ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად Goldman-ის ყოფილი მმართველი დირექტორი დანიშნა

ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად Goldman-ის ყოფილი მმართველი დირექტორი დანიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად Goldman Sachs-ის ყოფილი მმართველი დირექტორი და ამერიკული „პირველი რესპუბლიკის ბანკის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჰაფიზე გაიე ერქანი დანიშნა. ჰაფიზე ერქანი თურქეთის ისტორიაში ცენტრალური ბანკის პირველი ხელმძღვანელი ქალი გახდა.

საინტერესოა, რომ ჰაფიზე ერქანი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე დანიშნული მეხუთე პირია. ანალიტიკოსებისა და სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ჰაფიზე ერქანის ცენტრალური ბანკის მმართველად სახაზინო და ფინანსთა მინისტრ მეჰმეთ შიმშეკთან ერთად დანიშვნა ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებაზე დადებითად უნდა აისახოს. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, თურქეთში არსებული რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, პრეზიდენტის ინიციატივით საპროცენტო განაკვეთი მაინც დაბალი რჩება, რაც ინფლაციას კიდევ უფრო ზრდის.

როგორ შეიცვლება თურქეთის მონეტარული პოლიტიკა აღნიშნული პირების დანიშვნის შემდეგ, ამას ორ კვირაში საპროცენტო განაკვეთის განსახილველი შეხვედრის შემდეგ გავიგებთ.

როგორც ზემოთ ითქვა,დაახლოებით ერთი კვირის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრად ამ თანამდებობაზე წარსულში მყოფი მეჰმეთ შიმშეკი  დააბრუნა, რომელიც  2007-დან 2009 წლამდე თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, 2009-დან 2015 წლამდე კი სახაზინო და ფინანსთა მინისტრი გახლდათ. შიმშეკი  ფინანსურ საზოგადოებაში ქვეყნის საბაზრო ეკონომიკისადმი მეგობრული დამოკიდებულებითაა ცნობილი.

ცნობისათვის, თურქული ლირა საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვებიდან 1 კვირაში კიდევ დაახლოებით 7%-ით გაუფასურდა. მაისში კი წლიურმა ინფლაციამ თითქმის 40% შეადგინა. საერთო ჯამში ქვეყნის ეროვნული ვალუტა 85%-ითაა გაუფასურებული.