საქპატენტმა ჩინეთში ბორჯომთან დაკავშირებული დავა მოიგო

საქპატენტმა ჩინეთში ბორჯომთან დაკავშირებული დავა მოიგო

ქართული მინერალური წყლის ბრენდის გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასაცავად საქპატენტმა „ბორჯომის“ ბრენდი ჩინეთში ოფიციალურად დაარეგისტრირა.

საქპატენტის განცხადებით, 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ჩინეთში ქართული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება.

აღნიშნული ქმედების მიზანი როგორც ჩინეთის რესპუბლიკაში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ქართული დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა და ქართული ბრენდების რეპუტაციის დაცვაა.

საქპატენტის განცხადებით, ქართული მინერალური წყლის ბრენდის დასახელება „ბორჯომი“ ჩინეთის რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით ჩინური კომპანიის სახელზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების გასაპროტესტებლად, საქპატენტმა ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დაცვის განმხილველ ინსტიტუტში შეიტანა და სრულიად სამართლიანად მოითხოვა აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული დავა საქპატენტის სასარგებლოდ გადაწყდა და ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ბორჯომი“ განსაკუთრებული უფლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.

გეოგრაფიული ადგილწარმოშობა გახლავთ გეოგრაფიული ადგილის დასახელება, რომელიც მას ამ ადგილთან დაკავშირებული რეპუტაციისთვის მიენიჭება. ეს უკანასკნელი კი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ბუნებრივ კონდიციებთან, ისე ადამიანურ ფაქტორებთან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *