საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2022 წლიდან დიდი ცვლილებების წინაშე დადგება. აზარტული თამაშების რეკლამები, რომლებიც ტელევიზიებისთვის 20-25 მილიონ ლარს აგენერირებდა, ფაქტობრივად სრულად აიკრძალება. ახალი რეგულაციები ძალაში მარტიდან შევა და ყველა მაუწყებელს საკუთარი ბიუჯეტების გადაწყობისკენ უბიძგებს.
2021 წლის მდგომარეობით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა და წლის 9 თვეში ჯამური შემოსავლები 55.9 მილიონი ლარი იყო. ეს 2020 წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 13.6 მილიონით მეტია. ზრდა ეკონომიკის აღდგენასთან ერთად საარჩევნო პერიოდმაც განაპირობა, რადგანაც არხებზე მილიონობით ლარის პოლიტიკური რეკლამები განთავსდა.
თუკი ზრდა წლის ბოლომდეც შენარჩუნდა, მაშინ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომა წელს დაახლოებით 90-95 მილიონი ლარი იქნება. ეს თანხა პანდემიამდელ სარეკლამო შემოსავლებზე მეტი იქნება. თუმცა ზრდა დიდხანს არ შენარჩუნდება და 2022 წლიდან იმ პირობებში, რომ აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამები ეთერიდან გაქრება და არც არჩევნები არ არის დაგეგმილი, ტელევიზიებისთვის სარეკლამო დროის გაყიდვა გართულდება.
სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2012-2021 წლებში (ლარსა და აშშ დოლარში)
ტელეკომპანიებს შორის სარეკლამო შემოსავლით პირველ ადგილზე „იმედია”, რომელმაც 2021 წლის 9 თვეში რეკლამებიდან 18.1 მილიონი ლარი მიიღო. მეორე ადგილს „მთავარი არხი“ იკავებს 7.9 მილიონის შემოსავლით, მესამეზე კი „რუსთავი 2”-ია, რომელიც ახლა შეცვლილი სტრუქტურით საქმიანობს და მისი სახელით ეთერში „მედია ჰოლდინგი” მაუწყებლობს. „რუსთავი 2“ + „მედია ჰოლდინგის“ სარეკლამო შემოსავალი 9 თვეში 7.1 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები 2021 წლის 9 თვის შემოსავლის მიხედვით
სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ყველაზე მთავარი შემოსავლის წყაროა, თუმცა არა ერთადერთი. 2021 წლის 9 თვეში არხების ჯამური შემოსავალი 112 მილიონი იყო, აქედან რეკლამებზე 55.9 მილიონი ლარი, ანუ 49.5% მოდიოდა. დანარჩენი შემოსავალი კი სახელმწიფო მაუწყებლის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსებას წარმოადგენდა, კერძო მაუწყებლების შემთხვევაში კი დამფუძნებლების მიერ განხორციელებული შენატანები იყო. წელს 9 თვეში სახელმწიფო დაფინანსებამ, რაც საზმაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის დაფინანსებაა, 36.8 მილიონი შეადგინა, რაც სახელმწიფო მაუწყებელს ყველაზე შემოსავლიან არხად აქცევს. ტელეკომპანიების დამფუძნებელთა შენატანები და არასარეკლამო შემოსავლები კი წელს 20 მილიონი ლარი იყო. უშუალოდ სარეკლამო კომპონენტის შემცირებით, არხები მათ დამფუძნებლებზე კიდევ უფრო მეტად იქნებიან ფინანსურად დამოკიდებული, რაც შესაძლოა, მათ სარედაქციო პოლიტიკაზეც კიდევ უფრო მეტად აისახოს.
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.