სავარაუდოდ, კოვიდი ლაბორატორიიდან გავრცელდა - აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი

სავარაუდოდ, კოვიდი ლაბორატორიიდან გავრცელდა - აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კორონავირუსი, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში გაჟონვის შედეგად გავრცელდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვირუსის გენეზისთან დაკავშირებით „საბოლოო პასუხი არ არსებობს“.

ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დასკვნები გვხვდება ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ავრილ ჰეინსის ოფისის განახლებულ საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც ახლახან გაეგზავნა თეთრ სახლს და კონგრესის ზოგიერთ წევრს, – იტყობინება გამოცემა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც აშშ-ის ბევრ ლაბორატორიას მეთვალყურეობს, ზემოხსენებულ დასკვნამდე დაზვერვის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიდა. თუმცა ინფორმაციას „დაბალი სანდოობით“ აფასებს.

გამოძიების ფედერალური ბიურო, FBI აღნიშნულ დასკვნამდე, მისი შეფასებით „საშუალო სანდოობის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 2021 წელს მივიდა, თუმცა სააგენტომ ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვა ენერგეტიკის დეპარტამენტისგან განსხვავებული მიზეზებით ახსნა, – განუცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას.

ენერგეტიკის დეპარტამენტმა ამერიკულ Forbes-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით აგრძელებს სადაზვერვო საქმეში ჩაბმული პროფესიონალების მხარდაჭერას COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების პროცესში, თუმცა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა, მან მალევე მოიცვა მთელი მსოფლიო და პანდემიაში გადაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო ინფორმაციით, რომელიც 21 თებერვლის ჩათვლით შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს, კორონავირუსმა გლობალურად 6,850,594 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *