საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდა 2020 წლიდან

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდა 2020 წლიდან

2021 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 362.5%-ით გაიზარდა. თუმცა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 73.1%-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო დიდია ზრდა საერთაშორისო ტურისტების მაჩვენებელში და ის 401.3%-ს შეადგენს.

PMCG-ის კვლევის თანახმად, პანდემიის გამო, 2020 წლიდან საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 37.3%-ით შემცირდა. თუმცა პანდემიამდე საქართველოს სასტუმრო ინდუსტრია სტაბილურად იზრდებოდა და იქმნებოდა მრავალი ახალი სამუშაო ადგილი.

მეორე მხრივ, პანდემიისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ვიზიტორების პროცენტული წილი საერთო დამსვენებლებში. ტურიზმში საქართველოს რეზიდენტების წილმა საერთო ვიზიტორების 69.4% შეადგინა, რაც საზღვრების ჩაკეტვითაც იყო გამოწვეული.

გარდა ამისა, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სასტუმრო ვიზიტების მიზნობრიობაც. თუკი 2016-დან 2019 წლამდე სასტუმროებს სამედიცინო მიზნით დამსვენებელთა მხოლოდ 1.3% სტუმრობდა, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 16.2%-მდე გაიზარდა. ამ ვიზიტების 90.3% კი სწორედ საქართველოს რეზიდენტებზე მოდის. აღნიშნული მოცემულობის ახსნა პანდემიისას სასტუმროების საკარანტინე ზონებად გამოყენებაში მდგომარეობს.

საინტერესოა ისიც, რომ 2021 წლის სექტემბერში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9%-ით, უმნიშვნელოდ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, თუმცა საოჯახო სასტუმროების ფასები 3.4%-ით შემცირდა.

სტანდარტული, ორადგილიანი ნომრების საშუალო ფასი 2021 წლის სექტემბერში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროებისათვის 143 ლარით განისაზღვრა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისათვის კი 263 ლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *