ძვირადღირებული ბალახი - რატომ სურს ყველას მარიხუანის ბიზნესში შესვლა?

ძვირადღირებული ბალახი - რატომ სურს ყველას მარიხუანის ბიზნესში შესვლა?

ყოველ წელს, 20 აპრილს (4/20),  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხალხის დიდი ჯგუფი იკრიბება მარიხუანის მოსაწევად. კანაბისის მოყვარულთათვის ეს ნამდვილი დღესასწაულია და მისი წარმოშობა კალიფორნიის შტატის მარინ-კაუნტიში სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს უკავშირდება: 1971 წელს ისინი ყოველდღე საღამოს 4:20-ზე იკრიბებოდნენ მოსაწევად და მარიხუანის კოდურ სახელადაც 420 აარჩიეს. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი ამერიკულ როკ-ბენდ Grateful Dead-თან მუშაობდა, რომელმაც ეს ტერმინი ბევრად პოპულარული გახადა. შემდგომში, 1990 წლის დეკემბერში, Grateful Dead-ის ფანთა ჯგუფმა ოკლენდში ფლაერები დაარიგა და ხალხი მოიწვია 20 აპრილს, საღამოს 4:20-ზე „420″-ის მოსაწევად – ასე დამკვიდრდა აღნიშნული თარიღი ურბანულ კულტურაში.

დღეს 4/20-ს მრავალი ადამიანი აღნიშნავს, და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეკრეაციული მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია ან სულაც ლეგალიზებულია. აშშ-ის 24 შტატსა და კოლუმბიის ოლქში რეკრეაციული მარიხუანა ლეგალურია, ხოლო კომერციული გაყიდვა კოლორადოში 2014 წლის 1 იანვარს დაიწყო. კანადამ 2018 წელს მარიხუანა სრულად ლეგალური გახადა. დღეს ამ ორ ქვეყანაში კანაბისის კარგად განვითარებული კომერციული სისტემა მოქმედებს და როგორც Statista-ს Market Insights-ის პროგნოზი აჩვენებს, კანაბისის პროდუქტების ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკაში წელს 38 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს – ეს ბევრად მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონების იდენტური მაჩვენებელი. ამ მონაცემებში კანაბისზე დაფუძნებული ყველა პროდუქტია გათვლილი, მათ შორის CBD და კანაფის სხვა პროდუქტები.

მარიხუანის მოხმარება ლეგალური და დეკრიმინალიზებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. პირველი კონტინენტზე მალტა იყო, სადაც მარიხუანას ლეგალიზების გადაწყვეტილება ძალაში 2021 წელს შევიდა – დღეს აქ ზრდასრულებს 7 გრამამდე მარიხუანას ფლობა და სახლში ოთხამდე ძირის მოყვანაც შეუძლიათ. მსგავსი ან შედარებით მკაცრი წესები მოქმედებს გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ჩეხეთში, სადაც პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას ფლობა და სახლში მისი მოყვანა გარკვეულ ზღვრამდე ლეგალურია. რაც შეეხება საქართველოს, აქ მარიხუანას პირადი მოხმარება და ფლობა ლიმიტის ფარგლებში ლეგალურია, თუმცა მისი გაყიდვა დღემდე არალეგალურია. ესპანეთსა და ნიდერლანდებში პირად მოხმარებას ტოლერანტულად უდგებიან, ხოლო მისი, როგორც პროდუქტის გაყიდვა ლიცენზირებულ მაღაზიებსა და კანაბისის კლუბებში შეიძლება. რაც შეეხება შვეიცარიას, აქ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ რეკრეაციული კანაბისი კანონიერად შეიძინონ შერჩეულ ქალაქებში.

Statista Market Insight-ის თანახმად, 2026 წლისთვის კანაბისის პროდუქტებზე დაფუძნებული ბაზრის ზომა ჩრდილოეთ ამერიკაში – 38.22 მილიარდ აშშ დოლარამდე, ევროპაში – 2.61 მილიარდ აშშ დოლარამდე, ხოლო ავსტრალიასა და ოკეანეთში 2.08 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ კანაბისის ინდუსტრია ჯერ კიდევ განსხვავებული ტემპით ვითარდება სხვადასხვა რეგიონში და რეგულაციებიც ხშირად იცვლება, ერთ ტენდენციას უკვე ნათლად ვხედავთ – ეს არის სწრაფად მზარდი და ჯერ კიდევ ბოლომდე აუთვისებელი ბაზარი. სწორედ ამ კომბინაციის გამო (მაღალი მოთხოვნა, რეგულაციების ეტაპობრივი ლიბერალიზაცია და პროდუქტის მრავალფეროვანი კომერციული გამოყენება), კანაბისის ბიზნესი ბევრისთვის მიმზიდველ შესაძლებლობად იქცა. შედეგად, ის, რაც ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოვან სექტორად მიიჩნეოდა, დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გლობალურ ინდუსტრიად ყალიბდება.