საქსტატი: იანვარ-მარტში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 75.1%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-მარტში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 75.1%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 1.72 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 23.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1%-ს უტოლდება. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75.1%-ით გაიზარდა და 1.12 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი ასე ჩამოყალიბდა: ჩინეთი (198.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (134.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 200.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია, 169.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.1%), ხოლო მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს 75.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8%).