საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - "პაციენტი" რეანიმაციაში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - "პაციენტი" რეანიმაციაში

თბილისის თითქმის ყველასაავადმყოფოს დირექტორი და შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი ხელს აწერს ღია წერილს, რომლითაც მათ პრემიერ- მინისტრ გახარიას მიმართეს და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520 დადგენილების ამოქმედების მინიმუმ ექვსი თვით გადავადება მოითხოვეს. ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ისეთ ძვირად ღირებულ სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა: რეანიმაცია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია.

განცხადების ავტორები მოლაპარაკებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას ითხოვენ, რომლებიც დღევანდელ რეალობას ასახავს. იმ ფაქტს, რომ 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, განმცხადებლები შემდეგნაირად ასაბუთებენ: 2013 წელს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისას, სხვა იყო ეროვნული ვალუტის კურსი და, შესაბამისად, სხვა იყო ამ ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურებებისათვის საჭირო ძირითადი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის ფასი, ასევე კომუნალური გადასახადები. მაგალითად, სისხლისა და სისხლის კომპონენტების ფასები 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, სულ მცირე 40%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი 128%-ითაც გაიზარდა. ბოლო ექვს წელში 76%-ით გაიზარდა ფასები ანტიბიოტიკებზე.

სამედიცინო სექტორი ასევე მიუთითებს, რომ საავადმყოფოები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მისაღებ თანხებს სახელმწიფოსგან ხუთი- ექვსი თვის დაგვიანებით იღებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ღია წერილზე პასუხში თავად აღიარებს, რომ საავადმყოფოების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 360 მლნ ლარია. მხოლოდ წელს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი ბიუჯეტი 754 მლნ ლარია, პროგრამას კიდევ 74 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

ფაქტია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც აქამდე საზოგადოებაში “ქართული ოცნების” ერთადერთ მიღწევად მიიჩნეოდა, სინამდვილეში რეანიმაციაში მყოფი სულთმობრძავი პაციენტია. ამიტომ უნდა ვიკითხოთ, სადაა გამოსავალი?

მეტი ადმინისტრაციულ-ბიუროკრატული სოციალიზმი?!

გამოსავალი, რომელიც მთავრობამ 520-ე დადგენილებით საავადმყოფოებს შესთავაზა, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დავით სერგეენკოს პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. კრიტიკულ მედიცინას დაფინანსება ჯერ კიდევ 2015 წლის ცვლილებებით შეუმცირდა: იხილეთ ჩემი წერილი “რა ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას”.

2014 წლიდან მოყოლებული უკლებლივ ყველა კვლევა აჩვენებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ორ ძირითად ნაკლს:

1. პროგრამის ფინანსებს შედარებით შეძლებულები უფრო მოიხმარდნენ, ვიდრე გაჭირვებული მოქალაქეები (იხილეთ ჩემი წერილი “ფორბსში” ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ… ), და

2. პრაქტიკულად უშედეგო იყო პროგრამის ფინანსების ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლი.

პირველის გამოსწორებას დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2017 წლის გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებებით შეეცადა, როდესაც პროგრამით მოსარგებლეები ოთხ მიზნობრივ ჯგუფად დაყო. საბოლოოდ, ამ ცვლილებით, მილიონზე მეტი ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუარესდა, რომელიც ისედაც უკვე გაუარესებული იყო.

2017 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვა ჯანდაცვის სექტორს მიუძღვნა და პირდაპირ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე შინამეურნეობების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ, 6%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბანკის მიმოხილვის თანახმად, კატასტროფული დანახარჯების ზრდა ამ პერიოდში მედიკამენტებზე (რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჰოსპიტალური მომსახურების მიღმა არ ფარავს – ზ.ჭ.) დახარჯული თანხების ზრდამ გამოიწვია. 2018 წლისთვისაც, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უკვე თითქმის 2,4 მლრდ ლარი იყო დახარჯული, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა მკურნალობის საერთო ღირებულების 54% იყო.

2017 წლის გაზაფხულის ცვლილებების მიუხედავად, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი ხარჯის შეკავება მაინც ვერ შეძლო. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, “პროგრამაში წარმოიშვა ბიუჯეტის მკვეთრი დეფიციტი, რომელმაც 2019 წელს მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (2014 წელს 50 მილიონიდან ზრდა 2019 წელს 80 მილიონამდე)”.

