ლგბტქ+ ტურისტების უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, გერმანულმა პორტალმა, Spartacus-მა 2012 წლიდან Gay Travel Index-ის გამოქვეყნება დაიწყო. 2023 წლის გამოცემაში შემოთავაზებულ რეიტინგში მან ერთმანეთს 203 ქვეყანა და იქ არსებული მდგომარეობა შეადარა.
ინდექსის მიხედვით, 2023 წელს ლგბტქ+ მოგზაურებისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ღია ქვეყნად მალტა დასახელდა. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 13 ქულის მიღება შეძლო. მან მსგავსი შედეგის ჩვენებმა ინკლუზიური კანონებისა და უფლებების – მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონების წყალობით შეძლო. გარდა ამისა, მალტამ ქულები დააგროვა ტრანსგენდერების უფლებებისა და მათ მიმღებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.
ინდექსში მოწინავე ადგილებს იკავებენ შვეიცარია და კანადა, რომელთაგან თითოეულს 12-12 ქულა აქვს. შედარებით უარესი მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებზე ხუთით ნაკლებ ქულას აგროვებს და ადგილს სამხრეთ აფრიკის, სლოვენიის, პუერტო-რიკოს, მექსიკის, საბერძნეთის, კოსტა-რიკისა და ბრაზილიის გვერდით იკავებს.
აღსანიშნავია, რომ შტატებმა ერთი ქულა მკვლელობის კატეგორიაში დაკარგა, ისევე როგორც რელიგიური გავლენისთვის. გარდა ამისა, მან 0 ქულა დააგროვა ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის თერაპიის“, ასევე, ინტერსექსუალთა და ტრანსგენდერების უფლებების შესახებ პოზიციისთვის.
საინტერესოა აშშ-ის შიგნით არსებული ვითარება – ლგბტქ+ მოგზაურთათვის ყველაზე ღია შტატებად კალიფორნია, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და კოლორადო დასახელდა.
რაც შეეხება ლგბტქ+ მოგზაურთათვის ყველაზე ცუდი ქვეყნების ჩამონათვალს, აქ პირველობას საუდის არაბეთი, ირანი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა და ავღანეთი ინაწილებენ. თითოეულმა მათგანმა -19 ქულა დააგროვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებში ჰომოსექსუალებს დევნიან ან იქ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ინდექსის თანახმად, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა ლგბტქ+ მოგზაურებისთვის ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო რეგიონებია. როგორც ირკვევა, ამ მხრივ ლათინურ ამერიკაში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე აზიის უმეტეს ნაწილში – გარდა ტაივანისა, რომელმაც შედარებით მაღალი ქულა მიიღო (9).
ყურადღებას იქცევს ინდოეთი, რომელმაც ინდექსში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა – მან მაჩვენებელი 2021 წლის 1 ქულიდან 2023 წელს 4 ქულამდე გააუმჯობესა. ამის პარალელურად, მალაიზიის ქულა -13-მდე დაეცა, ხოლო ინდონეზია ლგბტქ+ მოგზაურთათვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში 117-დან 159-ე ადგილზე დაქვეითდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ინდექსის შესამუშავებლად სპეციალისტებმა 17 კატეგორია შეისწავლეს, დაწყებული ერთსქესიანთა ქორწინების ხელმისაწვდომობიდან ლგბტქ+ ადამიანების სიკვდილით დასჯის კანონით დასრულებული. ანგარიშის ავტორების თქმით, ინდექსით ხელმძღვანელობა ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია, მათ შორის ვინც აპირებს გამგზავრებას ისეთ ქვეყნებში, სადაც ლგბტქ+ ადამიანები საზოგადოების მიღებულ ნაწილს წარმოადგენენ, ასევე მათ, ვისაც დაჩაგრულ ადგილობრივ ქვიარ საზოგადოებასთან დიალოგის დაწყება სურს.
საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები ლგბტქ+ მოგზაურებისთვის
(რუკა შედგენილია Spartacus International Gay Guide-ის მონაცემების მიხედვით და ასახავს 2023 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობას).