საქმე, რომელიც ადამიანური ურთიერთობებით კეთდება

საქმე, რომელიც ადამიანური ურთიერთობებით კეთდება

შაბათია. დასვენების დღე. ჭავჭავაძეზე, ე.წ. „პიქსელის” შენობაში შესულს დაცვის თანამშრომელი მეუბნება, მგონი, დღეს იქ არავინ უნდა იყოსო. გუგა ცანავასთან, კომპანია „რაკია ჯორჯიასა” და „რაკიინ დეველოპმენტ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორთან შეხვედრა შაბათს, ანუ დასვენების დღეს იმიტომ დავგეგმეთ, რომ სალაპარაკოდ უფრო ბევრი დრო გვქონოდა. მეოთხე სართულზე ოფისის დერეფნები ცარიელია. გუგა სამუშაო ოთახში, კომპიუტერთან ზის. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დღის წინანდელ ხუთწუთიან შეხვედრას, როცა ინტერვიუს დეტალები შევათანხმეთ. მაშინ გუგა ცანავას პიჯაკი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ამჯერად ჰალსტუხი კარის უკან, საკიდზე ჰკიდია, გუგა, შეიძლება ითქვას, არაოფიციალურ ფორმაშია: ჯინსი და პულოვერი. მის შესახებ თითქმის არ მოიძებნება ინფორმაცია ინტერნეტში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სოციალურ ქსელს: მას აქვს საკუთარი ექაუნთი სოციალურ ქსელ „ფეისბუკსა” და „ლინკდინში”. თუმცა ის ჩემი „ფრენდი” არ არის და მისი პროფაილი ჩემთვის დახურულია. მის სახელსა და გვარს ვპოულობ სტენფორდის ბიზნესსკოლის 2012 წლის კურსდამთავრებულთა სიაში. სტენფორდის ოფიციალური საიტი მისი კურსდამთავრებულების ბიოგრაფიებისა და მიღწევების გასაცნობად მომხმარებლის სახელსა და პაროლს მთხოვს, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ საიტისთვის მე არ გამაჩნია. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ მოვიძიე, 2010 წლით თარიღდება, საიდანაც ვიგებ, რომ გუგა ცანავა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს დირექტორთა საბჭოს წევრად. ძალიანაც კარგი, ვფიქრობ. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპ-მენეჯერის, 37 წლის გუგა ცანავას შესახებ მკითხველი ჩემი წერილიდან, „ფორბსის” გვერდებიდან შეიტყობს.

როგორ იპოვა არაბმა ინვესტორმა ქართველი მენეჯერი

კომპანიები, რომელთა გენერალური დირექტორიც გუგა ცანავაა, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორს რას ალ ხაიმის შეიხს – საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის ეკუთვნის. რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველო საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და ორი ჰოლდინგური ტიპის კომპანია „რაკია ჯორჯია” და „რაკიინ დეველოპმენტ ჯორჯია” შექმნა. ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ ემირატებში „რაკიინი” უდიდესი დეველოპერია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მდგრად, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროექტებს ახორციელებს და ანაშენიანებს მსოფლიო დონის კურორტებსა და საცხოვრებელ არეალებს. რაკიინი არაბულად ცენტრალურ ბოძს, სანდო მხარდაჭერას ნიშნავს. „რაკიინს” მინიჭებული აქვს მიწის დაგეგმარებისა და განაშენიანების უფლება. „რაკია ჯორჯია” და „რაკიინ დეველოპმენტი” საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს სხვადასხვა სექტორში ახორციელებს. „რაკიას” მფლობელობაშია „შერატონ მეტეხი პალასი”, რომელიც 2007 წელს შეიძინა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ის ფლობს 400 ჰექტარი ფართობის მიწასა და უძრავ ქონებას მათი განვითარების მიზნით. „რაკიინ დეველოპმენტის” საკუთრებაა „თბილისი მოლი”. 2007 წლიდან მოყოლებული რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველოს საქართველოში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თუმცა, როგორც გუგა ცანავა მეუბნება, საინვესტიციო სამმართველოს საქართველოში შემოსვლიდან რამდენიმე ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნა. გენერალური დირექტორის თქმით, ინვესტორი პრობლემებს წააწყდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ისე კომპანიის ქართულ მენეჯმენტში. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე კომპანიების ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ინვესტორმა ქვეყნის დატოვება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გადაწყვიტა. „მიუხედავად რამდენიმე ასეულმილიონიანი ინვესტიციისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველომ ერთი დოლარიც ვერ მიიღო დივიდენდების სახით”, – ამბობს გუგა ცანავა.

ხელისუფლების ცვლილება გახდა მიზეზი გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ინვესტორი საქართველოში დარჩა. ახალი გუნდის განცხადებებმა, რომ ის ბიზნესისა და ინვესტორების ხელშეწყობაზე იზრუნებდა, რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველო დაარწმუნა, საქართველოში დარჩენილიყო. ახლა ჯერი კომპანიების მენეჯმენტის ცვლილებაზე მიდგა. ინვესტორმა ახალი გენერალური დირექტორის ძებნა დაიწყო.

სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა ახალგაზრდა მენეჯერის, გუგა ცანავას, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ სტენფორდის ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ მას არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ან ამერიკაში დარჩენილიყო, ან ევროპაში გაეგრძელებინა კარიერა, მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მის გადაწყვეტილებაში მნიშვნელობანი როლი ითამაშა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და სტენფორდში გუგა ცანავას ლექტორის, კონდოლიზა რაისის რჩევამ, რომ ის სამშობლოში დაბრუნებულიყო: „მინდა ვთქვა, რომ ალბათ იმათაც გაუმართლა და მეც, რადგან ეს ყველაფერი დაემთხვა პერიოდს, როცა მე დავბრუნდი საქართველოში. დიდხანს მქონდა კონსულტაციები როგორც ჯგუფელებთან, ისე პროფესორებთან, მათ შორის კონდოლიზა რაისთან და საბოლოოდ სწორედ მან მირჩია, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მითხრა, რომ ჩემს ქვეყანაში გაცილებით მალე და გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდი, ვიდრე ამერიკასა თუ ევროპაში. 2012 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი”.

საქართველოში გუგას თითქმის ყოველდღიური შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა სხვადასხვა ბიზნესმენთან, თუმცა საბოლოოდ გუგა ცანავამ და არაბულმა კომპანიამ ერთმანეთზე შეაჩერეს არჩევანი. ამას ერთი საინტერესო თანხვდენაც ჰქონდაო, ამბობს გუგა: „შეიხის ქალიშვილი სტენფორდში სწავლობს. და როდესაც შეიხმა ჩემს საბუთებში სტენფორდი ამოიკითხა, გადაწყვეტილება თითქმის მაშინვე მიიღო. ის კარგად იცნობს სტენფორდს და იცის, რა ცოდნასა და გამოცდილებას იღებს იქ ადამიანი ბიზნესის კუთხით. რას ალ ხაიმა ერთადერთი საემიროა, რომელიც სტენფორდში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ახალდამთავრებული სტუდენტების დასაქმების საკითხში. ისინი არჩევენ წარმატებულ სტუდენტებს და ასაქმებენ სხვადასხვა ქვეყანასა და კომპანიაში. სტენფორდის ფაქტორმა მასზე ძალიან დადებითად იმოქმედა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჯერ შეიხის წარმომადგენლად დავინიშნე კავკასიაში, შემდეგ მუშაობა არაბეთში, რას ალ ხაიმაში დავიწყე. 2013 წლის მარტში კი შეიხმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოვსულიყავი საქართველოში და ორი კომპანიის გენერალურ დირექტორად მემუშავა”, – ჰყვება გუგა ცანავა.

როგორც ის მეუბნება, „რაკიაში” მუშაობა მისთვის ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან, მისი თქმით, არაბ ინვესტორთან მუშაობა უნიკალური გამოცდილებაა: „რადიკალურად განსხვავებულები არიან ამერიკელებისგან, ევროპელებისგან, ქართველებისგან როგორც მენტალურად, ისე კულტურულად, მართვის მიდგომებით. არ არის ადვილი მათთან ურთიერთობა. ეს ცალკე უნარ-ჩვევაა, რომელიც აქამდე არ გამაჩნდა და ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. ძალიან საინტერესო ხალხია, დიდი სიმდიდრე აქვთ და ვფიქრობდი, რომ ასეთ პირობებში, ერთი მხრივ, შეიხთან პირდაპირი ურთიერთობა და მეორე მხრივ, კომპანიაში შექმნილი ქაოსი, რომელსაც დალაგება სჭირდებოდა, იყო ზუსტად ის მოცემულობა, რაც მაინტერესებდა და რაც ჩემთვის გამოწვევა იყო. რატომ შეიძლებოდა, რომ ეს ჩემთვის საინტერესო ყოფილიყო? იმიტომ რომ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესსკოლას ამთავრებ, იქ ყოფნისა და იქაურ პროფესორებთან ყოველდღიური ურთიერთობის ფონზე გიჩნდება ჯანმრთელი ამბიცია, რომ აკეთო მნიშვნელოვანი რაღაცები. მინდოდა, განსაკუთრებული რამ მეკეთებინა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამერიკაში ჩემი დარჩენით ძალიან რთული იქნებოდა წარმატების მიღწევა, რადგან იქ კონკურენცია ძალიან მაღალია და რეალობაც სხვა არის. ამიტომაც ზუსტი გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოში დავბრუნდი და ამ კომპანიების დალაგებაში ჩავები”, – მეუბნება გუგა და სიამაყით ამატებს: „რაც უფრო რთულია მისია, წარმატების შემთხვევაში მით უფრო მეტია შედეგი და თვითკმაყოფილება. მით უფრო განსაკუთრებულია შეგრძნება, როცა ხვდები, რომ შედეგი არა მარტო კომპანიის კეთილდღეობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება. აქ ხომ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორზეა საუბარი. თუკი ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც დავგეგმეთ, ძალიან მალე არაჩვეულებრივ შედეგებს მივიღებთ”, – ამბობს გუგა.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც არაბ ინვესტორს მისი დასაქმება გადააწყვეტინა, გუგას აზრით, გარდა სტენფორდში მიღებული ბიზნესგანათლებისა, მისი გულწრფელობაა. გუგას მიაჩნია, რომ ბიზნესში გულწრფელობა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღებია: „შეიხს საქართველოსთან ურთიერთობის სამწუხარო გამოცდილება ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ის ჩემმა გულწრფელობამ დაარწმუნა, რომ მე დავენიშნე გენერალურ დირექტორად. მე მას გულწრფელად ვესაუბრებოდი და ვუფასებდი იმ რეალობას, რასაც ვხედავდი. ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა სერიოზული რესტრუქტურიზაცია, მაგრამ არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო, რა მიმართულებებით დასჭირდებოდა კომპანიებს ცვლილებები. თავიდანვე ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდებოდა, რომ არ მქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი მოქნევითაც პრობლემებს მოვაგვარებდი. ვიგრძენი, რომ მან ჩემში ჩემი პირდაპირობა დააფასა.

კომპანიებში კი გუგას ნამდვილი ქაოსი დახვდა – ფინანსური მართვით დაწყებული, ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. როგორც გუგა მეუბნება, ჯერჯერობით სიტუაცია ბოლომდე მოწესრიგებული არ არის, თუმცა მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, მოხერხდა ახალი გუნდის ფორმირება: „ახალ გუნდს რომ ვამბობ, მე ვსაუბრობ არა მარტო ზედა რგოლზე, არამედ ქვედა და შუა რგოლებზეც. რადგან შეუძლებელია, გყავდეს ვარსკვლავები ზედა რგოლში და არ გყავდეს ვარსკვლავები შუა ან ქვედა რგოლებში და ასე შეძლო რთული სიტუაციის მოგვარება. შესაბამისად, პირველი ეტაპი იყო სწორი გუნდის ფორმირება, ფუნქციების სწორად განსაზღვრა, თანამედროვე ბუღალტრული სისტემების დანერგვით დაწყებული, ადამიანური რესურსების მართვის სწორი სისტემებით დამთავრებული – ყველაფერი მოსაწესრიგებელი იყო. კომპანიებში განვითარების სტრატეგიაც კი არ არსებობდა. ახლა უკვე ჩამოვყალიბდით და ვთქვით, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში გვინდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰოლდინგად ვიქცეთ. დღესდღეობით ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან იურიდიულ და საკონსულტაციო ფირმებთან, რათა დრო მოვიგოთ, არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და მალე მოვაგვაროთ პრობლემები. ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰოლდინგი არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში, რადგან ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს: ფინანსური მხარდაჭერა არის, გუნდი არის, ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა საქართველოს მთავრობისგან არა მარტო ჩვენ მიმართ, არამედ ყველას მიმართ; სიტუაცია შეიცვალა, არავინ არაფერს არ გთხოვს, შენ თუ გაქვს უნარი, რომ რაღაც გააკეთო, გააკეთე. მთლიანად შენზე არის დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნები. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდით, იმ ხედვით, რაც მე გამაჩნია, იმ მხარდაჭერით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ამის გაკეთება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, რადგან პრობლემები გვაქვს, თუმცა მისია შესრულებადია”, – ამბობს გუგა ცანავა.

საით მიდის „რაკია ჯორჯია” და „რაკიინ დეველოპმენტ ჯორჯია”

კომპანიების გენერალურ დირექტორს საკმაოდ რთული, თუმცა ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპისათვის კომპანიებს გეზი ორი მიმართულებით აქვთ აღებული: პირველი რესტრუქტურიზაციაა, ხოლო მეორე – ახალი ინვესტიციები. როგორც გუგა მეუბნება, კომპანიას ამ ეტაპზე არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ რესტრუქტურიზაციასა და დალაგებაზე იყოს ორიენტირებული, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მისია ამ ეტაპისათვის ახალი ინვესტიციების მოზიდვაა: „ჩვენთან ფუნქციონირებს ცალკე მიმართულება, დეპარტამენტი, სადაც ახალი საინვესტიციო პროექტების დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის ჩვენ უკვე გვაქვს სამი-ოთხი პროექტი და ამ ეტაპზე მათი ფინანსური შეფასება ხდება.

თავად ახალი ინვესტიციების მიმართულებაც გუგა ცანავას სამი განხრით აქვს გადანაწილებული: 1. არსებული აქტივების გაუმჯობესება/განვითარება. ამ განხრაში, პირველ რიგში, „თბილისი მოლის” დასრულება იგეგმება. გუგა ცანავა განმარტავს: „თბილისი მოლი” გულისხმობს არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრის, კვების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრის, ანუ არა მარტო გასართობი და დასასვენებელი ადგილის შექმნას, არამედ გვინდა, რომ ამავე ტერიტორიაზე გავაკეთოთ ან საოფისე ფართები, ან სამვარსკვლავიანი სასტუმრო. უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით, რაზე შევაჩერებთ არჩევანს.

მიმდინარე ინვესტიცია ასევე მოიცავს „შერატონ მეტეხი პალასის” რეფორმაციას, რათა ის თანამედროვე სტანდარტებს მოვარგოთ. ჩვენ გვინდა, რომ სასტუმრო სრულიად გარდავქმნათ. ასევე ვგეგმავთ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რეფორმასაც”…

ახალი ინვესტიციების მეორე მიმართულება ესაა ახალი პროექტები. რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველო უკვე ჩამოყალიბებულია სექტორის თაობაზე – ეს გახლავთ ენერგეტიკა. ის საქართველოში საშუალო მოცულობის ჰესების მშენებლობას გეგმავს. როგორც გუგა ცანავა ამბობს, ამ დროისათვის ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთავაზებული ხუთი პროექტიდან, რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველო ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს. თუმცა გუგა ცანავა ამ ეტაპისათვის დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს: „საუბარია საშუალო მოცულობის ჰესებზე. ჰესების მშენებლობისას ჩვენ გავითვალისწინებთ ყველაფერს: რა ზეგავლენას მოახდენს ის გარემოზე, როგორი იქნება დასაქმების პოტენციალი. რას ალ ხაიმას სერიოზული გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობისა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პროექტები საქართველოშიც წარმატებით განხორციელდება”.

მესამე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება – თანადაფინანსების ფონდია. თანაინვესტირების ფონდი ოფიციალურად მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დაფუძნდა. ის პოტენციურ ინვესტორებს კომერციულად მიმზიდველ პროექტებში კაპიტალის ერთობლივ დაბანდებას სთავაზობს. ფონდის საწყისი კაპიტალი ექვს მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის შესაძლებელია 10 მილიარდამდე გაიზარდოს. ფონდის საწყისი კაპიტალის 15 პროცენტი, რაც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, იდეის ავტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის. მასთან ერთად ინვესტორებად გამოდიან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, ცნობილი ბიზნესმენები ალექსანდრ მაშკევიჩი და შალვა ბრეუსი, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი, „დაბი ჯგუფი”, „ჩალიკ ჰოლდინგი” და მათ შორის რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველო. კერძო ფონდის ფული მხოლოდ კომერციულად მოგებიან პროექტებში დაიხარჯება. გუგა ცანავას თქმით, ფონდში საუკეთესო პროექტები მოიყრის თავს. როგორც ის მეუბნება, შესაძლოა, არაბმა ინვესტორმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა: „ერთ-ერთი, რაზეც ასევე შევთანხმდით, არის ის, რომ ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე ვიმუშავებთ”.

ის, რაზეც დღეს რას ალ ხაიმის კომპანიები საქართველოში მუშაობენ

რაც შეეხება უკვე არსებულ პროექტებს, ახალგაზრდა მენეჯერი განსაკუთრებით გამოყოფს „თბილისი მოლს”, რადგან ის კვლავაც რჩება ერთ-ერთ ძირითად მოლად საქართველოში: „თბილისი მოლი” დღეს აღქმულია, როგორც „კარფური” და როგორც შოპინგ-ცენტრი. ჩვენ კი ის გვინდა ვაქციოთ ადგილად, სადაც ბავშვით დაწყებული, მშობლით დამთავრებული, ყველა მივა, საათობით დარჩება, გაერთობა და ა.შ. ამისათვის დამატებითი ინვესტიციებია განსახორციელებელი. უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე მზად გვაქვს საინვესტიციო ბიუჯეტი, რომელსაც ძალიან მალე გავგზავნით ემირატებში დასამტკიცებლად”, – ამბობს გუგა ცანავა და კიდევ უფრო მეტს საუბრობს „შერატონ მეტეხი პალასში” დაგეგმილ ცვლილებებზე: „მისი აშენების დღიდან იქ არაფერი გაკეთებულა. შესაბამისად, სასტუმროს ლოკაციისა და ბრენდის რეპუტაციიდან გამომდინარე, საცოდაობაა, რომ ასეთი სასტუმრო არ განვითარდეს. ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. სასტუმროს დეტალური დიზაინის შესაქმნელად უცხოელი არქიტექტორების დაქირავების გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. „შერატონს” ჩაუტარდება სრული რეკონსტრუქცია. გარკვეულწილად შევცვლით ფასადს, ინტერიერი კი მთლიანად შეიცვლება”, – ამბობს გუგა ცანავა.

საინვესტიციო გარემოზე ასახული ხელისუფლების ცვლილება

მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებისა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუარესდა, რომ ქვეყნიდან ინვესტორები გადიან, არ შეიმჩნევა ეკონომიკური ზრდა, გუგა ცანავა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. პირიქით, ის სრულიად საპირისპიროს ამბობს ჟურნალ „ფორბსთან” საუბარში და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოში ინვესტორებისათვის საუკეთესო გარემოა შექმნილი. მისი თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ რას ალ ხაიმის საინვესტიციო სამმართველომ საქართველოში დარჩენა სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. ამ მიმართულებით, გუგა ცანავა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რას ალ ხაიმის შეიხის საუდ ბინ საქრ ალ ქასიმისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერის დასაწყისში შედგა: „შეიხი იმდენად კმაყოფილი იყო, რომ არამცთუ მარტო თავისი ინვესტიციების გაზრდაზე ისაუბრა, არამედ ჯერ ერთი, რომ თანაინვესტირების ფონდს დაუდასტურა მზადყოფნა, რომ ის ინვესტიციებს განახორციელებდა და მეორე, პრემიერს სთხოვა, რომ უფლება მიეცა საქართველოში ჩამოეყვანა თავისი მეგობრებიც, რათა მათაც თავიანთი ყურით მოესმინათ საქართველოს მთავრობის პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინვესტორებს დღეს საქართველოში აბსოლუტური კომფორტი აქვთ, თითოეული დღე და თითოეული მათი გადაწყვეტილება ამის თქმის საფუძველს იძლევა”, – მიაჩნია გუგა ცანავას და ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მას უწევდა შეიხის დარწმუნება, რომ საქართველოში რეალობა შეიცვალა: „ამისათვის ჩვენ თვეები დაგვჭირდა. დიდხანს ვარწმუნებდით მას, რომ მის გაკოტრებას არავინ შეეცდებოდა და არავინ აიძულებდა უაზრო ხელშეკრულებების გაფორმებას. სამწუხაროდ, „რაკიას” ჰქონდა ასეთი გამოცდილება. მას გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები აქვს აღებული, რომლებიც ეკონომიკურად არანაირ მოგებას არ იძლევა. არ მინდა კონკრეტულად დავასახელო სფერო, მაგრამ გვაქვს ათეულობით მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულება ისეთ პროექტში, რომელსაც არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ შეიხი არ ითხოვს ინვესტიციის ვალდებულების გაუქმებას. მან მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ განვახორციელებთ იმავე მასშტაბის ინვესტიციას, ოღონდ შევცვლით სექტორს ან პროექტს და გავაკეთებთ ისეთ პროექტს, რომელიც მოგებიანი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ეს პროექტები”, – ამბობს გუგა ცანავა.

თავისუფლება – წარმატებული ბიზნესის კრიტერიუმი

ბიზნესის წინსვლის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად გუგა ცანავა თავისუფლებას ასახელებს. როგორც ის ამბობს, დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით თავისუფლების ხარისხი მაღალია: „ბიზნესმენმა თავისუფალად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლება მის გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა. შეიხის სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც მან პრემიერ-მინისტრს უთხრა შეხვედრაზე: „მომეცით საშუალება გენდოთ, რომ ის თავისუფლების ხარისხი, რასაც დღეს გვთავაზობთ, იყოს შენარჩუნებული წლების განმავლობაში. ჩვენ, ბიზნესმენებს, სხვა არაფერი გვინდა. ბიზნესმენები ვართ და ვიცით, რა გავაკეთოთ. საიდან მოვიძიოთ რესურსები, როგორც ფულადი, ისე ადამიანური, რა გავაკეთოთ, რაში ჩავდოთ ფული და ა.შ”, – იხსენებს შეიხის სიტყვებს გუგა ცანავა.

გუგა ცანავა – მოკლე რეზიუმე ტოპ-მენეჯერობამდე

ახალგაზრდა მენეჯერს მიაჩნია, რომ შეიხთან ურთიერთობა მას განსაკუთრებულ გამოცდილებას სძენს. თუმცა ბიზნესგამოცდილება და ამ მიმართულებით მიღებული განათლება მას არც არაბ ინვესტორთან ურთიერთობამდე აკლდა. გუგა 1976 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა იურისტობა მისი პროფესია არ აღმოჩნდა. პირველ კურსზე იყო, „საქართველოს ბანკში” რომ დაიწყო მუშაობა. იქ ექვსი წელი გაატარა და რიგითი სტაჟიორის პოზიციიდან საკრედიტო განყოფილების უფროსის პოსტზე გადაინაცვლა. სწორედ იქ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი საქმე ბიზნესი იყო და ამიტომ ახლად დაარსებულ „კავკასიის ბიზნესსკოლაში” მაგისტრატურაზე ჩააბარა. ბიზნესგანათლებას გემო გაუგო და ამჯერად უკვე ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 2003 წელს საქართველოში დაბრუნებული გუგა ცანავა ცნობილ საკონსულტაციო კომპანია „სერმაში” იწყებს მუშაობას. ამას მოჰყვება „სინერჯი ჯგუფი” და, ბოლოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სადაც ის ბიზნესის განვითარების დირექტორად დაინიშნა. თუმცა გუგა ცანავამ რამდენიმე ხანში აღმოაჩინა, რომ მას განათლების „აპდეითი” სჭირდებოდა და 2011 წელს ამერიკაში, სტენფორდის ბიზნესსკოლაში წავიდა სასწავლებად. გამოცდილი ლიდერებისა და მენეჯერებისათვის სპეციალურად შექმნილი სამაგისტრო პროგრამა მისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ის იყო პირველი ქართველი, რომელიც სტენფორდმა მიიღო: „მე ოცნება ავიხდინე, – მეუბნება გუგა და აგრძელებს, – წავედი იქ და რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. საოცარი ხალხი გავიცანი – როგორც ბიზნესმენები ისე პოლიტიკოსები. არაჩვეულებრივი და წარმატებული ჯგუფელები მყავდა. პროფესორებზე აღარაფერს ვიტყვი, დაწყებული კონდოლიზა რაისით, დამთავრებული ერიკ შმიდტით და სხვა ძალიან ცნობილი ადამიანებით.

ტოპ-მენეჯერის წარმატების ფორმულა

„ამას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება”, – მეუბნება გუგა, სიგარეტს უკიდებს, თეთრი ტყავის სავარძელს ეყრდნობა, კვამლს ჰაერში უშვებს და აგრძელებს: „გულწრფელი ვარ. ძალიან გულწრფელი და პირდაპირი. ადამიანებს პირდაპირ ვეუბნები, რას ვფიქრობ მათზე, ამა თუ იმ პრობლემაზე, როგორ ვხედავ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, არასდროს არაფერს ვალამაზებ და მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატების მიზეზიც სწორედ ეს არის. გარდა ამისა, დიდი ენერგია მაქვს და შემიძლია ჩემი ენერგია სხვებსაც გავუნაწილო. მოსმენის უნარი და ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა და შენარჩუნება – ესეც ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია წარმატების მისაღწევად, რადგან გამორიცხულია, რომ ერთმა თავმა იცოდეს ყველაფერი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმე ადამიანური ურთიერთობებით კეთდება. შეიძლება გქონდეს მილიონები, მაგრამ არ გყავდეს გარშემო სწორი ხალხი და ეს მილიონები, უბრალოდ, გაქრეს. მაგრამ იცით რა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მივიღო ის კმაყოფილება, რასაც წარმატებას ვუწოდებ. ცალსახად ვფიქრობ, რომ მაქვს წარმატების უნარი.

– რატომ არასდროს არსად ჩანხართ? თქვენ შესახებ თითქმის ვერ მოვიძიე ვერანაირი ინფორმაცია, ვეკითხები გუგას. ის მპასუხობს:

– გულწრფელად რომ გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია. ცალსახად ვამბობ, რომ პიარი ნებისმიერი ბიზნესისა და ბიზნესმენის განუყრელი ნაწილია. მაგრამ რა ვიცი, დღემდე მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იყო ცოდნის აკუმულირებაზე, გამოცდილების მიღებასა და რეალურად საქმის კეთებაზე და ალბათ ეს მხარე ამიტომაც გადავიდა უკანა პლანზე, – მპასუხობს გუგა და ამატებს:

„ამ გზაზე წარმატებასთან ერთად შეცდომებიც ყოფილა. შეცდომები, რომლებსაც შესაძლოა ვნანობ, მაგრამ ბიზნესმენის ცხოვრება შეცდომებისა და რისკების გარეშე წარმოუდგენელია: „თუ პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც ახალი აკეთო, თუ პრეტენზია გაქვს, რომ ინოვატორული მიდგომა გქონდეს საქმის მიმართ, გარკვეულ რისკებზე უნდა წახვიდე. ნებისმიერ რისკსა და ექსპერიმენტს კი თან ახლავს შეცდომების ალბათობა, მაგრამ ამ შეცდომებზე იმდენი რამ ვისწავლე, რომ დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, ალბათ ეს სასარგებლოც კი იყო”.

შეცდომაზე ნასწავლი გაკვეთილი

და მაინც, რა იყო ის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც გუგას ყველაზე მეტად დაამახსოვრდა და ყველაზე მეტად განიცადა? გუგას კარგად ახსოვს ეს შეცდომა. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ შეცდომაზე დაუფარავად ლაპარაკობს:

„მაშინ „საქართველოს ბანკში” ვმუშაობდი. რაღაც საქმე დამავალეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გასაკეთებელი. მაგრამ გადავწყვიტე, თავი გამომეჩინა და მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. ხელსაც კი ვუშლიდი სხვებს, რომ ინფორმაცია მიეღოთ. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ დავალება ვერ შევასრულეთ, დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ, გარკვეულწილად იზარალა ბანკმაც – პროექტი ვერ განხორციელდა და ამით გარდა ბანკისა, საკუთარ რეპუტაციასაც მივაყენე ზიანი. აღარავის არ უნდოდა ჩემთან საქმის დაჭერა. იმ პერიოდში ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. შევეცადე გამომესწორებინა ეს პრობლემა, დავსხედით, გულწრფელად ვისაუბრეთ ყველაფერზე და ვაღიარე შეცდომა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ კონკურენციის მეშინოდა, არ მინდოდა, ვინმეს ეჯობნა. მაშინ ბანკში 20-25 ახალგაზრდა მუშაობდა, ჩემზე გაცილებით ძლიერები და ჭკვიანები იყვნენ და ვიფიქრე, რომ ამ ხრიკებით ფონს გავიდოდი. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. გაცილებით უფრო მეტი რაღაცის მიღწევა შეიძლება გუნდური მუშაობით, ვიდრე მარტო. და კიდევ ერთი: თუკი ვინმე გჯობნის, ან უნდა დათმო, ან იმდენი უნდა იმუშაო, რომ გაუთანაბრდე მაინც. დღესაც ბევრი მჯობნის. მაგალითად, უამრავი ჩემი კოლეგა, ბიზნესმენები, რომლებიც გაცილებით უფრო მაგრები არიან. გაცილებით მსიამოვნებს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც მჯობნის, რადგან მათთან ურთიერთობის დროს მეც ვიზრდები და ბევრს ვსწავლობ”, – ამბობს გუგა ცანავა, რომლის მაგალითიც მართლაც კარგ გაკვეთილად შეიძლება იქცეს დამწყები მენეჯერებისათვის.

ტოპ-მენეჯერის მრჩეველი დედა და ოჯახი

კიდევ ერთი თვისება, რომელიც, გუგას აზრით, მის წარმატებას განაპირობებს, ეს რჩევების მოსმენის უნარია. განსაკუთრებულ მრჩევლად კი, გარდა რამდენიმე მეგობრისა, მას დედა ჰყავს: „დედაჩემი, ნინო გაბუნია, ჩემთვის წარმატების ეტალონია. ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელიც გაეროს ეგიდით საქართველოდან გავიდა და არის ერთადერთი ქართველი ქალი, რომელსაც დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილებში უმუშავია. ბოლო ექვსი წელი მუშაობდა ავღანეთში, ქაბულში. ის გაეროს ერთ-ერთი სააგენტოს ტოპ-მენეჯერი იყო . რა აღარ გადახდენია თავს მთელი ამ წლების განმავლობაში – ტყვედ აყვანით დაწყებული, თავდასხმებით დამთავრებული. საუბრობს ექვს ენაზე. ახლა ის ბუდაპეშტშია. დააწინაურეს და გაეროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორია. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვკამათობთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ირკვევა ხოლმე, რომ მისი ათი რჩევიდან, რვა გამართლებულია. ჩემი სტენფორდში წასვლის გადაწყვეტილებაშიც ძალიან დიდი როლი ითამაშა.

კიდევ ერთი ქალი, რომელიც გუგა ცანავას ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და რომელიც სხვათა შორის გუგას დედის მსგავსად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, თუმცა საქართველოს ოფისში მუშაობს, მისი მეუღლე, 32 წლის თეა კვირიკაშვილია. მათ ორი შვილი, 12 წლის გიორგი და სამი წლის ალექსანდრე ჰყავთ. „გარკვეულწილად მიეჩვივნენ ჩემ გარეშე ცხოვრებას, – მეუბნება გუგა, – მაგრამ მაინც გვაქვს გამომუშავებული მთელი რიგი მექანიზმები, რომ ერთად ყოფნის დანაკლისი შევივსოთ ხოლმე. როცა სახლში ვბრუნდები, სანდროს სძინავს, ამიტომ სულ ვცდილობ, რომ კვირას ოჯახთან ერთად ვიყო. გიორგი დიდია და სანამ სახლში არ მივალ, არ იძინებს. ოჯახთან ერთად ყოფნა ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ განვიტვირთო და დავისვენო”, – ამბობს გუგა.

თუმცა კიდევ ერთი სიტუაცია, რა დროსაც გუგა რელაქსაციას ახერხებს, მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ გასეირნებაა: „ვცდილობ, ჩემი დღეები ერთმანეთს არ ჰგავდეს და რუტინად არ იქცეს, მაგრამ კვირის დღეები, გინდა თუ არ გინდა, მაინც ემსგავსება ერთმანეთს. დილიდან შეხვედრები, მოლაპარაკებები, მუშაობა თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და ა.შ. მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებ, რომ მეგობრებთან ურთიერთობა შევინარჩუნო. ხშირად ვერ ვხვდებით და ამის გამო საყვედურებსაც ვიღებ, მაგრამ იმას მაინც ვცდილობ, რომ ტელეფონით დავუკავშირდე. ტრადიციად გვაქვს, რომ ყოველ პარასკევ საღამოს მეგობრებმა ერთად ვივახშმოთ.

გუგა ცანავასთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება სტუდენტებთან ურთიერთობაცაა. ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ბიზნესის სტრატეგიას ასწავლის: „მიყვარს სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთვის გამოცდილების გაზიარება. ახალგაზრდებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ისინი ენერგიით მავსებენ და მათ შორის მომავალ თანამშრომლებსაც ვეძებ”, – მეუბნება გუგა.

ახალგაზრდა მენეჯერი სამომავლო გეგმებზე სიფრთხილით საუბრობს, თუმცა ერთი რამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი: მომდევნო ხუთი წელი ის საქართველოში დარჩება. ხუთი წლის შემდეგ კი არ არის გამორიცხული, რომ მან რეგიონის სხვა ქვეყნებში გადაინაცვლოს. როგორც გუგა ამბობს, მას სწორედ განვითარებადი ქვეყნები იზიდავს, რადგან იქ უფრო მეტია შესაძლებლობა წარმატებისა და რაც მთავარია, შედეგის მიღწევისა.

***

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რაკია ჯორჯიასა” და „რაკიინ დეველოპმენტ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის, გუგა ცანავას, შესახებ ბევრი თუ არა, მცირე ინფორმაცია მაინც შეიძლება მოიძიოს დაინტერესებულმა ადამიანმა ინტერნეტში. და არა მხოლოდ ინფორმაცია. მასთან თითქმის ორსაათიანი საუბრის შემდეგ, ძალაუნებურად აღმოაჩენ, რომ, სულ ცოტა, ერთი თვისება მაინც შეიძინე ისეთი, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ წარმატებული მენეჯერის, არამედ უბრალოდ წარმატებული ადამიანისთვის.