ხარჯების ზრდა ნაწილობრივ ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული: სხვა ქვეყნებშიც, ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით მაღალი ინფლაცია ჯანდაცვის სექტორში ტექნოლოგიური გადაიარაღების დიდი სისწრაფით აიხსნება. მაგრამ საქართველოში ინფლაცია დამატებით სუბიექტურმა ფაქტორმაც წაახალისა: “ქართული ოცნების” გაუმართლებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, როგორც მინიმუმ, ვერ დაიცვა ლარის სიმყარე გაუარესებულ რეგიონულ გარემოში (როგორც მთავრობა ამტკიცებს), ჩემი აზრით კი, თავად წაახალისა ლარის დასუსტებაც და, დამატებით აქციზის ზრდით, ინფლაციაც.

ამას გარდა, ხარჯების ზრდის კიდევ ერთი სუბიექტური ფაქტორი ისაა, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის მექანიზმებით ასეთი მასშტაბური პროგრამის ხარჯთეფექტიანობის მიღწევა. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ივნისის მიმოხილვაში (პარაგრაფი 2.21 და 2.28) ვკითხულობთ: “ჯიბიდან მაღალი დანახარჯები მოქალაქეებს უბიძგებს, ზედმეტად ისარგებლონ ძვირი, მაგალითად, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებით, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. …საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვა მიდრეკილია ჰოსპიტალური მკურნალობისკენ, ხოლო ამბულატორიული მკურნალობა, კერძოდ კი პირველადი ჯანდაცვა, ნაკლებად გამოიყენება”.

მთავრობა სწორედ ამ მეორე პრობლემას შეეჭიდა, ოღონდ არა თანამედროვე საბაზრო, არამედ ისევ სოციალისტური, ადმინისტრაციული მეთოდებით. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ზემოთ დავწერე, რომ ახლანდელი პოლიტიკა სერგეენკოს პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ 520-ე დადგენილების შედეგად:

• გაიზრდება უმუშევრობა სამედიცინო სფეროში;

• შეუმცირდება (ან, როგორც მინიმუმ, კარგა ხნით გაეყინება) შემოსავალი მათ, ვინც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, მაგრამ გაეზრდება დატვირთვა;

• გაუარესდება პაციენტების მკურნალობის ხარისხი.

ამ ქმედებას მთავრობისთვის პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პოზიტიური აღქმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანწილად პროგრამის მიმართ სამედიცინო სექტორის დადებითმა დამოკიდებულებამაც განსაზღვრა. გარდა იმისა, რომ სექტორში მეტი ფული შევიდა (რაც უდავოდ დადებითი მოვლენა იყო და ამას მივესალმე კიდევაც 2013 წელს), სამედიცინო სექტორი კმაყოფილი იყო იმითაც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ექიმებს “ეს საზიზღარი სადაზღვევოები” მოაშორა.

ახლა, როდესაც ტარიფების შემცირებას, წესით, საავადმყოფოების მიმართ ადმინისტრაციულ-სადამსჯელო მექანიზმების უფრო მკაცრი (ვიდრე ამას სერგეენკო აკეთებდა) გამოყენება უნდა მოჰყვეს, სამედიცინო სექტორის უკმაყოფილების ზრდა მნიშვნელოვნად მისცემს ბიძგს საზოგადოებაში ჯანდაცვის სფეროს მიმართ უკმაყოფილების ზრდასაც. ეს უკმაყოფილება ისედაც არსებობს მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო. (არაჰოსპიტალური გამოყენების) მედიკამენტის ხარჯი კი სწორედ მოქალაქეების ჯიბეს აწვება.

ისევ სადაზღვევოები?!

დიახ, ისევ სადაზღვევოები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ექვსი წლის თავზე სამედიცინო სექტორი მივიდა იმ აზრამდე, რომ ერთი შემსყიდველის სისტემას, როდესაც მთავრობას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია პოლიტიკის საავადმყოფოების საზიანოდ შეცვლა, ისევ სადაზღვევო სისტემაზე დაბრუნება სჯობს. სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა კონტრაქტის საფუძველზე იგება და მთავრობას ერთადერთ რამეს სთხოვ: პაციენტს/ დაზღვეულს, სავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობის სამართლიანი წესების დაცვას (იხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის 177-ე დადგენილება).

დღევანდელ სისტემაში მთავრობა მოთამაშეცაა (ფულს იხდის) და არბიტრიც. იმ სისტემაში, რომელიც მე მესახება გამოსავლად, მთავრობა მხოლოდ არბიტრია, ხოლო ჯანდაცვის ფინანსების (მათ შორის, სახელმწიფო ფინანსების) ხარჯთეფექტიანობას სამედიცინო და სადაზღვევო სექტორების საბაზრო ურთიერთჭიდილი განსაზღვრავს იმ პირობით, რომ პაციენტის უფლებები არ დაირღვეს და მისი მკურნალობის ხარისხი არ დაქვეითდეს.

რეფორმის როგორი გზაც არ უნდა იქნეს არჩეული, მისი მყისიერი ცვლილება, როგორც ახლა ხდება, ჯანდაცვის სექტორისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ამიტომ აუცილებელია, რეფორმა თავად სექტორთან ერთდ დაიგეგმოს და დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლაც დროში გაწერილი გრაფიკით მოხდეს.

მთავრობამ უნდა განსაზღვროს, ვის და რამდენად ეხმარება, ოღონდ გამოყოფილი ფულით ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები უნდა შეიძინოს და საავადმყოფოებთან ანგარიშსწორება სადაზღვევო კომპანიების ფუნქცია უნდა გახდეს. მთავრობის ფუნქცია, როგორც უკვე ვთქვი, ურთიერთობის სამართლიანი წესების უზრუნველყოფაა.

მხოლოდ ასე რეფორმირებულ სახელმწიფო პროგრამას შეუძლია მედიკამენტის მიზნობრივი ჯგუფებისათვის გამოყოფილი ხარჯი დაიმატოს და ეს დანამატი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის “შავ ხვრელად” არ აქციოს. სადაზღვევო მედიცინაზე დაბრუნების გარეშე შეუძლებელია, მთავრობამ რაიმე არსებითი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს, რომლებიც მედიკამენტებზე საკუთარი ჯიბიდან მათ გამაღარიბებელ დანახარჯს იხდიან.

წერილში “საყოველთაო დაზღვევის უტოპია” 2013 წლის სექტემბერში ვწერდი: “როგორც კი კერძო სადაზღვევო კომპანიები საერთოდ გავლენ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრიდან და სახელმწიფო ფონდი მონოპოლიურ ან თითქმის მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, იგი უკარნახებს ფასებს სამედიცინო დაწესებულებებს და შეეცდება, სამედიცინო მომსახურების ფასები დაბლა დააწევინოს, რაც მოკლევადიანად თითქოს კარგი იქნება პაციენტებისათვის, მაგრამ გრძელვადიანად: 1. გააუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს; 2. მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილების შემცირებას და/ ან სახელფასო განაკვეთების, თუ შემცირებას არა, გაყინვას მაინც”.

სამწუხაროდ, ის, რაც დღეს ხდება, 2013 წელსაც ნათელი იყო, თუ პოლიტიკური სიმპათია- ანტიპათიის მიუხედავად, ჯანდაცვის სექტორს მიუკერძოებელი თვალით შევხედავდით. სამედიცინო სექტორმაც, რომელმაც განვლილ ექვს წელიწადში სახელმწიფოსგან 3,5 მლრდ ლარი მიიღო, დიდი ხანია იცის, რომ ხარჯვის დღევანდელ სისტემას ბიუჯეტი, უბრალოდ, ვერ გაუძლებს. და შინაგანად მზადაა მორიგი ცვლილებისათვის, ოღონდ, როგორც საავადმყოფოების ხელმძღვანელები გახარიასადმი წერილში სამართლიანად აღნიშნავენ, ასეთი ცვლილება მათთან და სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო კოორდინაციით და, როგორც უკვე აღვნიშნე, დროში მკაფიოდ გაწერილი გრაფიკით უნდა განხორციელდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *