რეალური ხელფასების დონის მატება წინა წლებში უფრო მეტად თვალსაჩინო იყო. პოსტპანდემიურ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ აჩქარებულ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად (ომით გამოწვეული მიგრაცია, ფინანსური ნაკადები და სავაჭრო გზები დადებითად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე), რეალური საშუალო ხელფასის დონე მკვეთრად გაიზარდა. თუკი 2023 წელს რეალურმა საშუალო ხელფასმა 11.7%-ით მოიმატა, მომდევნო წელს ზრდის ტემპი 15.2% იყო. 2024 წელს საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 2,059 ლარს შეადგენდა.
ბოლო პერიოდში თითქმის ყველა სფეროში რეალური საშუალო თვიური ხელფასის დონე გაიზარდა. ეკონომიკის უმეტეს სექტორში ხელფასების მატებას მაღალი ტემპი ახასიათებს. განსაკუთრებით მაღალი დინამიკა საფინანსო საქმიანობების სექტორშია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წლიურად, საშუალო რეალური ხელფასი 18.9%-ით გაიზარდა. ასეთივე მზარდი ტემპი ახასიათებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, რომელიც საფინანსო სექტორის შემდეგ რიგით მეორეა ხელფასების დონის ნიშნულით.
ბოლო წლების განვითარებების ფონზე რეალური ხელფასის მაღალი ზრდის ტემპი კანონზომიერია. ემპირიულ ლიტერატურაში ხელფასების დონის მატებას ორი ძირითადი ამხსნელი აქვს. რეალური ხელფასის დონის მნიშვნელოვანი ფაქტორი სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შრომის ბაზრის მდგომარეობაა. მუშახელის კვალიფიკაცია მათ პროდუქტიულობაში გამოვლინდება. პროდუქტიულობა ასახავს, თუ რა მოცულობის დოვლათის შექმნა შეუძლია ერთ მუშახელს დროის მოცემული პერიოდში. ამრიგად, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად იზრდება წარმოებული საქონელი და მომსახურება, რასაც მოსდევს ხელფასების ზრდა. მეორე, როდესაც უმუშევრობის დონე დაბალია, ხოლო შრომაზე მოთხოვნის – მაღალი, დამსაქმებლებს უწევთ უფრო მაღალი ხელფასის შეთავაზება, რათა მოიზიდონ კვალიფიციური მუშახელი ან შეინარჩუნონ არსებული. ამრიგად, უმუშევრობის შემცირების დროს იზრდება ხელფასების დონე.
საქართველოში ორივე მიმართულებით დადებითი დინამიკა თვალში საცემია. კერძოდ, ბოლო წლებში შრომის ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება და შრომის პროდუქტიულობა იზრდება.
2022 წლიდან უმუშევრობის დონე 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2024 წელს უმუშევრობა 13.9%-ს შეადგენდა. დასაქმებისა და სამუშაო ძალის დონეებიც 47.1% და 54.8%-მდეა გაზრდილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული დაქირავებით დასაქმებაც აჩქარებულია, რამაც წლიურად, საშუალოდ 5%-იან ზრდას მიაღწია. შედეგად, 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 960.4 ათასი შრომისუნარიანი მუშახელი იყო, რაც 2021 წელის მაჩვენებელს 131 ათასი დასაქმებულით აღემატება. ეს კი შრომის ბაზარზე მუშახელზე მოთხოვნის მატებაზე მიუთითებს. სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა კი დადებითად აისახება ხელფასების დინამიკაზე.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სამუშაო ძალის პროდუქტიულობის მატებაც შესამჩნევია.
ბოლო წლებში შრომის პროდუქტიულობა სტაბილურად იზრდება. 2022 წლიდან მოყოლებული ერთ დასაქმებულზე განაწილებული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, წლიურად, საშუალოდ 5%-ზე მეტად იზრდება. რეალური ხელფასის მაღალი ნიშნულების მქონე სექტორებში პროდუქტიულობის მატება უფრო შესამჩნევია. როგორც ზემოთ ვახსენეთ, პროდუქტიულობის აჩქარება მნიშვნელოვანი ფაქტორია რეალური ხელფასების მატების. ხელფასებსა და პროდუქტიულობას შორის დამოკიდებულება სექტორების მიხედვით ერთ მუშახელზე რეალურ გამოშვებას და ხელფასების დონეს შორის დადებით კავშირში ნათლად ჩანს.
***
პოსტპანდემიურ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის აჩქარებას რეალური ხელფასების უფრო მაღალი მატების ტემპი მოჰყვა. ამ პერიოდში ეკონომიკის გაფართოება პროდუქტიული ზრდის შედეგი იყო, რადგან ერთ მუშახელზე განაწილებული რეალური გამოშვების დონე სტაბილურად გაიზარდა. ამასთან, სამუშაო ძალაზეც მოთხოვნა არსებითად გაფართოვდა. პროდუქტიულობა და მუშახელზე მოთხოვნა ხელფასების დონის არსებითად მნიშვნელოვანი დეტერმინანტებია. შესაბამისად, მათი ზრდა რეალური ხელფასების დონის ზრდის ტემპის აჩქარებაში აისახა.